თბილისიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვრის ფოცხოეწერის დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებს არანაირი საცხოვრებელი პირობები არ აქვთ. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~ახალი მემარჯვენეების" წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, წალენჯიხის საკრებულოს წევრმა დავით ბელქანიამ განუცხადა, ფოცხოეწერში იმ კორპუსებს, სადაც დევნილები ჩაასახლეს, დაპირების მიუხედავად არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაუმართავია წყალგაყვანილობის სისტემა, სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და არ არის შექმნილი ცხოვრების ელემენტარული პირობები. ამასთან დავით ბელქანიამ განაცხადა, რომ დევნილებს არ აქვთ დასაქმების პერსპექტივა, რადგან თვითონ რაიონის მოსახლეობაც დაუსაქმებელია და მათგან განსხვავებით, დევნილებს მიწის ნაკვეთებიც არ აქვთ გამოყოფილი. დევნილები პროტესტს გამოთქვამენ და დევნილთა და განსახლების სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებენ. ~ახალი მემარჯვენეები" შესაბამის სამინისტროს მოუწოდებენ დევნილებს ახალი განსახლების ადგილებში ცხოვრების ნორმალური პირობები შეუქმნან.