Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, შოვში დამონტაჟებული დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო და ამჟამად სპეციალისტები სტიქიის ზონაში ახალ ხიდს ამონტაჟებენ: „ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. მოვახერხეთ კალაპოტიდან მისვლა მძიმე ტექნიკითაც კოტეჯების სასადილოსთანაც. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ადგილას, სადაც მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო მდინარემ წაიღო და ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. მანამდე ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება განმეორებით გამოყენებას. შესაბამისად, ახალი ხიდი იქნა გადმოტანილი უკვე გუშინ,“ — აცხადებს ირაკლი ქარსელაძე. 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 21 გარდაცვლილის შესახებ, 12 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. ნეტგაზეთი
  2. რუსული მედიის ცნობით, დღეს ღამე, მოსკოვის და ბელგოროდის ოლქის გარდა, აფეთქების ხმა ვლადივოსტოკშიც გაისმა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზაა განლაგებული. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქებები კორვეტ „გრომკის“ წვრთნასთან იყო დაკავშირებული. თუმცა მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო-საზღვაო ბაზას მოსკოვისკენ მიმავალმა დრონმა შეუტია. „აფეთქებების ხმა სამხედრო-საზღვაო ბაზის ტერიტორიიდან ისმოდა. ადგილზე არა მარტო საგანგებო სამსახურები, არამედ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების თანამშრომლებიც მივიდნენ, რომლებმაც ხალხს ამ ფაქტის გაუხმაურებლობისკენ მოუწოდებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
  3. შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ადგილზე, 10-მდე ლოკაციაზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. იპნ
  4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, დამოუკიდებელი, რუსულენოვანი გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ეფესბეს“ „იანდექსის“ ბაზაზე სრული წვდომა ექნება.
  5. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. „ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნული მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პალიტრანიუსი
  6. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი); გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; ასევე სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: 75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები; ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები; ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები; გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები; ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები ; გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე; ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები; ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები). „როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს: შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის). დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება. მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს. თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს. ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. თავი აარიდეთ სიცხეს; გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე. დარჩით/გაჩერდით ჩრდილში - არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში! შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად - მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე. იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  7. შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, სტიქიის ზონაში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. 1tv
  8. 3 აგ­ვის­ტოს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტომ, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტმა გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო, სრუ­ლი­ად ინ­ტერ­ნე­ტი მო­ი­ა­რა. კადრში ასა­ხუ­ლია შუა ხნის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მე­წყრის ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­შია ჩარ­თუ­ლი. ფო­ტო­ზე სო­ფელ გლო­ლას მკვიდ­რი ელ­გუ­ჯა გუ­ტაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ბი­ძაშ­ვი­ლის, გელა გუ­ტაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს ეძებ­და. რო­გორც ამ­ბობს, როცა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, თბი­ლის­ში იყო. მას შემ­დეგ, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში ეს ამ­ბა­ვი გა­ი­გო, რა­ჭა­ში ტაქ­სით წა­მო­ვი­და, რათა ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს შვი­ლე­ბის ძებ­ნა­ში დახ­მა­რე­ბო­და. "ტყე-ტყე ვი­ა­რე... ტყის თავს ვე­ძა­ხით, სა­თი­ბია... მივ­ყვე­ბო­დი და ერთი ადა­მი­ა­ნის ნაკ­ვა­ლე­ვი ვი­პო­ვე, არ ვიცი, ვისი იყო… კი­ნა­ღამ ტყის თა­ვამ­დე ავე­დი… იქ რა­ღაც მე­წყე­რი­ვით იყო, და­მი­ცურ­და ფეხი და ჩავ­ვარ­დი დაბ­ლა, არ ვიცი, თუ აქვთ კად­რი გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­გორც იქნა, ამოვ­ფო­ფხდი და გად­მო­ვე­დი და ფე­ხით ჩა­მო­ვე­დი. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია გელა გუ­ტაშ­ვი­ლი და იმის ბავ­შვებს ვე­ძებ­დი. ვერ ვი­პო­ვე, ჩავ­ვარ­დი ხრამ­ში და ძლივს ამო­ვე­დი" - იხ­სე­ნებს ელ­გუ­ჯა გუ­ტაშ­ვი­ლი "ფორ­მუ­ლას­თან" სა­უბ­რი­სას. ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­წყერს 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. მაშ­ვე­ლე­ბი 20-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ. ამ დრო­ის­თვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 11 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი. ესე­ნი არი­ან - გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი, ნინო კენ­ჭა­ძე, ქსე­ნია ტრი­ჩე­ვა, და­ვით ბე­რი­აშ­ვი­ლი, 7 წლის ლუკა დუ­დაშ­ვი­ლი, და-ძმა მეგი და გიგი გუ­ტაშ­ვი­ლე­ბი, გი­ორ­გი ყა­რა­ლაშ­ვი­ლი, ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა­ია, მარი მა­ი­სუ­რა­ძე, შო­რე­ნა ბი­ჭაშ­ვი­ლი... რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით და­ი­წყო: ეს არის 116-ე მუხ­ლი - სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით და 240-ე მუხ­ლი - სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა. ambebi.ge
  9. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის უსაფრთხოება გახდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა. “იქ, სადაც ნატოა - იქ ომი არ არის. და ყველა ქვეყანა ნატოში შედიოდა იმიტომ, რომ ეშინოდათ, რომ საბჭოთა კავშირი ფეხებით, ხელებით და პუტინის ცდუნებით უკან დაბრუნდებოდა. ნატო უკრაინისთვის - ეს შეტევითი მისია არ არის, არასდროს არსად არ შეგვიტევია. ყველგან, სადაც ვუტევთ, ეს ჩვენი ტერიტორიაა, მას აღვადგენთ, არ ვუტევთ, ამას რუსეთში პრიგოჟინი აჩვენებს და არკვევს. ეს მათი შიდა პოლიტიკაა, ხოლო უკრაინა საბრძოლო ქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოებს, მას აღვადგენთ. რუსეთის ფედერაცია მადლობელი უნდა იყოს, თუ უკრაინა ნატო-ში იქნება. სწორედ ასე! ვინაიდან, ეს უსაფრთხოებაა რუსეთისთვის, რომ უკრაინა მომავალში არასდროს მივა მათ ტერიტორიაზე”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს ძალიან გაუხარდებოდათ უკრაინელი მებრძოლები მათ ტერიტორიაზე რომ ყოფილიყვნენ განლაგებული. “ვინაიდან, ყველას ესმის, რომ რომ ძლიერი არმია და ბევრი სამხედრო გვყავს”, - განაცხადა ზელენსკიმ. ipn
  10. რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებული იყო, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ოპერაცია, რომელიც შეთანხმებული იყო პუტინთან იმ გენერლების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ არც ისე კარგად იყვნენ განწყობილები. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი გენერალია გადაყენებული, ზოგიერთი მათგანი კი გისოსებს მიღმაა. ეს იყო ასეთი სპეცოპერაცია“, - განმარტა დანილოვმა. მისი თქმით, რუსეთში უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდება და ეს შეიძლება მოხდეს ამ შემოდგომაზე ან ზამთარში. „იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ხვდება, სად მიიყვანა ისინი პუტინმა, ყოველდღე იზრდება“, - აღნიშნა დანილოვმა. ipn
  11. უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 86-ჯერ გაუხსნეს. "რუსული ტერაქტების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია", - აღნიშნულია ანგარიშში. ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან. უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 10 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებს. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი მართვის 2 პუნქტს, საცეცხლე პოზიციებზე განლაგებულ 5 საარტილერიო იარაღს, საბრძოლო მასალასა და რადიოელექტრონული ბრძოლის ორ სადგურს დაარტყეს. ipn
  12. აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია თურქეთის პრეზიდეტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადების ამონარიდს აქვეყნებს, სადაც ის აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შედეგზე საუბრობს. “30 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, აზერბაიჯანთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად დაბრუნდა ყარაბაღი, აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, როგორც მას მედია ციტირებს, ის მომავალშიც გააღრმავებს აზერბაიჯანთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. ყარაბაღის 2020 წლის ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში ერდოღანი ალიევთან ერთად ომის შედეგად ყარაბაღში დაკავებულ ქალაქ შუშაში ჩავიდა, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს თურქეთ-აზერბაიჯანის ვრცელ ხელშეკრულებას. ერდოღანის განცხადებით, შუშაში გაიხსნება თურქეთის საკონსულო, ასევე, ანკარა ყველანაირად დაეხმარება “ბაქოს ყარაბაღის რეკონსტრუქციის პროცესში”. ოფიციალურ დონეზე აზერბაიჯანში თურქეთს “მოძმე ქვეყნად” მოიხსენიებენ და მუდმივად ყველა დონეზე აცხადებენ, რომ თურქები და აზერბაიჯანელები “ერთი ერი, ორი სახელმწიფოა”. უფროსი ძმის როლი, თურქეთისაა, რომელიც აზერბაიჯანს მფარველობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის – ყარაბაღის საკითხში. ამასთან, აზერბაიჯანსა და თურქეთს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აერთიანებს. თუნდაც, იმავე ყარაბაღის აღდგენასა და მოწყობაში ,2020 წლის ომის შემდეგ, უშუალოდ თურქული კომპანიები არიან ჩართული. ასევე, მიიჩნევა, რომ მსგავსი მჭიდრო და ერთგული მეგობრობა ორ ქვეყანსა შორის, პირველ რიგში, ორი ლიდერის, ილჰამ ალიევისა და რეჯეპ ერდოღანის მეგობრობაზეა დაფუძნებული. 2020 წლის ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვებას, სომხეთში, სწორედ აზერბაიჯანის სასარგებლოდ თურქეთის უშუალო სამხედრო მონაწილეობას უკავშირებენ. netgazeti
  13. შოვში სტიქიას ემსხვერპლა არის რაჭის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ოჯახის წევრი, მამუკა ცერცვაძე ადასტურებს ადასტურებს. გენადი სულთანიშვილი სოფელ გლოლის მკვიდრი იყო, ანსამბლის გარდა, ის შოვში კოტეჯებთან არსებული სასადილოს შემზარეული იყო. ოჯახი ამბობდა, რომ 3 აგვისტოს, ის სწორედ კოტეჯებთან იმყოფებოდა – სტიქიის ეპიცენტრში. გარეკანი ფოტო: მთის ამბები ამ დრომდე არსებული ოფიციალური ცნობებით, შოვში სტიქიას ემსხვერპლა 19 ადამიანი. ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ მოქალაქეებს. netgazeti
  14. მოქალაქე, რომელიც შოვში დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა და პოლიციამ დღეს იპოვა, შოვში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო სიაში სახელი და გვარი არასწორად იყო შეყვანილი, განმარტა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. დღეს, 8 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ თბილისში მიაკვლია მოქალაქეს, რომელიც შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგულთა სიაში იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, „იყო კითხვები“, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ეს პირი შოვში, მეწყერის ჩამოწოლისას. ინფრასტრუქტურის მინისტრის ცნობით [მის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „მთავარი არხი“ ავრცელებენ], თბილისში ნაპოვნი პირის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შემდეგია: „ონის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინება, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ვერ ხდებოდა კავშირი და ეს შოვთან იყო დაკავშირებული“; „აღნიშნული პიროვნება ავტომატურად შევიდა დაკარგულთა სიაში“; ვერ მოხერხდა დაკავშირება პირთან, ვინც ცხელ ხაზზე დააფიქსირა შეტყობინება, ასევე „არანაირი სხვა კომუნიკაცია არც ოჯახის წევრებისგან, არც არავისგან არ ყოფილა“; „დაიწყო ოპრეატიულ-სამძებრო ღონისძიებები, იმისათვის, რომ დადასტურებული ყოფილიყო, რომ ეს პიროვნება ნამდვილად დაკარგულია, თუ არ არის“; შეტყობინების ავტორთან დაკავშირების შემდეგ დადგინდა, რომ „არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი ამ [როგორც მიიჩნეოდა, დაკარგული – რედ.] პიროვნების“; „მოხდა უშუალოდ ამ [როგორც მიიჩნეოდა, დაკარგულ – რედ.] პიროვნებასთან დაკავშირება – მან განაცხადა, რომ არ ყოფილა შოვის ტერიტორიაზე“, რის შემდეგაც იგი ამოიღეს დაკარგულთა სიიდან. თავდაპირველი ცნობების თანახმად, რომლებიც საზოგადოებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა გააცნო, ბილისში იპოვეს მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა. თუმცა, მღებრიშვილი მაშინაც ამბობდა, რომ „კითხვები არსებობს“ იმასთან დაკავშირებით, მართლაც იმყოფებოდა თუ არა ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში. 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 19 გარდაცვლილის შესახებ, კვლავ მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოებიც. ნეტგაზეთი
  15. რაჭაში, კურორტ შოვში განვითარებულ სტიქიას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მან სამძიმარი „ტვიტერზე" გამოაქვეყნა. „შეერთებული შტატები სამძიმარს აცხადებს მათთვის, რომლებიც საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალდნენ. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და პატივისცემას ვადასტურებთ იმ პირველი მაშველების საოცარ თავდადების მიმართ, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ, რომ გადაარჩინონ სიცოცხლე და დახმარება აღმოუჩინონ დაშავებულებს", - წერს ბლინკენი. შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. ბოლო ცნობებით, სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, ნაპოვნია 19-ის ცხედარი. ოფიციალური მონაცემებით, ეძებენ 15-ს, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რამდენი ადამიანი იყო იქ, შეუძლებელია. რადიო თავისუფლება
  16. კონტრშეტევა რთულია, მაგრამ ინიციატივა უკრაინის მხარესაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა. “კონტრშეტევა რთულია. მიმდინარეობს, ალბათ, უფრო ნელა, ვიდრე ვინმეს სურს… ძალიან რთულია ასე დიდ ხანს ომი. ძალიან რთულია, როდესაც ამა თუ იმ იარაღის დეფიციტი გაქვს. ყველაფერი ეს ძალიან რთულია, ვინაიდან, ეს ომია. უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენთვის რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რუსებისთვის უფრო რთულია. ჩვენს თვალებში დაღლილობაა, მათ თვალებში შიშია”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კონტრშეტევა არის “როდესაც არმია უტევს და არა უკან იხევს,” რაც, მისი თქმით, “მნიშვნელოვანი პოზიტივია.” “ჩვენგან განსხვავებით რუსეთს რეალურად შეუძლია ამ ომის სწრაფად დამთავრება, ზედმეტი დანაკარგების გარეშე. ეს არის ჩვენი ტერიტორიიდან გასვლა. ვინაიდან, უკრაინა არ აპირებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ომის გაგრძელებას. ეს არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას ვახდენთ და ამაშია სხვაობა. მათ აქვთ დასაბრუნებელი ადგილი, ჩვენ არა”, - განაცხადა ზელენსკიმ. ipn
  17. მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური აცხადებს, რომ უფლებამოსილება გუშინ ამოეწურა, თუმცა სამინისტროდან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი ვადის შესაძლო გაგრძელების შესახებ. როგორც ლომოური „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რამდენიმე დღის წინ მას კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია: „არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა ისევე, როგორც ბოლო 2 წლის განმავლობაში სამინისტროსთან თითქმის არ ყოფილა ურთიერთობა ჩვენსა და სამინისტროს შორის“ — აცხადებს ნატა ლომოური. მისი თქმით, „მწერალთა სახლის“ დირექტორის თანამდებობაზე 2019 წლის 4 ნოემბერს დაინიშნა, შესაბამისად, აღნიშნული ზარი მისთვის მოულოდნელი იყო. ლომოური განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც 2019 წელს კულტურის სამინისტრომ „მწერალთა სახლი“ და „წიგნის ეროვნული ცენტრი“ გააუქმა, რასაც მწერლებისა და გამომცემლების პროტესტი მოჰყვა, სამინისტრომ ლიტერატურული ფონდი შექმნა, რომლის დირექტორადაც საზოგადოების პროტესტის შედეგად 7 აგვისტოს კვლავ ნატა ლომოური დაინიშნა: „ეს ბრძანება თარიღდება 7 აგვისტოთი. ამის შემდეგ სამინისტრომ ახალი ბრძანება გამოსცა, როდესაც „მწერალთა სახლი“ ხელახლა შექმნა. ახალი ბრძანება იყო პირველი ბრძანების ცვლილება. მე ამის თაობაზეც მივწერე სამინისტროს. კეთილი ნების შემთხვევაში შეიძლებოდა 4 ნოემბრამდე ჩემი უფლებამოსილების გაგრძელება, თუმცა, როგორც ჩანს, სამინისტროს ერთი სული ჰქონდა [გავეთავისუფლებინე]“ — აცხადებს ნატა ლომოური „ნეტგაზეთთან“ საუბრისას. 3 აგვისტოს ნატა ლომოურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 დღეში ეწურებოდა მწერალთა სახლის დირექტორობის ვადა: „მაქვს შეგრძნება, რომ მიწევს დავტოვო მშობლიური სახლი, სადაც, ჩემს გუნდთან ერთად, 12 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე დიდი სიყვარულით და ერთგულებით. ზოგადად ვთვლი, რომ სახელმწიფო სექტორი უნდა უფრთხილდებოდეს ისეთ ადამიანებს, ვისაც ასეთი განსაკუთრებული ერთგულება აქვთ თავისი საქმის მიმართ, რადგან ეს სიყვარული ყოველთვის ითარგმნება დიდ ძალისხმევაში და პროფესიონალიზმში,” — წერდა ლომოური. მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში დაიწყო რეორგანიზაცია, შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ. კულტურის მინისტრმა არაერთხელ გააკრიტიკა მწერალთა სახლი. მან განაცხადა, რომ დღეს მწერალთა სახლში არ უშვებენ მწერლებს, რომლებიც „მწერალთა კავშირის“ წევრები არიან და ამ შენობიდან წინა ხელისუფლების დროს სპეცრაზმმა გამოყარა. „ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით, შეეცადა კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებას, თუმცა უწყების პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. ნეტგაზეთი
  18. "საქაერონავიგაცია" შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საქაერონავიგაცია" კატეგორიულად უარყოფს ტელეკომპანია "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "საქაერონავიგაციის" კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებელი ტენდერის გამოცხადების დაჩქარება შოვის ტრაგედიამ განაპირობა. როგორც მათ მიერ განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია პირველის სიუჟეტში მიზანმიმართულად მოხდა "საქაერონავიგაციის" საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციის საგანგებო სიტუაციების სამაშველო სამსახურთან არევა. “საქაერონავიგაცია შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის მშენებლობის დაწყებას 3 წლის წინ გეგმავდა, თუმცა პროექტის განხორციელება პანდემიის გამო შეფერხდა. ამასთან განვმარტავთ, რომ პანდემიის გამო შემცირებულმა ფრენებმა ნეგატიური გავლენა იქონია "საქაერონავიგაციის" ბიუჯეტზე, რამაც აღნიშნული და დაგეგმილი სხვა პროექტების განხორციელება შეაფერხა. პანდემიის შემდეგ აღდგენილი ფრენებიდან მიღებული შემოსავალი კომპანიამ უპირველესად მიმართა იმ პროექტების განსახორციელებლად, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ფრენების უსაფრთხოებას საქართველოს საჰაერო სივრცეში. ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაოები, მათ შორის: ბაზრის კვლევა 26 ივნისს დასრულდა, კომპანიამ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან მშენებლობის ნებართვა 26 ივლისს მიიღო, ნებართვა 2 აგვისტოს დარეგისტრირდა კომპანიაში და 4 აგვისტოს სატენდერო წინადადება აიტვირთა შესყიდვების სააგენტოს საიტზე”, - აღნიშნულია განცხადედებაში. "საქაერონავიგაცია" განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შენობა, რომელსაც "საქაერონავიგაცია" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის მიმდებარედ აშენებს, არანაირ კავშირში არ არის სამაშველო ვერტმფრენებთან, მის მომსახურებასთან და ოპერირებასთან. “საქაერონავიგაცია" არის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერი ორგანიზაცია და მას სამაშველო ფუნქცია არ გააჩნია. აქვე გვსურს, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატოთ შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა გამო და მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
  19. ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში სტიქიის დროს დაკარგულად ითვლებოდა კონტაქტზე გამოვიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა. ამგვარად, დაკარგულთა რიცხვი 14-მდე შემცირდა. primetime.ge
  20. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას. მათ მეწყრული მასის ზედაპირზე რამდენჯერმე ააწყვეს ქვეითი ხიდები, საჭირო გახდა ხიდების სხვადასხვა ლოკაციებზე გადატანაც. სამძებრო პროცესში სამხედროებმა მეტალო-დეტექტორებიც გამოიყენეს, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას. „ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი. სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მხარდამჭერ ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
  21. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ გამოაქვეყნა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლიმ სანქციები დააწესა რუსეთის ფარგლებს გარეთ 22 პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში. სანქციები ასევე შეეხო სამ რუსული კომპანიას, რომლებიც ელექტრონიკის იმპორტს ახდენდნენ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსული სამხედრო აღჭურვილობისთვის. სანქციების ქვეშ ასევე მოექცა ორი თურქული კომპანია და დუბაიში მოქმედი კომპანია, რომელიც უპილოტოების მასალებს რუსეთს აწვდიდა. ამას გარდა, დიდმა ბრიტანეთმა გაახანგრძლივა სანქციები ირანისა და ბელარუსიის წინააღმდეგ. სანქციების სიაში შედიან ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობენ „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისთვის“ უპილოტო საფრენი აპარატების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში, ისევე როგორც ბელარუსის თავდაცვის ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან ბელარუსის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნოლოგიების წარმოებასთან, რაც პირდაპირ უწყობს ხელს რუსეთის უკანონო ქმედებებს. ამასთან, ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია მთლიანად ორიენტირებულია ომზე. „დასავლურ კომპონენტებზე წვდომის გარეშე, რუსი სამხედროები ცდილობენ, აწარმოონ საკმარისი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა და ახლა უიმედოდ ეძებენ უცხოურ იარაღს. რუსეთი უკვე იძულებულია, მოახდინოს საბჭოთა პერიოდის ტანკების მობილიზება. დღევანდელი პაკეტი მიზნად ისახავს, რომ არ მისცეს რუსეთს შესაძლებლობა, გვერდი აუაროს და დააკომპენსიროს დიდი ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების სანქციების აშკარა შედეგები“, – აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციაში. სანქციების ამ პაკეტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს იმ ქვეყნებთან საბრძოლველად, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს პუტინს იარაღითა და სამხედრო კომპონენტების მიწოდებით, მათ შორის არიან ირანი და ბელარუსი. ავტორი - თამარ მუშკუდიანი
  22. 2008 წლის ზაფხულში პუტინს ისევე სურდა ომი, როგორც 2022 წლის თებერვალში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. ფოტიგას თქმით, დღეს ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ რუსეთი მზადაა, ნებისმიერი ტყული თქვას, როგორც საბაბი თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად. „ჩვენ ყველაზე აბსურდული სიტყვები მოვისმინეთ, რომლებიც სტალინისტურ დანაშაულებს ათეთრებენ და რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტსაც ამართლებენ. 2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე როგორც 1939 და 1940 წლებში, რუსეთმა გადაწყვიტა მის მშვიდობიან მეზობლებთან შეჭრილიყო, ვინაიდან, გრძნობდა, რომ ამის უფლება ჰქონდა. მან დასავლეთისა და მისი ინსტიტუტების სისუსტე იგრძნო და თავის ტყუილებზე პასუხად სიჩუმე გაიგონა. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ცნობილი სიტყვები, რომ ჯერ საქართველო, მერე უკრაინა, მერე, ალბათ, ბალტიის ქვეყნები და მერე, ალბათ, პოლონეთის დროც იქნება, ბევრის მიერ იყო ციტირებული არა როგორც გაფრთხილება, არამედ როგორც ჩვენი რუსოფობიის მაგალითი. იყო მცდელობები, რომ ისინი, ვინც რუსეთს ყველაზე კარგად იცნობს, გაჩუმებულიყვნენ. ჩვენ არ გავჩუმდით”, - წერს ფოტიგა.
  23. უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ მტერი ძლიერ წინააღმდეგობას უწევს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „ბახმუტის მიმართულება რჩება მიმართულებად, სადაც ჩვენი თავდაცვის ძალები ინიციატივას ინარჩუნებენ. მტერი სასტიკ წინააღმდეგობას უწევს, ყველა ტიპის არტილერიის გამოყენებით - ნაღმმტყორცნებიდან დაწყებული სარაკეტო სისტემებით დამთავრებული", - აღნიშნა ჩერევატიმ. მისი თქმით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 508-ჯერ დაარტყა უკრაინის პოზიციებს და 6 საჰაერო იერიში განახორციელა. ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგის ძალებს შორის 16 შეტაკება მოხდა, რა დროსაც 65 ოკუპანტი განადგურდა, 120 დაიჭრა და 3 ტყვედ აიყვანეს, ასევე განადგურდა მტრის ტანკი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, ქვემეხი, საბრძოლო მასალის საწყობი და 5 სატვირთო მანქანა. ჩერევატის ინფორმაციით, უკრაინელებმა მტრის საკომუნიკაციო ცენტრიც გაანადგურეს.
  24. 15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიული ამბიციები. 15 წლის წინ რომ მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომელიც მას არ ეკუთვნის, - ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი „ტვიტერზე" წერს. მისი თქმით, რუსეთის დამარცხება და ევროპაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ მტკიცე და კოორდინირებული მოქმედებით არის შესაძლებელი. „დღეს უკრაინა თავისი მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც მის განადგურებას ყოველთვის ცდილობდა. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით - მტკიცე და კოორდინირებული ქმედებებით - შეგვიძლია დავამარცხოთ აგრესორი და დავამყაროთ მშვიდობა ევროპაში", - აცხადებს რუსლან სტეფანჩუკი. ინტერპრესნიუსი
  25. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან 15 წლის შემდეგ. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლებების ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც მათ და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობისთვის დაბრკოლებების შექმნა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მიუღებელ ხელყოფას. საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები და კვლავ უცხადებს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ პლატფორმას, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერთიანებული ერები. მხოლოდ ის მისცემს შესაძლებლობას მხარეებს, იმუშაონ საერთო გადაწყვეტის სასარგებლოდ. საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობას, ისევე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) საქართველოში“,- აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
×
×
  • შექმენი...