“ლეიბორისტული პარტია” ბანკის მოვალეთა მიმართ სადამსჯელო სანქციების შეჩერებას და ამ სანქციების დამკანონებელი ნორმატიული აქტების გაუქმებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” საერთაშორისო მდივანმა, ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ინიციატივით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ე.წ. მოვალეთა რეესტრი შექმნა, დაკანონდა ბანკის ვალის მქონე პირების აუქციონის წესით უსწრაფეს ვადაში გაყიდვა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში შეძენილი ქონების დაყადაღება. კირთაძის თქმით, ყოველივე ამან გამოიწვია ის, რომ ნახევარმილიონამდე ადამიანს უსახლკარობა და ულუკმაპურობა დაემუქრა. როგორც ნესტან კირთაძემ აღნიშნა, „ლეიბორისტული პარტია“ მიიჩნევს, რომ ყველა მევალეს აღებული სესხების გადახდა რესტრუქტურიზაციის წესით უნდა გადაუვადდეს, რის შედეგადაც დაცული იქნება როგორც ბანკის, ასევე მევალეების ინტერესები. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1