"ინტერპრესნიუსის" ათწლიანი ფოტოარქივი ეროვნულ არქივში შეინახება. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსსა” და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, საინფორმაციო სააგენტომ ეროვნულ არქივს ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ამსახველი ფოტომასალის ელექტრონული ვერსია გადასცა. ეროვნული არქივის დირექტორის თეონა იაშვილის განცხადებით, არქივი თავის მხრივ აღრიცხავს, შეინახავს, დაიცავს ფოტომასალას და გამოიყენებს მას ~ინტერპრესნიუსის~ წერილობითი თანხმობითა და სააგენტოს საავტორო უფლებების დაცვით. ~ეროვნული არქივის ინიციატივაზე ამ გამოხმაურებით, ~ინტერპრესნიუსმა~ მისი კორესპონდენტების ნამუშევარი უფრო ხელმისაწვდომი გახადა. მოხარულები ვართ, რომ თანამშრომლობა შედგა, რადგან ამ სააგენტოს ქვეყნის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფოტო მასალა აქვს~, - განაცხადა იაშვილმა. თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიასთან ერთად, მოეწყო ~ინტერპრესნიუსის~ ფოტოკორესპონდენტების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 70-მდე ფოტო ასახავს ქვეყნის უახლესი ისტორიის სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდებს. გამოფენისთვის საგანგებოდ შეირჩა ისეთი ფოტომასალა, სადაც საზოგადოების ცნობილი სახეები, ქართველი პოლიტიკოსები თუ ქვეყნის სტუმრები განსხვავებული, საინტერესო და უჩვეულო რაკურსით არიან ასახულნი. “ინტერპრესნიუსის” მთავარი რედაქტორის, ბაია ცანავას განცხადებით, სააგენტო არსებობის 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თუ კულტურული მოვლენის მომსწრეა. “სააგენტოს ჟურნალისტებსა და ფოტოკორესპონდენტებს წლების განმავლობაში, მუდმივად ქვენისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენების ეპიცენტრში უწევთ ყოფნა. “ინტერპრესნიუსს” უმნიშვნელოვანესი ფოტომასალა დაუგროვდა. სააგენტოს ფოტოარქივი, ფაქტობრივად, საქართველოს უახლესი ისტორიის მატიანეს წარმოადგენს. ჩვენი გამოფენა 15 იანვარს, ბედობის დღეს დავამთხვიეთ, ამიტომ ექსპოზიციისთვის შევარჩიეთ ისეთი ფოტოები, რომლებიც გამოფენაზე მოსულ საზოგადოებას ღიმილიან განწყობას შეუქმნის და მთელი წლის განმავლობაში სასიამოვნო მოგონებად გაჰყვება. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გვერდი ვერ ავუარეთ ქვეყნის უახლესი წარსულის ტკივილიან ეპიზოდებს და რამდენიმე ფოტო ამ სერიიდანაც შევარჩიეთ~, - განაცხადა ბაია ცანავამ. გამოფენაზე წარმოდგენილია დამატებით სამასზე მეტი ფოტო, რომელთა ჩვენება სლაიდშოუს ფორმატში საგამოფენო დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე ხდება. “სააგენტოს უნიკალური ფოტოარქივი საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა. ფოტოები დახარისხდება, საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება და ჩვენი ქვეყნის ფოტომატიანეს ნაწილი გახდება. ფოტოებზე საავტორო უფლება მხოლოდ სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ექნება”, - განაცხადა ბაია ცანავამ. პროექტის მხარდამჭერია კომპანია “ჯეოსელი”. პროექტის პარტნიორები - ღვინის კომპანიები “შუმი” და “ბაგრატიონი”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1