საერთო ეროვნულ გამოცდებს მეოთხე სავალდებულო გამოცდა დაემატება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ხალხთან დიალოგის პერიოდში გამოიკვეთა ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის გამოცდების ჩაბარებ, ასევე, უნარ-ჩვევების შესწავლის თემა სკოლაში და ეს საკითხები ჰქონდა დავალებული განათლების სამინისტროს. მინისტრის ინფორმაციით, მეოთხე სავალდებულო გამოცდას აბიტურიენტი აირჩევს შვიდი შეთავაზებული საგნიდან - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა, გეოგრაფია და ისტორია. რაც შეეხება უნარ-ჩვევებს, დაგეგმილია სკოლაში, მე-12 კლასში კონკრეტული კურსის შეტანა, რომელსაც განახორციელებს მათემატიკის მასწავლებელი. ეს ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს, შეიქმნან წარმოდგენა, თუ რა ტიპის გამოცდაა უნარ-ჩვევები და მათთვის იგი პირდაპირ ეროვნულ გამოცდებზე სიურპრიზი არ იყოს. გარდა ამისა, განათლების მინისტრის განცხადებით, მე-12 კლასის სასწავლო პროგრამაში აისახება წაკითხულის გააზრების მიმართულების გაძლიერება. რაც შეეხება არაქართულენოვან მოსახლეობას, გვარამიას განმარტებით, ძალიან დაბალია სტატისტიკა აზერბაიჯანული და სომხურენოვანი აბიტურიენტების ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის, ასევე უფრო დაბალია ჩაბარების სტატისტიკაც. მისი განცხადებით, გადაწყდა, რომ აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ მხოლოდ უნარებში, რაც მოხდება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მისივე თქმით, ისინი საერთო კონკურსში არ მიიღებენ მონაწილეობას და მათთვის ცალკე დაფინანსება იქნება გამოყოფილი. თუმცა, როგორც გვარამიამ განმარტა, სავალდებულო იქნება პირველ წელს მათ სასწავლო პროგრამაში გაძლიერებულად ისწავლებოდეს ქართული ენა, რის შემდეგაც ისინი უმაღლეს განათლებას ქართულ ენაზე მიიღებენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1