ბურჯანაძე: ჩვენ ომი წავაგეთ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ფონდის "დემოკრატიის განვითარებისათვის" ხელმძღვანელი, ნინო ბურჯანაძე, აცხადებს, რომ საქართველომ აგვისტოს ომი წააგო. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან ომში განცდილი მარცხი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების შედეგია. "ჩვენ არ გაგვიმარჯვია, რა თქმა უნდა, დავმარცხდით. არ ვიცი, ვის ჰქონდა ილუზია, რომ პატარა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება შეეძლო. პირადად მე, ეს ილუზია არასდროს არ მქონია. მარცხი მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია. სააკაშვილის გუნდში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციაზე არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ და ფიქრობდნენ, რომ იგი ასეთ ნაბიჯებზე არ წავიდოდა და საქართველსოთან ფართომასშტაბიან ომს არ დაიწყებდა", - განაცხადა ბურჯანაძემ.