Jump to content
Planeta.Ge

JIHAD

პლანეტელი
  • პოსტები

    143
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი JIHAD

  1. პარლამენტში ბიუროს სხდომა იმართება პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ბიუროს ბოლო სხდომა იმართება. დეპუტატები მიმდინარე კვირის დღის წესრიგზე იმსჯლებენ. დღესვე დეპუტატები იმ საკითხებზეც იმსჯელებენ, რომელთა განხილვა რიგგარეშე სესიების ფორმატით უნდა მოხდეს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება, თუმცა პარლამენტი რიგგარეშე სესიების გამართვასაც გეგმავს. დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე ოპოზიციის განცხადებებზე ისაუბრეს, ასევე შეეხნენ 20 ივნისს ღამით პარლამენტის შენობის მიმართულებით აალებადი მასალის სროლისა და შედეგად გაჩენილი ხანძრის ფაქტსაც.
  2. ჰანს იორგ ჰაბერი ოსი სეპარატისტების გადაწყვეტილებას ეხმაურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეწუხებულია იმის გამო, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ 23 ივნისს ჟენევის ფორმატში დაგეგმილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სპეციალური განცხადება სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა გააკეთა. "იმედგაცრუებული ვარ, რომ მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა ე.წ. ოსეთის დელეგაციის მოთხოვნები მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა, მათ გადაწყვიტეს 23 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიეღოთ. სამწუხაროდ, შეხვედრის გადადება მოგვიწევს. რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია, რომ ყველა მხარემ მიიღოს მონაწილეობა ინციდენტების პრევენციაში, იმ მექანიზმების საშუალებით, რომლებიც თებერვალში ჟენევაში იქნა შეთანხმებული", - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის ფორმატის შეხვედრები მალე განახლდება.
  3. სერგეი ლავროვი ევროპულ ტურნეს იწყებს ევროატლანიკური უსაფრთხოების საკითხები გახდება სერგეი ლავროვის ევროპული ტურნეს მთავარი თემა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ერთი კვირის განმავლობაში 4 ქვეყანაში ჩავა. 23 ივნისს ლავროვი მონაწილეობას მიიღებს ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციში, სადაც, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ ისაუბრებს ევროატლანტიკური უსაფრთხოების კუთხით რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინიციატივებზე. ლავროვის გამგზავრებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი ევროატლანიკურ სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებით უკმაყოფილოა. "იმედია, ეუთოს კონფერენციის ფარგლებში, მედვედევის ინიციატივის განხილვა განახლდება. ევროატლანტიკური უსაფრთხოების კუთხით ვითარება არასახარბიელოა და ამას ადასტურებს შეიარაღების შეთანხმების კრიზისი და რეგიონალური კონფლიქტების ძალისმიერი მოგვარების მცდელობაც 2008 წლის აგვისტოში", - განაცხადა ნესტერენკომ.
  4. სროლები წალენჯიხის რაიონში დღეს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში. გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ცეცხლი გაუხსნეს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ "კავკასიონს". აფეთქებულია ერთი ანძა. აფეთქების შედეგად, "კავკასიონის" 22-ე ანძა დაზიანდა. "კავკასიონის" მეშვეობით საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს თურქეთში ახორციელებს. აფეთქება იმ ადგილას მოხდა, სადაც გუშინ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სამედიცინო დახმარების მანქანა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად დაიღუპა ავტომანქანის მძღოლი ავთანდილ ახალაძე და დაიჭრა ექიმი გელა პატიაშვილი. დღეს დილით სოფელ მუჟავასთან ცეცხლი გაუხსნეს ქართული პოლიციის საგუშაგოსაც. საპასუხო ცეცხლი გახსნეს ქართველმა პოლიციელებმაც, სროლა 20 წუთს გრძელდებოდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ მუჟავას მოსახლეობას რუსმა ოკუპანტებმა სახლების დატოვება მოსთხოვეს. ოკუპანტები ამბობდნენ, რომ სიმაღლეები სანგრებისთვის სჭრიდებათ. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ის გზაც ააფეთქეს, რომლითაც მოსახლეობა დაბა ჯვარიდან, სოფელ მუჟავას გავლით, გალის მიმართულებით გადაადგილდებოდა. წალენჯიხაში მომხდარ აფეთქებასა და სროლებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრიო განცხადებას ავრცელებს. "22 ივნისს 04:00 საათზე, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. მსხვერპლი არ არის. ასევე, დღეს 04:30 საათზე წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე აფეთქებული იქნა "კავკასიონის" 500 კვტ-იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
  5. საქართველომ სომხეთს რუსული გაზის მიწოდება აღუდგინა საქართველომ სომხეთს რუსული გაზის მიწოდება აღუდგინა. ბუნებრივი აირის ტრანზიტი "ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის" მაგისტრალზე 16 ივნისს, სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შეჩერდა. გარდაბნის რაიონში გაზსადენი მილის შეცვლა და აღდგენა 5 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები ქართულმა კომპანიამ "ჩრდილოეთი-სამხრეთის გაზსადენის" რეაბილიტაციის მეორე ფაზის ჩარჩოში ჩაატარა. გაზსადენის სარემონტო სამუშაოები დამატებით 9 უბანზე იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
  6. "მოლოტოვის კოქტეილი" პარლამენტის შენობასთან პარლამენტის შენობისთვის ცეცხლის გაჩენის მცდელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოძიება მოწმეებს კითხავს. მომხდარ ინციდენტს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეფასებები უკვე მოჰყვა. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი გამოძიების დასრულებას ელოდებიან. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, პარლამენტის შენობისთვის ხანძრის გამომწვევი ბოთლის სროლა უკვე აღარ არის რიგითი ინციდენტი. ბაქრაძემ მსგავსი ფაქტების დაგმობისკენ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა. შემთხვევა 20 ივნისს ღამით მოხდა. პარლამენტის კარს უცნობმა პირებმა აალებადი სითხით სავსე ბოთლები ესროლეს, რის შედეგადაც საშვთა ბიუროს მხარეს მდებარე კარი დაზიანდა, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.
  7. საკონსტიტუციო კომისია ამ კვირაში შეიკრიბება საკონსტიტუციო კომისია პორველად მიმდინარე კვირაში შეიკრიბება. საკუთარი წარმომადგენლები კომისიაში სახელმწიფო უწყებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე წარადგინეს. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, საკონსტიტუციო კომისია ამერიკის საელჩოს ძველ შენობაში განთავსდება, საჭირო ინვენტარს კი კომისიას სახელმწიფო გადასცემს. არასაპარლამენტო ოპოზიციას საკუთარი კანდიდატები ჯერ არ წარუდგენია, მიუხედავად ამისა, მათ კანდიდატების წარდგენის უფლებას მაინც აძლევენ.
  8. ჰანს იორგ ჰაბერი წალენჯიხაში აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი წალენჯიხაში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა. ოფიციალურ მიმართვაში ჰანს იორგ ჰაბერმა მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ აფეთქებას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰაბერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მსგავსი ტიპის თავდასხმა შეუიარაღებელ მონიტორებზე და მათ თანმხლებ პირებზე კატეგორიულად მიღებელია. მისი თქმით, სადამკვირვებლო მისია აქტიურად დაინტერესდება ინციდენტის გამოძიებით და ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდეს. გუშინ 10:30 საათზე, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, ევროკავშირის დამკვირვებელთა პატრულირებისას ნაღმზე აფეთქდა მათი თანმხლები სამედიცინო დახმარების ავტომანქანა, რის შედეგადაც მძიმედ დაიჭრა მძღოლი ავთანდილ ახალაძე, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
  9. საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება. დეპუტატები ევროსაბჭოს ფრაქციებისა და კომიტეტების სხდომებში მიიღებენ მონაწილეობას. სტრასბურგში განსახილველი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის არჩევნების საკითხია. ქართველი დეპუტატები ევროპელ კოლეგებს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ შექმნილ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გააცნობენ.
  10. ვაშაძე კლინტონს ხვდება გრიგოლ ვაშაძე ვაშინგტონში დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიზიტი საქართველოს მიმართ ამერიკის მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ოფიციალური ვიზიტის დროს განიხილება საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის სამოქმედო გეგმად ჩამოყალიბება და მისი გაღრმავების გზები. ამერიკის სახელმწიფო მდივანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქარტიის ფარგლებში ახალი ინიციატივების გახორციელების შესაძლებლობებს განიხილავენ.
  11. ნიდერლანდების სამეფოში დიმიტრი მედვედევის ორდღიანი ვიზიტი დაიწყო ნიდერლანდების სამეფოში დიმიტრი მედვედევის ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. ჰოლანდიაში ჩასვლისას რუსეთის პრეზიდენტს ჰააგაში, საკუთარ რეზიდენციაში დედოფალი მიიღებს. ვიზიტის ცენტრალური ნაწილი ამსტელში ერმიტაჟის ფილიალის გახსნაა. ვიზიტის საქმიან ნაწილში მედვედევისა და ჰოლანდიის პრემიერის შეხვედრაა დაგეგმილი. რუსეთის პრეზიდენტი ასევე ჰოლანდიის ბიზნესელიტის წარმომადგენლებს შეხვდება.
  12. ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა თელავისა და ყვარლის რაიონები დააზარალა ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა წუხელ თელავისა და ყვარლის რაიონები დააზარალა. ქარმა თელავი-ყვარლის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე რამდენიმე ხე მოგლიჯა. ასევე დაზიანებულია ნათესები, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს კი სახურავი აქვს ახდილი. დაზიანდა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის შენობაც. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
  13. სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი თავისი მიმართვა გააცნო სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი თავისი მიმართვა გააცნო. მიმართვაში სუბარი მამისონის უღელტეხილიდან რამდენიმე კილომეტრში დაზიანებულ ხიდზე საუბრობს. მისი განმარტებით, მოსახლეობას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ინციდენტის შესახებ და ეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში დაუშვებელია. ომბუდსმენი ერთობლივი ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც სიტუაციას ადგილზე შეისწავლის და მოსახლეობას ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის. როგორც სუბარი ამბობს, ამ ჯგუფში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოების წევრებიც უნდა შევიდნენ. "ამ ჯგუფის შექმნა აუცილებელია არა მხოლოდ ამ საკითხის გასარკვევად, ეს იქნება დიალოგის სულისკვეთების გამოხატულება და პასუხისმგებლობის გადანაწილების რეალური გამოვლენა", - აცხადებს სოზარ სუბარი.
  14. გია მაისაშვილი საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საკუთარი პროგრამის გაცნობას განაგრძობს გია მაისაშვილი საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის საკუთარი პროგრამის გაცნობას განაგრძობს. "ჩიხიდან ეროვნულ თანხმობამდე" - ასე ეწოდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მიწერილ ღია წერილს, რომელიც დღეს "მომავლის პარტიის" ლიდერმა ექსპერტებს გააცნო. მაისაშვილი შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ეროვნული თანხმობით მიღწეული დროებითი მთავრობის შექმნაში ხედავს.
  15. "ქრისტიან-დემოკრატები" დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" 15 მაისს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. მოთხოვნა გიორგი ახვლედიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დააყენა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს. გიორგი ახვლედიანს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. დავით ბაქრაძე საპარლამენტო ოპოზიციას პოლიციის სამმართველოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარებას ურჩევს.
  16. პროკურატურის ინიციატივით ახალგაზრდა პრობაციონერი დასაქმდა საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, ახალგაზრდა პრობაციონერი დასაქმდა. 21 წლის ჯემალ ხარებავა დღეიდან თბილისის დასუფთავების სამსახურში იმუშავებს და საკუთარი შემოსავალი ექნება. ხარებავა ელექტროსადენის მოპარვისთვის გაასამართლეს და 4-წლიან პირობით სასჯელს იხდის. პროკურატურის ინიციატივით უკვე მეორე პრობაციონერი დასაქმდა.
  17. ავტოსაგზაო შემთხვევა სტამბულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სტამბულში. შემთხვევის შედეგად საქართველოს 3 მოქალაქე დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს საკონსულოს საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ მოაწოდა. საქართველოს საკონსულოს თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები არ დაკავშირებიან. სამი დაშავებულიდან ორი სტამბულის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
  18. კონსტანტინე კუბლაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის ორი წევრი წარადგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს საკონსტიტუციო კომისიის ორი წევრი წარადგენა. უზენაესი სასამართლოს კვოტით საკონსტიტუციო კომისიაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილისა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ვალერი ცერცვაძის კანდიდატურებია წარდგენილი. საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 8 ივნისის განკარგულებით, კონსტიტუციით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს კომისიაში წევრების წარდგენა დაევალათ. განკარგულების თანახმად, კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება მიენიჭა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
  19. პატიმრები შვებულებით ისარგებლებენ პატიმრები შვებულებით ისარგებლებენ. პატიმრების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. საკანონმდებლო ორგანომ პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, მსჯავრდებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებას რამდენიმე დღით დატოვებენ. კანონის განხილვისას საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ მოითხოვა კანონი პატიმრობის შესახებ მჯავრდებულების ოჯახების წევრებს გააცნონ. ოპოზიციონერის წინადადებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემაც მხარი დაუჭირა და იურიდიულ კომიტეტს დაავალა ამ საკითხის მოგვარება.
  20. გაეროს მისია აფხაზეთის ტერიტორიას ორი თვის განმავლობაში დატოვებს გაეროს მისია აფხაზეთის ტერიტორიას ორი თვის განმავლობაში დატოვებს. განცხადება ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა იოჰან ვერბეკემ სოხუმში ვიზიტისას გააკეთა. ვერბეკემ აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ეს სოხუმში მისი უკანასკნელი ვიზიტია. "მე დღეს გაეროს მისიის ხელმძღვანელის რანგში მისიის დახურვის შესახებ პროცედურებს ვაგვარებ. თუმცა საჭიროა ვიმუშაოთ მისიის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რადგან სიტყვა ლიკვიდაცია არ მიყვარს", - განაცხადა ვერბეკემ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 16 ივნისს გაეროს მისიამ საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტა. გაეროში მიღებული პრაქტიკის თანახმად, მისიის მიერ ქვეყნის საბოლოო დატოვებას ორიდან სამ თვემდე სჭირდება.
  21. ამერიკა-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა სამ დღეში გაიმართება შეერთებულ შტატებში სამ დღეში ამერიკა-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა გაიმართება, რომელიც ქარტიის იმპლემენტაციაზე იმუშავებს. დღეს ოფიციალური განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ტეფტიმ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ გააკეთეს. ორშაბათიდან ქართული და ამერიკული მხარეები მუშაობას დაიწყებენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, კომისიის მუშაობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ იქნება მიმართული.
  22. გელა ბეჟუაშვილი დეპუტატების წინაშე მოხსენებით გამოდის საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი პარლამენტში დეპუტატების წინაშე ქვეყნის საგარეო საფრთხეების შესახებ მოხსენებით გამოდის. როგორც სხდომის დაწყების წინ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ განაცხადა, გელა ბეჟუაშვილი დღეს სერიოზულ ინფორმაციას წარმოადგენს საგარეო საფრთხეების შესახებ და ამ საფრთხეების უმეტესობა რუსეთს უკავშირდება.
  23. ტერი ჰაკალა საქართველოში მუშაობის შედეგებს აჯამებს ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ტერი ჰაკალა მისიის მიერ საქართველოს დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე 17-წლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს. "მოამბესთან" ინტერვიუში მისიის ხელმძღვანელმა რუსულ ვეტოზე, კონფლიქტის ზონაში დარჩენილი ადამიანების მდგომარეობასა და ევროკავშირის მისიის მომავალზე ისაუბრა. ჰაკალას თქმით, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ევროკავშირის მონიტორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევიდნენ. ეუთოს მისია საქართველოს 30 ივნისს დატოვებს. დღესვე საქართველოში ეუთოს მისიის წარმომადგენლობამ ბოლო საქველმოქმედო აქცია მოაწყო. მისიის ხელმძღვანელი ტერი ჰაკალა მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში იმყოფებოდა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობაა ჩასახლებული. მისიის ხელმძღვანელმა ახლად აშენებული საბავშვო ბაღის შენობა მოინახულა და ინვენტარით მთლიანად უზრუნველყო. საბავშვო ბაღი 80 ბავშვზეა გათვლილი, ამჟამად იქ 60 პატარა სწავლობს.
  24. ალენ სტენფორდი ამერიკელ სამართალდამცველებს ჩაბარდა ფინანსური მაგნატი ალენ სტენფორდი ამერიკელ სამართალდამცველებს ჩაბარდა. ტეხასელ მილიარდერს ბრალი ფინანსურ მაქინაციებსა და 8 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის მითვისებაში ედება. 59 წლის სტენფორდს ამერიკის სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა. გამოძიების ინფორმაციით, მილიარდერის ფინანსური სტრუქტურა "სთენფორდ ინთერნეშენალ ბენქ" 15 წლის განმავლობაში თაღლითურ სქემას ამუშავებდა. სქემა დეპოზიტური მოწმობების გაუქმებაზე იყო დაფუძნებული, რომელიც მაღალი პროცენტის შემოსავლის გარანტიას იძლეოდა. სტენფორდი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ამბობს, რომ მის ქმედებებში არანაირი კრიმინალი არ არსებობს.
  25. ლატვიაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლატვიაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე მთავრობის მიერ ბიუჯეტის შემცირების გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მომიტინგეთა უმეტესობა პენსიონერები და მასწავლებლები არიან. მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე მთავრობამ ბიუჯეტის 20 პროცენტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ეს ზომები აუცილებელია, რათა ქვეყანამ საგარეო ვალებისგან თავი დააღწიოს. აქციას მშვიდობიანი პროტესტის ფორმა ჰქონდა. რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
×
×
  • შექმენი...