ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტმა წინასაახალწლოდ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული არაერთი პირიც შეიწყალა. როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ციხიდან მათი გაშვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. მისივე თქმით, შეწყალებულებმა უკვე მიიღეს მითითება, რომ არჩევნებამდე ქვეყანა დატოვონ, საარჩევნოდ დაბრუნდნენ საქართველოში და შემდეგ ისევ გავიდნენ ქვეყნიდან. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო პროცესში პატიმრების გამოყენება ხელისუფლების ერთ-ერთი მეთოდია, რაც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე უკვე გამოსცადეს. "თუ ჩემი ინფორმაცია სწორი არ არის, მაშინ ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გამოაქვეყნოს ყველა იმ შეწყალებული პატიმრის სია და მათ დანაშაულის სახეობა და სასჯელიც დაურთოს",- აღნიშნა ცაგარეიშვილმა. პრეზიდენტმა საახალწლოდ 165 პატიმარი შეიწყალა, მათგან კი, როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, მხოლოდ 20-მდე საქმემ გაიარა შეწყალების კომისია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1