საზოგადოებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს დაწყებული ბრძოლა დიდი კოშმარის დასრულებამდე, ნორმალური ცხოვრების დასაწყისამდე, -ასეთი განცხადება გააკეთა ჭადრაკის სასხლეში მიმდინარე შეკრებაზე “საზოგადოებრივი დარბაზის” ხელმძღვანელმა, პოეტმა დავით მაღრაძემ. მისივე აზრით, ირაკლი ალასანიამ გადადგა ნამდვილი ლიდერის ნაბიჯი, როდესაც განაცხადა თანხმობა ღია კონსულტაციებზე ერთიანი კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით. “ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს და გარანტირებულს გახდის ჩვენს გამარჯვებას. ეს არის ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებასთან ერთად გამოკვეთს ერთიან კანდიდატს და სიმბოლო იქნება მისი რეალურად ოპოზიციური გაერთიანების”, - აღნიშნა მაღრაძემ. მაღრაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის გამოკვეთას ალტერნატივა არ აქვს. “საზოგადოებრივი დარბაზის” ხელმძღვანელმა პრაიმერის მექანიზმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ნუ შექმნიან შთაბეჭდილებას, “პროვინციაში უცხო სიტყვას რომ გაიგებენ და აიტაცებენ ხოლმე”. “უნდა შეჯერდნენ ისეთ მექანიზმზე, სადაც ნაკლებად იქნება შესაძლებელი ხელისუფლების ჩარევა”,-დასძინა მაღრაძემ. მანვე წამოაყენა ინციატივა, რომ შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რათა თბილისში კიდევ ერთი დიდი შეკრება გაიმართოს. “ამ შეკრებაზე მთელმა სამყარომ უნდა გაიგოს თბილისის მოსახლეობის განწყობა და სულისკვეთება”,-აღნიშნა დავით მაღრაძემ. ჭადრაკის სასახლეში “საზოგადოებრივი დარბაზის” ინიციატივით ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრება მიმდინარეობს. დღევანდელ შეკრებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მექანიზმზე უნდა იმსჯელონ. შეხვედრას უამრავი ადამიანი ესწრება, მათ შორის არიან კულტურის მოღვაწეები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ჭადრაკის სასახლეში იმყოფებიან “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა დაიცავი საქართველოს”, “კონსერვატორების”, “ხალხის პარტიის”, “მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს” ლიდერები.