Jump to content
Planeta.Ge

თქვენი აზრით, სად ჩაიჭრა მიშა და სად-არა?


Recommended Posts

ეს წერილი გურამ ოდიშარიამ მიშას 2004 საპრეზიდენტო წლის არჩევნების წინ მიწერა

 

 

არ დაიზაროთ ამ თემის წაკითხვა, – გპირდებით, რომ ...

 

ბატონო მომავალო პრეზიდენტო, სულ მალე ჩვენს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. იმედი გვაქვს, ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის და 2004 წელს საქართველოს ახალი პრეზიდენტი - ანუ თქვენ ეყოლებით. რიგით მესამე! ასევე იმედი გვაქვს, რომ `1918-1921` წლების დამოუკიდებელ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარისა და, ასევე, ჩვენი წინა ორი პრეზიდენტისგან განსხვავებით, თქვენი მოღვაწეობა საკონსტიტუციო ვადით განსაზღვრულ დროში გასრულდება, წარმატებულად, ყოველგვარი ექსცესების - ფართომასშტაბიანი კონფლიქტის, სამოქალაქო ომის, თუნდაც "ვარდების რევოლუციის" მსგავსი რევოლუციის გარეშე.

 

ძალიან მალე თქვენ წარმოუდგენელი პასუხისმგებლობის კაცი გახდებით იმ ქვეყანაში, სადაც, ჯერჯერობით, დაშვებული შეცდომების, ჩადენილი დანაშაულობებისთვის პასუხისმგებელი არავინ არის (უფრო ზუსტად და, ჩვენდა საუბედუროდ, ეს ჯერ ვერა და ვერ გაგვირკვევია).

დიახ, უკანასკნელ თორმეტ წელიწადში ჩვენმა ხელისუფლებამ თავის პრეზიდენტებთან ერთად იმდენი შეცდომა (ძალიან "რბილად" რომ ვთქვათ) დაუშვა, რომ არავინ - არც ერთი სხვა ხელისუფლება, არც ერთი სხვა პრეზიდენტი, არც ერთი სხვა ხელმძღვანელი მსგავსი ქმედებებისთვის არ მემეტება. არავის ვუსურვებ იმ გზაზე სიარულს, რომელიც ჩვენ განვვლეთ. ღმერთმა ყველა დაიფაროს!

ბატონო მომავალო პრეზიდენტო, არის ქვეყნები, რომელთა პრეზიდენტები, ძალიანაც რომ გაისარჯონ, თავიანთი სახელმწიფოს გეზს კარდინალურად ვერ შეცვლიან. იმ ბედნიერი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ჩვენი მდგომარეობა სხვაა - საქართველოში პრეზიდენტს ვითარების ძირეულად შეცვლა შეუძლია! ამიტომაც ჩვენ, ყველანი - იდუმალი მომავლის კართან მდგარნი, ერთდროულად დიდი იმედითა და, ასევე, არანაკლები სიფრთხილითაც ველოდებით თქვენი პრეზიდენტობის დასაწყისს. ჩვენი იმედი ჭეშმარიტად დიდია და, იქნებ, თქვენ მაინც არ დაგვაღალატოთ ჩვენ - მრავალგზის დაღალატებულები და იმედგაცრუებულები.

როგორც პრეზიდენტი, თქვენ მალე დადებთ ფიცს და იმ წუთიდან სიმბოლოდ მიემატებით თქვენი ქვეყნის ჰიმნს, დროშას, კონსტიტუციას, შეაბიჯებთ მის ისტორიაში და ამის შემდეგ თქვენს სახელს ხშირად თქვენი სამშობლოს სახელთან ერთად ახსენებენ და ქვეყნის ყოველ წარმატებულ თუ წარუმატებელ ნაბიჯს თქვენ დაგიკავშირებენ. დიახ, ეს ასეა - თქვენ მალე წარმოუდგენელი პასუხისმგებლობის კაცი გახდებით!

ბატონო მომავალო პრეზიდენტო, დღეისთვის ცნობილია პრეზიდენტობის კანდიდატთა სია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი. მიუხედავად ამისა, როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც ერთ-ერთი ამომრჩეველი, თავს უფლებას ვაძლევ და გიგზავნით რამდენიმე შეტყობინებას (ისე, ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და გასაზიარებელი). სხვათა შორის, ადრე, რატომღაც არ გამჩენია სურვილი, წერილები მიმეწერა ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძისთვის.

ვუფრთხილდები რა თქვენს დროს, შევეცდები, ჩემი შეტყობინებები რაც შეიძლება ლაკონური იყოს.

სურვილი მაქვს, რომ მას შემდეგაც, როდესაც საქვეყნოდ ცნობილი გახდება თქვენი, როგორც პრეზიდენტის სახელი და გვარი, როდესაც შეუდგებით თქვენი მოვალეობის შესრულებას, რომელიმე გაზეთის ან ელექტროფოსტის შემწეობით გავაგრძელო თქვენთვის ბევრად უფრო კონკრეტული შეტყობინებების გამოგზავნა, ბევრად უფრო კონკრეტულ საკითხებზე.

მაშ ასე, გიგზავნით პირველ შეტყობინებებს!

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც:

- "სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო!" - ხანდახან ასე იძახის თავგზააბნეული, უნებლიე მკვლელი მსხვერპლის სახელს.

- ამომრჩეველთა ხმების 87 პროცენტით ავირჩიეთ პირველი პრეზიდნტი, მეორე კი - ხმათა 94 პროცენტით. ეს პროცენტები ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისათვის არანორმალურია. ჩვენ ერთი კაცის ქვეყნად ჩამოვყალიბდით; თავდაპირველად, ცამდე ავიყვანთ, გავაღმერთებთ იმ კაცს, შემდეგ კი ქვეყნის ყველა უბედურებას მას გადავაბრალებთ და ერთგვარი სიამოვნებითაც ვანარცხებთ მიწას. ეს ჩვენი უსიტყვო, უზნეო შეთანხმებაა (ნეტავ ამომრჩეველთა რამდენი პროცენტი მოგცემთ თქვენ ხმას?).

- საზოგადოება გადაღალა გაუგებარმა, აბურდულ-დაბურდულმა პოლიტიკამ.

- ყველანი ერთმანეთის ბრალმდებლები გავხდით, პასუხისმგებელი და ნამდვილი ბრალმდებელი კი არ გვყავს. ყველა მართალია, უკლებლივ ყველას თავისი გასამართლებელი არგუმენტები აქვს.

- უკვე არა გვაქვს შეცდომების უფლება.

- დანაღმულ ველზე დავიარებით.

- თავად ქვეყანა დაემსგავსა იმ პატიმარს, რომელიც ეს-ეს არის გამოვიდა ციხიდან, მაგრამ, რომელსაც სხვა ქვეყნები დაჟინებით უმტკიცებენ - შენ მარადი ზედამხედველი გჭირდებაო.

- პოლიტიკური, ეკონომიკური, ზნეობრივი ჩიხების დიდოსტატებად ჩამოვყალიბდით.

- უარყოფითი ინფორმაციის ტყვეობაში ვიმყოფებით. პოპულარიზებულია ბოროტება, სიკეთეზე ვდუმვართ.

- თანდათანობით ვკარგავთ ღირსების შეგრძნებას, სახეს და ლამის საკუთარი თავის პაროდიად ვიქეცით. ჩვენი რეალობაც პაროდიული გახდა, ოცნებები მით უმეტეს.

- ამერ-იმერი დავამსგავსეთ მითოლოგიურ ფრინველს, რომლის თავებმა შეიძულეს ერთი-მეორე და ერთმანეთის ჯიბრზე ქვების ყლაპვა დაიწყეს. ეს ფრინველი დაიღუპა (ჩვენ ჯვარი გვწერია), რადგანაც მას ორი თავი კი ჰქონდა, მაგრამ სხეული ჰქონდა ერთი და, შესაბამისად, ერთი კუჭი, რომელმაც ვერ მოინელა მოძულე თავების მიერ გადაყლაპული ქვები.

- მონაწილენი ვართ ქრონიკული დამარცხებების.

- არა გვყავს წინამძღოლები: ერთი თხილის გულის ცხრად გამყოფი, წყლით სავსე დოქის ხალხის წინაშე (ალექსანდრე მაკედონელის მსგავსად) დამმსხვრევი კაცები.

- მოწმენი ვართ, როგორი წარმატებით იგვარებენ თავიანთ საქმეებს პოლიტიკურ ავანსცენაზე მყოფნი, როგორ იცავენ თავს და როგორ აკეთებენ ყოველივე ამას ხალხის სახელით.

- მოწმენი ვართ, თუ როგორ ხდება უმცირესთა მიერ უმრავლესობის მძევლად აყვანა.

- ლეგენდარული "მესამე", ლამის, თითოეულ ჩვენგანშია და მერამდენედ ვმარცხდებით საკუთარ თავთან.

- თანამედროვე, ჩვენს საკუთარ ბაბილონში ვცხოვრობთ, ჩვენს მიერვე აგებულ კედელთან და ერთმანეთის ენა არ გვესმის.

- ერთ დროს ჩანასახში არსებული კორუფცია, კარგა ხანია, ურჩხულად და გასაცოდავებული ხალხის მოროდიორად, უამრავი ახალი პრობლემის სათავედ იქცა.

- ზეპოპულარულები გახდნენ ელექტროსისტემის თანამშრომლები და პოლიტიკოსები. ორთავენი - ერთი მიზეზით: ქვეყანას, ჯერჯერობით, ელექტროენერგიაც აკლია და არც პოლიტიკოსები უვარგა. ის, რაც არ გაგვაჩნია - პოპულარული ხდება, რაც გვაქვს - არა. ამიტომაც არც ვიხსენებთ ჩვენს ზნეობრივ გმირებს, არც მათ საქმეებს, არადა, მათი დაბადების დღეები კალენდრებში უნდა შეგვქონდეს და იმ დღეებში ზეიმებს ვაწყობეთ.

- ათ წელიწადზე მეტი ხნისანი არიან კაფსულირებული კონფლიქტები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი), ქრონიკულად ფეთქებადი გახდნენ ისინი, მოუგვარებლები, ცხლად გაყინულები. ჩვენ მშობლიური, ბებერი, ავადმყოფი კონფლიქტების ზონაში ვცხოვრობთ.

- ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ და გვესაუბრებიან გეოპოლიტიკაზე და ნავთობის მილზე, ამერიკაზე და რუსეთზე... ადამიანები კი გვავიწყდება, ამ ორომტრიალში დაგვეკარგნენ ადამიანები, მათი ტკივილი და მათი სიხარული არ ვიცით.

- დევნილის ფსიქოლოგიით ცხოვრობს მთელი ქვეყანა.

- მდგომარეობა - არც ომი, არც მშვიდობა - ომზე არანაკლებ საშინელ მდგომარეობად გვექცა (ვაქციეთ).

- როგორც კი ვწყვეტთ დიალოგს, იწყება ომი და მერამდენე წელია, ვშორდებით ერთმანეთს ჩვენ - გეო და ზეპოლიტიკას, ურთიერთგაუგებრობას, ურთიერთდაუნდობლობას, დიდ თუ მცირე ქვეყნებთან დაკავშირებულ ილუზიებს შეწირულები - ქართული, აფხაზური, ოსური საზოგადოებები, ძველთუძველესი ურთიერთობის იმუნიტეტმოშლილები.

- მეგობრები, რომლებსაც გუშინწინ ძმებს ვეძახდით, გუშინ მოწინააღმდეგედ ვაქციეთ, მტრად მოვეკიდეთ, ერთიმეორეს გავუმრავლეთ საფლავები; და საბოლოოდ, ყველაზე მძიმე ამ ქვეყანაზე - ერთმანეთის მიერ დაღვრილი სისხლი აღმოჩნდა. დიალოგიც კი გვიჭირს, შერიგებაზე საუბარი ჯერ კვლავ ადრეა.

კიდევ ბევრი რამ მინდა, გითხრათ სახელმწიფოზე, სადაც კარგი ამბებიც ხდება, მაგრამ ამაზე მომავალში მოგწერთ.

ვფიქრობ რა თქვენზე, როგორც მომავალ პრეზიდენტზე (იმედითა და სიფრთხილითაც, როგორც ახლახან მოგახსენეთ), მახსენდება:

- დანიის მეფე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს კაპიტულაცია გამოაცხადა და დანებდა ჰიტლერის გერმანიას (პატარა დანია, განა შეეძლო ფაშისტებთან ომი წარემართა), ფაშისტებმა მონარქს მოსთხოვეს - გაეცი განკარგულება, რომ სამ დღეში შენმა დანიელმა ებრაელებმა ყვითელი ვარსკვლავი (ებრაული ვარსკვლავი) ატარონ, არაფერს დავუშავებთ, მაგრამ გვინდა ვიცოდეთ, რამდენი ებრაელი გყავს ქვეყანაშიო. მეფემ მთელი ღამე თეთრად გაათენა, ის იძულებული იყო გაეცა განკარგულება ყვითელი ვარსკვლავის თაობაზე და გასცა კიდეც. შემდეგ კი, იმავე დღეს, დედოფალთან ერთად იმ ყვითელი ვარსკვლავით მკერდდამშვენებული გამოვიდა ქალაქის მთავარ მოედანზე. როგორც კი ნახეს ებრაულვარსკვლავიანი სამეფო წყვილი, სულ მოკლე ხანში, მთელმა სამეფო კარმა, მთავრობამ, სამ დღეში კი მთელმა დანიამ ყვითელი ვარსკვლავი მიიკერა ტანსაცმელზე. ფაშისტებმა ვერ გამოარჩიეს ებრაელები სხვებისგან.

ასე გადაარჩინა მეფის, ხელისუფლებისა და მოსახლეობის ერთიანობამ თანამოქალაქეები - დანიელი ებრაელები საკონცენტრაციო ბანაკებს (ისე, რამდენი კანონი შექმნა კაცობრიობამ იმისთვის, რათა ადამიანი ადამიანისაგან დაეცვა). მეფე ხომ მეფე იყო, წინამძღოლი და დანიის თითოეული მოსახლე მისი სამწყსოს წევრი გახლდა - რა დანიელი, რა ებრაელი, რა თურქი...

- ხასიდების შეგონება - "თუ გინდა ამოიყვანო ლაფში და სიბინძურეში ჩაფლული კაცი, ნუ გგონია, რომ ამისათვის მარტო ხელის გაწვდენა იყოს საკმარისი. შენ თავად უნდა ჩახვიდე მასთან ლაფში და სიბინძურეში, მაგრად შემოაჭდო ხელები და იგი შენს თავთან ერთად ამოათრიო სინათლისკენ".

- ოლივერ კრომველი, რომელიც თავისი მოღვაწეობით თავად გახდა სწორედ ინგლისის მეფის მსგავსი, მისი, ვინც ყველაზე მეტად სძულდა, დაამარცხა და თავი მოკვეთა.

- ლიბანელი ჟურნალისტი, რომელმაც მიამბო: ლიბანში ომის შემდეგ ბავშვთა ათეულობით სახლი გაიხსნა, უამრავ ბავშვს შორეული ნათესავიც აღარ დარჩა ცოცხალი. დღეს ლიბანელების გარკვეული ნაწილი, როდესაც ოჯახს ქმნის, ქორწილს ბავშვთა სახლში იხდის. შლიან მდიდრულ, ნუგბარი კერძებით სავსე სუფრას (რასაც ბავშვთა სახლის მობინადრეები მოკლებულნი არიან), ობოლი ბავშვებისთვის მიაქვთ საჩუქრები... მოკლედ, უწილადებენ თავიანთი ოჯახური ცხოვრების ულამაზესი დღესასწაულის სითბოს (რასაც უპირველესად არიან მოკლებულნი ბავშვთა სახლების მობინადრეები). ასე იხდიან დღეს ლიბანელები თავიანთი დაობლებული ბავშვების წინაშე ბოდიშს, თავიანთი ომის, შეცდომების, დანაშაულობების გამო (სხვათა შორის, ეს მათთვის ბოდიშის მოხდის ერთ-ერთი ფორმაა და არა ერთადერთი).

- მეცნიერები, რომლებმაც ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: თევზებიან აკვარიუმში ორიოდე წვეთი შხამი ჩააწვეთეს. თევზები დაიხოცენ. მკვდარი თევზები ცოცხლებით შეცვალეს. აკვარიუმში ახლად გაშვებული თევზების თაობა გადარჩა. აღმოჩნდა, რომ დახოცილ თევზებს სიკვდილის წინ შხამსაწინააღმდეგო ნივთიერება გამოუყვიათ, რითაც შხამი გაუნეიტრალებიათ (ნეტავ, ჩვენი თაობა თუ შეძლებს მსგავს რამეს ახალი თაობების გადასარჩენად).

- გეთსიმანიის ბაღი, სადაც იესო ქრისტე და მისი მოსწავლეები რომაელმა ჯარისკაცებმა მღვდელმთავართა მითითებითა და იუდას ღალატით შეიპყრეს, და სთხოვა მაშინ იესომ მღვდელმთავრებსა და ჯარისკაცებს, რომ გაეთავისუფლებინათ მისი მოსწავლეები - "გითხარით, მე ვარ-მეთქი, მე თუ მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ". მათაც უკლებლივ ყველა გაათავისუფლეს. და მიმართა მაშინ იესომ უფალს - "ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიღუპავს".

ისე აღესრულა იესო, ისე ეცვა ჯვარს, რომ არც ერთი კაცთაგანი არ გაუწირავს, სიყვარულითა და სიბრძნით უპატრონა, მოუფრთხილდა ყველას და იქცა უდიადეს მაგალითად და შეცვალა მთელი სამყარო.

ვფიქრობ რა თქვენზე, როგორც პრეზიდენტზე (იმედითა და სიფრთხილით, როგორც აქამდე უკვე ორჯერ მოგახსენეთ), კიდევ ბევრი რამ მახსენდება, მაგრამ ამაზე შემდეგ მოგწერთ.

თქვენ, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ასეთი წარმომიდგენიხართ:

- თქვენ ღმერთისა და ადამიანის მოყვარე ხართ, მშენებელი, ამღორძინებელი და არა მნგრეველი.

- თქვენ არა ხართ მოძულე, სიძულვილით არ მართავთ ქვეყანას, რომელსაც რამდენიმე სხვადასხვა სახის, თვისების, ხარისხის კატასტროფა დაატყდა (და დაიტეხა) თავს, რის შედეგადაც დღესაც ღრმავდება მისი ფრაგმენტაცია და მწვავე ურთიერთდაპირისპირებაში იხარჯება მისი ენერგია.

- თქვენ გაქვთ ნიჭი, უნარი, ცოდნა, გამოცდილება იმისა, რომ გაუგოთ მოწინააღმდეგეს, აქციოთ იგი თანამოაზრედ (და არა პირიქით - თანამოაზრეები გადაიმტეროთ).

- თქვენ დიალოგის დიდოსტატი ხართ.

- თქვენთვის ღირსეული ოპოზიციის მიერ თქვენი კრიტიკა მდგომარეობის გამოსასწორებელი სამოქმედო, მზა პროგრამა ხდება.

- თქვენ სრულიად ახალი ხედვით, სრულიად ახალი გადაწყვეტილებებით ძლევთ ძველ პრობლემებს; ხართ თავისუფალი "მსხვერპლის" სინდრომისაგან.

- თქვენ ჩინებულად იცით მშობლიური საზოგადოების, მონათესავე, მეზობელი, სრულიად კავკასიის საზოგადოებების მენტალიტეტი.

- და, რა თქმა უნდა, თქვენ ზედმიწევნით კარგად იცით თქვენი ქვეყანა და, ასევე, რა თქმა უნდა, გიყვართ იგი. თქვენ არა მარტო შეძლებისდაგვარად ჩადიხართ, არამედ გარკვეული დროით ცხოვრობთ კიდეც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, უკვეთ ეცნობით საკუთარ ხალხს და უკეთ აცნობთ მასაც თავს (ქვეყნის ნებისმიერი რეგიონი ქვეყნის ცენტრია).

- თქვენ კარგად იცნობთ მსოფლიოს.

- თქვენ სამაგალითო პოლიტიკოსი ხართ. თქვენ ათი, თხუთმეტი სვლით ადრე შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ როგორი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე.

- თქვენ ქმნით გუნდს იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც კარგად ეხერხებათ შეზღუდულ სივრცეში მოქმედება, დანაღმულ ველზე სიარული. თქვენ ადვილად ცნობთ მათ - საუკეთესო, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიმღებ, მაღალზნეობრივ, პროფესიონალ, "სუფთა" ადამიანებს. ადვილად გამოარჩევთ მათ მედროვეებისგან და კომფორმისტებისგან, "წარსულის ადამიანებისგან". თქვენ გიადვილდებათ მათთან ერთად პრობლემების ძლევა.

- თქვენ არ ხართ პოპულისტი, თქვენ წარმართავთ რეალ-პოლიტიკას, თქვენი ყოველი ქმედება და გადაწყვეტილება გამჭვირვალეა.

- თქვენ აჩერებთ და აუქმებთ ილუზიების კარუსელს.

- თქვენ აღწევთ იმ შედეგებს, რომელთა მიღწევა გუშინ წარმოუდგენელი იყო.

- თქვენი ყველაზე დიდი იარაღი მშვიდობაა, რომელიც სხვა ვაჟკაცობას, სხვა სიბრძნესა და გამოცდილებას ითხოვს. თქვენ დაჯილდოებული ხართ ამ თვისებებით. თქვენ იმარჯვებთ მშვიდობითა და გულწრფელობით, ნდობითა და თანაგრძნობით. მშვიდობა რჩეულებისაა (იარაღი, რომელიც დღესაც აშინებს მსოფლიოს, ჩეჩნეთში ომს ვერ იგებს).

- თქვენ არც ერთი კონფლიქტის დაწყებასა და წარმართვაში ბრალი არ მიგიძღვით. თქვენ წარმატებით იყენებთ ამ შესანიშნავ შანსს. თქვენ გესაუბრებიან და გენდობიან აფხაზები და ოსები, პატივს გცემენ, თქვენ გიყვართ ისინი. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი ხალხების ხსნა ერთმანეთშია, ხსნის ფორმულის ფრაგმენტები ერთმანეთის გულებშია საპოვნელი. თქვენ დევნილთა მეგობარი და მათი პრობლემების სამართლიანად და რეალური ვითარებიდან გამომდინარე, გადამჭრელი ხართ. თქვენ ხართ ინტერესთა ბალანსირების დიდოსტატი.

დაახლოებით ასეთი წარმომიდგენიხართ თქვენ - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. თქვენს სხვა უნარზე და თვისებებზე მოგვიანებით მოგწერთ.

თქვენი პრეზიდენტობისას:

- ჩვენს (საზოგადოების) სიმართლეს დაემთხვევა ჩვენი ქვეყნის ხელისუფალთა სიმართლე.

- მოხერხდება სუპერსახელმწიფოებთან წონასწორობის დაცვის პოლიტიკის წარმართვა და გადამეტებულად პოლიტიზირებული საქართველოს "თვითმკვლელის" სინდრომისგან გათავისუფლება.

- დავემშვიდობებით ილუზიას - სპრინტერის აღტყინებით დავფაროთ სტაიერის დასაძლევი მანძილი.

- ქვეყანა გახდება ორგანიზებული, დისციპლინური, შეიქმნება მართვის ახალი სისტემა, მარჯვენას ეცოდინება, რას აკეთებს მარცხენა.

- გავხდებით მომსწრე - ქვეყნის გამგებელთა, ლიდერთა, ადამიანების ბედის გადამწყეტთა მიერ დაშვებული შეცდომების, ჩადენილი დანაშაულობების მონანიებისა.

- მფარველს, სადღაც შორს კი არა, ჩვენს ძველ და ახალ მეგობრებთან ერთად, საკუთარ თავში ვიპოვით და საუკეთესო კაცობრიობის ნაწილი გავხდებით.

- არ განმეორდება ის პერიოდები, რომლის დროსაც ბრბო ეთაყვანება ხოლმე თავის დამღუპველს და ღუპავს თავის მხსნელს.

- დამთავრდება პოლიტიკის კრიმინალიზაცია და კრიმინალის პოლიტიზება.

- შემცირდება უსინდისოდ გამდიდრებულთა და უსამართლოდ გაღარიბებულთა რაოდენობა.

- ძველ თაობებს მოუწევთ აუხსნან ახლებს (და, ალბათ, ისინი წესიერად ვერც გაიგებენ), თუ რას ნიშნავს ქუჩის გადაკეტვა იმ მიზნით, რომ იმ ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეებს შუქი ჩაურთონ.

- დაშორიშორებული საზოგადოებები გამოვლენ იზოლაციიდან და ერთად გადაწყვეტენ პრობლემებს (პოლიტიკოსებმა, რაც უნდა "კარგ" ქაღალდებს მოაწერონ ხელი, არც არაფერი გამოვა, თუ საზოგადოებებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს).

- აღმოვაჩენთ, რომ კიდევ ცოცხალია ცნება - "ღირსება".

- შემცირდება ექსცენტრული ფანტაზიების, უკიდურესი რადიკალიზმის, ზეამბიციების მქონეთა სამოქმედო არეალი.

- სხვათა უბედურებებზე ქვეყანა არ დააშენებს თავის ბედნიერებას და არც არავის მისცემს უფლებას, გააუბედუროს იგი.

 

მოკლედ, თქვენი პრეზიდენტობისას ბევრი საუკეთესო ამბავი უნდა მოხდეს

2003 წლის 20 დეკემბერი, საქართველო, თბილისი

 

გურამ ოდიშარია, საქართველოს მოქალაქე

 

 

ლიცემერი: თქვენი აზრით, რა გაითვალისწინა მიშამ და რა -არა, სად ჩაიჭრა და სად-არა?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიც რა გინდა რას გვერჩი ამ დილაადრიან :givi:

 

ისე მე მგონი არცერთი რჩევა არ გაუთვალისწინებია! :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მე მგონი არცერთი რჩევა არ გაუთვალისწინებია!

mogzauri

ყველაფერი გაითვალისწინა, ოღონდ პირიქით გააკეთა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ყველაფერი გაითვალისწინა, ოღონდ პირიქით გააკეთა

კარგია.

უნდა ვაღიარო რომ მე იმ მრავალთაგანი ვიყავი, ვინც 2003-ში მიშამ დააბოლა, თუმცა ეს ძალიან მცირე დრო გაგრძელდა, მაგრამ მაინც.ეხლა უნდა ვიჯდეთ და ველოდოთ რა მორიგ სისულელეს გააკეთებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია.

ძუკუ

მართლა კარგია, ჩემო მიშა.

 

უნდა ვაღიარო რომ მე იმ მრავალთაგანი ვიყავი, ვინც 2003-ში მიშამ დააბოლა,

და არა მარტო შენ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ილუზორულ ოცნებებში დავტასაიობდა, მაგრამ მიშამ ეს უდიდესი შანსი ვერ\არ გამოიყენა .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

უნდა ვაღიარო რომ მე იმ მრავალთაგანი ვიყავი, ვინც 2003-ში მიშამ დააბოლა,

 

სამწუხაროდ მეც დამაბოლა. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროდ მეც დამაბოლა. yes4.gif

DATA TUTASXIA

დაბოლილთა მოძრაობა ხომ არ ჩამოვაყალიბოთ? :D ყველაზე მრავალრიცხოვანი მოძრაობა იქნება :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

დაბოლილთა მოძრაობა ხომ არ ჩამოვაყალიბოთ?

პარტია ჯობია, თბილისის არჩევნები ნაღდად მოგებული გვაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდა ვაღიარო რომ მე იმ მრავალთაგანი ვიყავი, ვინც 2003-ში მიშამ დააბოლა

ხოდა, ვინც არ დავბოლდით, რა დავაშავეთ? ახლა იმას უნდა ველოდოთ, ისევ როგორ დაბოლდებით რესპებით და ალასანიათი, შემდეგ ისევ ველოდოთ მორიგ აღიარებას, თუ როგორ დაბოლდით, და ახალ დამაბოლებელ ობიექტს როგორ შეარჩევთ, და ასე, გიყუროთ? ამიტომაც ვამბობ, რომ უნდა დამკვიდრდეს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ასეთი დაბოლილები აღარ ღებულობდნენ მონაწილეობას ქვეყნის ბედის განსაზღვრაში. აღიარეთ რომ არ გესმით ადამიანების შეფასება და აკეთეთ თქვენი საქმე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარტია ჯობია, თბილისის არჩევნები ნაღდად მოგებული გვაქვს.

ძუკუ

საქმეს ხომ არ შევუდგეთ? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ხოდა, ვინც არ დავბოლდით, რა დავაშავეთ? ახლა იმას უნდა ველოდოთ, ისევ როგორ დაბოლდებით რესპებით და ალასანიათი, შემდეგ ისევ ველოდოთ მორიგ აღიარებას, თუ როგორ დაბოლდით, და ახალ დამაბოლებელ ობიექტს როგორ შეარჩევთ, და ასე, გიყუროთ? ამიტომაც ვამბობ, რომ უნდა დამკვიდრდეს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ასეთი დაბოლილები აღარ ღებულობდნენ მონაწილეობას ქვეყნის ბედის განსაზღვრაში. აღიარეთ რომ არ გესმით ადამიანების შეფასება და აკეთეთ თქვენი საქმე

1.ვინც არ დაბოლდით არაფერი არ დაგიშავებიათ, შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ მაგრები ხართ.

2.რესპებით მე ვერ დავბოლდები, რადგან 20 წელია რესპი ვარ.

3. არადაბოლილები ძალიან ცოტანი იყვნენ და მარტო ვერ განსაზღვრავენ ქვეყნის ბედს.

4. იქნებ ვინმემ მითხრას რომ არასოდეს არ შეშლია ადამიანების შეფასება.

5. რაღაც ძალიან ალერგიული ბრძანდებით რესპებზე,ეტყობა რაღაც შეხება ქონდათ და განაწყენებული დარჩით.

 

ლ ი ც ი

ძუკუ

საქმეს ხომ არ შევუდგეთ?

მე მგონი არაფერი გამოგვივა, აგერ დონმა აგვიგრძალა პოლიტიკური საქმიანობა :(

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგერ დონმა აგვიგრძალა პოლიტიკური საქმიანობა

ძუკუ

მაშინ მე პას :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...