საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები შორენა შავერდაშვილი, ლია ჩახუნაშვილი და ნინო დანელია საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. საბჭოს წევრები “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარის, სოზარ სუბარის გუშინდელ პრესკონფერენციას ეხმაურებიან. განცხადებაში საუბარია, რომ აუდიტორიის დროული ინფორმირება საზოგადოებრივი მაუწყებლის უპირველესი ვალდებულებაა, თუმცა ”კანონი მაუწყებლობის” შესახებ (მუხლი 30) მკაფიოდ განმარტავს მეურვეების ფუნქციას. “ჩვენ საშუალება გვაქვს, განვსაზღვროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები. ჩვენ ვერ გადავამეტებთ ჩვენს უფლებამოსილებას და ვერ მივიღებთ ახალი ამბების დაგეგმვაში მონაწილეობას. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ახალი ამბების მონიტორინგი და რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ შეასრულებს საკუთარ მოვალეობას, აუდიტორიის დროულ ინფორმირებას. ვაცნობიერებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ამიტომ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ ახალი ამბების მონიტორინგის პროცესში”, - ნათქვამია განცხადებაში. ბორდის სამი წევრი მზადყოფნას გამოთქვამს, მაუწყებლის მეურვეთა საბჭოსა და გენერალური დირექტორის, გია ჭანტურიას წინაშე დასვან ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაარღვევს კანონს ”მაუწყებლობის შესახებ”, მაუწყებლის ქცევის კოდექსს და მოითხოვონ რეაგირება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1