]“ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” პარტიის ძირითადი ფასეულობა ადამიანის პიროვნული თავისუფლებაა. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პარტიის ძირითად ფასეულობებსა და პრინციპებს ასახავს. - “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკარტები“ მიიჩნევენ, რომ პიროვნების თავისუფლების და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა შესაძლებელია ერთიანი, ძლიერი, სუვერენული საქართველოს დემოკრატიული მოწყობის პირობებში. - “თითოეული ჩვენგანი მსოფლმხედველობით თავისუფალი დემოკრატია, ჩვენი პარტია კი თავისუფალ დემოკრატთა ერთობას წარმოადგენს“, - ნათქვამია დოკუმენტში. მასში ღნიშნულია, რომ დემოკრატებისთვის მთავარ ფასეულობას ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებები, ხოლო სახელმწიფოს მთავარ ამოცანად პიროვნების ღირსებისა და თავისუფლების დაცვა, მისი კეთილდღეობისათვის საჭირო პირობების შექმნა წარმოადგენს. - “თავისუფალ დემოკრატთა მიზანია ქვეყნის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური ელემენტების – ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების დაცვა. თავისუფალ დემოკრატებს ამ ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებლად გვესახება ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიის და საყოველთაო სამართლიანობის დამყარების გზით“, - ნათქვამია დოკუმენტში. ირაკლი ალასანიას პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მათი მსოფლმხედველობა ეროვნულ ტრადიციებს ეფუძნება. ტრადიციაზე დამყარებული მუდმივი განახლება და ინოვაცია კი ქვეყნის განვითარების ძირითად პრინციპად და მამოძრავებელ ძალად მიაჩნიათ. - “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მმართველობის მისღები ფორმა საპრეზიდენტო რესპუბლიკაა - ძლიერი პარლამენტით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებით. - “შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპის მიხედვით ხელისუფლების დაბალანსებული გადანაწილება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა შორის სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა. ჩვენი მიზანია ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნა, სადაც ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობას. ეს ის ძირეული პრინციპებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს გაუჩენს და გაუმყარებს საკუთარი სახელმწიფოს, როგორც სამართლიანობის გარანტის მიმართ ნდობას და პატივისცემას და განაპირობებს მათ შეგნებულ მზაობას კანონმორჩილებისათვის“, - ნათქვამია დოკუმენტში. პარტია “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა; კონკურენტუნარიანი, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება და მდგრადი ეკონომიკური ზრდა; უკიდურესი სიღარიბის დაძლევა; ახალი სამუშაო ადგილებისა და გარანტირებული სოციალური დაცვის სისტემის შექმნა. - “ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია კერძო საკუთრების ინსტიტუტების გაძლიერება და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა. პირადი ინიციატივის და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა ძლიერი საშუალო ფენის წარმოქმნას განაპირობებს“, - ნათქვამია დოკუმენტში. აქვე საუბარია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ ამ საკითხში მათ მთავარ პირორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაცია წარმოადგენს. ამავე დროს, მიაჩნიათ, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად აუცილებელია საერთო ინტერესების გათვალისწინებით რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება. - “საქართველოს წინაშე მდგარი რეგიონული და გლობალური საფრთხეების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და განმტკიცებაზე. საქართველოს უნდა ჰყავდეს საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი, სწრაფი რეაგირების მობილური პროფესიული არმია, უნდა ჰქონდეს ბრძოლისუნარიანი და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო დაცვის სისტემები“, - ნათქვამია დოკუმენტში. “თავისუფალ დემოკრატებს“ სურთ - თავისუფლება და ხალხის მმართველობა თავად ხალხისათვის. - “ჩვენ ჭეშმარიტი დემოკრატია გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის ყოველი მოქალაქის უფლებები თანაბრად და განუხრელად იქნეს დაცული; გვჭირდება იმისთვის, რომ თავისუფალმა ხალხმა დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ქვეყანა და დაუბრკოლებლად განავითაროს ეკონომიკა, იცხოვროს ძლიერ, ერთიან და სამართლიან სახელმწიფოში”, - ნათქვამია დოკუმენტში. პ.ს. გაამართლებს უზერებო?!