18:05 25-11-2010 "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა , რასაც სახალხო კრების მონაწილე რადიკალური ნაწილი აპროტესტებს. ისინი რადიკალური ზომების მიღებას და "ხელისუფლების დღესვე დასრულებას" ითხოვენ. თუმცა, ვიდრე ბურჯანაძე შეკრების ადგილს დატოვებდა, კრების მონაწილეებს განუმარტა, რომ დღევანდელი ღონისძიება გეგმის მიხედვით ჩატარდა და ამ გეგმის შესაბამისადვე დასრულდა კიდეც. მისი განცხადებით, ხალხმა იცოდა, რომ კრებაზე მოდიოდნენ. აქციის მონაწილეთა რადიკალური ნაწილისთვის ახსნა-განმარტებების მიცემა სახალხო კრების საორგანიზაციო ჯგუფის სხვა წევრებსაც უწევთ. გია ბურჯანაძის განცხადებით, დღეს შეკრებილი მოქალაქეების რაოდენობა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ რადიკალური ზომები მიეღოთ. მისი თქმით, 100 000-მდე ადამიანი მაინც უნდა მისულიყო, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიეღოთ. თუმცა, პარლამენტთან დარჩენილი 1500-მდე ადამიანი მათი განმარტებებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ დღეს საკმაო რაოდენობა იყო შეკრებილი იმისათვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიეღოთ. დასავლეთ საქართველოდან ჩამოყვანილი ხალხი ორგანიზატორებს საყვედურობს, რომ თუ დღეს რადიკალური ზომების მიღებას არ აპირებდნენ, მაშინ ჯერ თბილისის მოსახლეობა გაეყვანათ კრებაზე და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მომხდარიყო დასავლეთ საქართველოდან მათი ჩამოყვანა.