Jump to content
Planeta.Ge

ცესკო NDI-ის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, იმისათვის, რომ პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იყოს, განსაკუთრებით, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის ჭრილში, საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად ეცნობა როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ისე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებსა თუ რეკომენდაციებს.

როგორც ცესკოს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია უკვე დაასრულა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), გამოაქვეყნა ანგარიში და საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები.

ინფორმაციის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცესკო არის მაღალი პროფესიონალიზმის მქონე, კომპეტენტური საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანო, რომელმაც ბოლო წლების არჩევნებში კენჭისყრის დღის პროცესების ადმინისტრირებისა და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ჩატარების მაღალი ტექნიკური ექსპერტიზა გამოავლინა.

„ანგარიშში მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია ცესკოსთან მიმართებაში, რომელთან დაკავშირებითაც გვინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ.

რეკომენდაცია 1:

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააძლიეროს კენჭისყრის ფარულობის შესახებ ეჭვების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა; იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამომრჩეველთა ინფორმირების გზით, დაარწმუნოს მოსახლეობა, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები, რომ მათი ხმის ფარულობა დაცულია.“

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში, ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავდა ჩარჩო-კონვერტის ისეთი ფორმა და ხმის დათვლის აპარატში ბიულეტენის მოთავსების ისეთი წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარულობას. ამასთან, კენჭისყრის ფარულობა საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ საკითხს წარმოადგენს.

რეკომენდაცია 2:

„სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილოს არჩევნების ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბის ტესტირება, რომელიც გაიმართება არჩევნების დღისთვის დამახასიათებელ პირობებში, რათა კიდევ უფრო გაზარდოს საზოგადოების ნდობა.“

საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა 2018 წლიდან დაიწყო. 2024 წლამდე საპილოტე რეჟიმში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა 8 (შუალედური/ რიგგარეშე) არჩევნები. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე თითქმის წელიწად-ნახევრით ადრე დაიწყო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვს პირადად გაეცნონ თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ არჩევნებში. მხოლოდ 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით 1 700-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ინფორმაცია 150 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო. საერთო ჯამში კი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ 2024 წლამდე 300 000-მდე ამომრჩეველი იყო ინფორმირებული. მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 122 000-მდე ამომრჩეველმა. ინფორმირების კამპანია კიდევ უფრო ინტენსიურად გრძელდება მიმდინარე წელს.

რეკომენდაცია 3:

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა, ამ ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული პირობებისა და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო მასალების შემუშავებით.“

რაც შეეხება რეკომენდაციას ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაცია არაერთ აქტივობას ახორციელებს.

ცესკოში შექმნილია როგორც ეთნიკურ უმცირესობების, ისე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფები, სადაც გაწევრიანებული არიან შესაბამის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მათთან განიხილება.

კენჭისყრაში მონაწილეობისთვის უზრუნველყოფილია: უსინათლო პირებისთვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა; მცირემხედველი პირებისთვის გამადიდებელი ლინზა; ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის კაბინა; კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი QR კოდით, ყრუ პირებისთვის - ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირებისთვის აუდიო ფორმატში. ცესკოს ვებგვერდზე უსინათლო პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება, საარჩევნო პერიოდში ყრუ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით ცესკოს კონტაქტ-ჰაბში.

 

რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შესაძლებლობა აქვთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ, ასევე მიიღონ კონტაქტ-ჰაბის ოპერატორის მომსახურება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საარჩევნო პერიოდში. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ასევე ნათარგმნია ამომრჩეველთა ერთიანი სია, საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი.

საინფორმაციო ვიდეორგოლები ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზე, ვიდეორგოლები უზრუნველყოფილია სურდო თარგმანით.

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები იმართება მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

სულ ცოტა ხნის წინ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით მომზადდა ვიდეორგოლი შშმ პირთა სერვისების შესახებ. ვიდეორგოლი ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზეც.

რეკომენდაცია 4:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმართოს საზღვარგარეთ უბნების შექმნის უფრო გამჭვირვალე პროცესი და, სადაც შესაძლებელია, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზება.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიმართულებით კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებს და აქტიურ ინფორმირების კამპანიას გეგმავს საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ხსენებულ რეკომენდაციასთან მიმართებაში გააგრძელებს კონსულტაციებს თავად ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) და სხვა ჩართულ მხარეებთან იმისთვის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში არ დარჩეს კითხვები რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

შეჯამების სახით კი გვინდა დავეთანხმოთ და გავიმეოროთ სადამკვირვებლო მისიის მოსაზრება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ არჩევნები საერთო საქმეა. „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ხოლო არჩევნების ჩატარება, კონსტიტუციის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მანდატია, საბოლოოდ, ქვეყნის დემოკრატიული ნორმებისადმი ერთგულების დემონსტრირება, ამომრჩეველთა ინფორმირება და წინასაარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის, მათ შორის ყველა პოლიტიკური პარტიის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის პასუხისმგებლობაც არის“. - ნათქვამია NDI-ის ანგარიშში“, - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...