გუბერნატორის მოთხოვნით სულ 4 ადამიანია დაკავებული კვირა, 28 ნოემბერი 2010 10:49 შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველომ, გუშინ, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები თელავის რაიონულ სასამართლოში წარადგინა. საპატრულო პოლიციას და შს გურჯაანის სამმართველოს სულ 4 ადამიანი ჰყავს დაკავებული. დაკავებულები არიან ხვიჩა მუნჯიშვილი, გიორგი წვერიკმაზაშვილი, ზურაბ კაკიაშვილი და კახა მამარდაშვილი. პოლიცია დაკავებულებს წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, გუშინ, საღამოს 100-მდე ადამიანი ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ ელექტროენერგიის უკანონოდ შეწყვეტას აპროტესტებდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა, უყურადღებობის შემდეგ კი თელავი - თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. გზის გადაკეტვის შემდეგ აქციის მონაწილეებთან კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა. ვაზისუბნის მაცხოვრებლებმა ის მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც გიორგი ღვინიაშვილმა იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს მათი დაკავების შესახებ მითითება მისცა. კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ მითითების მიცემას კატეგორიულად უარყოფს. „პოლიციამ თავისი საქმე იცის და კანონის ფარგლებში მოქმედებნ“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.