Jump to content
Planeta.Ge

რა იწვევს აფხაზეთში წყლის ფრინველების მასობრივ დახოცვას


რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში აფხაზი მოქალაქეების მიერ გავრცელებული ვიდეობი გამოჩნდა, რომელშიც ზღვის სანაპირო ზოლზე გამორიყული, დახოცილი და მომაკვდავი წყლის ფრინველი კოკონაა აღბეჭდილი.

აღნიშნულმა კადრებმა სოციალური ქსელების აფხაზ მომხმარებელთა შორის მითქმა-მოთქმა და სჯა-ბაასი გამოიწვია. მათი დიდი ნაწილი ხმამაღლა აცხადებს, რომ ეს მოვლენა თურქული თევზსაჭერი სეინერებიდან გაფუჭებული თევზის ზღვაში გადაყრამ გამოიწვია და გარემოს დაბინძურებაში ბრალს პირდაპირ თურქ მეთევზეებს სდებს.

image.jpeg

აფხაზების თქმით, დამპალი თევზის ზღვაში გადაყრის გამო, ბიჭვინთა-გაგრის მთელი სანაპირო და მიმდებარე ტერიტორიები, რამდენიმე დღის განმავლობაში, ისე ყარდა, რომ მოსახლეობაც შეწუხებული იყო და შემდეგ ამ ფაქტს წყლის ფრინველების დახოცვაც მოჰყვა.

ზოგი იმასაც ამბობს, რომ მათ აკვატორიაში მყოფი ათობით სეინერიდან ნავთობიც ჟონავს, რაც დიდ ზიანს აყენებს ადგილობრივ ეკოსისტემას. ამიტომ არა მარტო წყლის ფრინველები, აფხაზეთის შავი ზღვისპირეთში თევზის სახეობებიც წყდება და სანაპიროებზე მკვდარ დელფინებსაც ხშირად ნახულობენ.

,,მათ ნებას არ აძლევენ, ტრიუმები თავიანთ ტერიტორიაზე გარეცხონ, ამიტომ ამას ჩვენთან აკეთებენ. რით რეცხავენ, მხოლოდ მათ იციან. ისინი ძალიან ძლიერ ქიმიურ პროდუქტებს ამზადებენ. იმ მეთევზეების შემთხვევის შემდეგ, მე ზღვაში ვიბანავე და ქავილისგან სანაპიროზე კინაღამ გული წამივიდა.“ - წერს ერთ-ერთი აფხაზი მოქალაქე ვიდეოს კომენტარებში.

,,ეტყობა, ზღვაში ის საზიზღრობა გადაყარეს, რამაც თავად თურქები მოწამლა,“ - ეთანხმება მას მეორე.

image.jpeg

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე თურქი თევზმჭერების მოწამვლის შესახებ ინფორმაციას აფხაზური საინფორმაციო საშუალებებიც ავრცელებენ. როგორც ირკვევა, შემთხვევა 16 თებერვალს მოხდა. ერთ-ერთ თურქულ სეინერზე სამი მეთევზე გარდაიცვალა, ოთხი კი, მძიმე მოწამვლის ნიშნებით, გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თევზსაჭერი გემი კურორტ ბიჭვინთის წ####ბში იდგა.

დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია ეკიპაჟის წევრების მოწამვლა, არ ვრცელდება. ვარაუდობენ, რომ მიზეზი შეიძლება გაფუჭებული თევზისგან გამოყოფილი მომწამვლელი აირი იყო.

აფხაზების თქმით, სწორედ ეს გაფუჭებული თევზი გადაყარეს თურქული სეინერებიდან ზღვაში, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქეებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ოკუპირებული აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, რომან დბარს, რომელსაც აფხაზური საინფორმაციო სააგენტო ,,აფსნიპრესი“ ესაუბრა.  

image.jpeg

წყლის ფრინველების დახოცვის მიზეზად ჟურნალისტებს დბარმა მათი ხანდაზმულობა ან ავადმყოფობა დაუსახელა.

,,ხელსაყრელი კლიმატური და ეკოლოგიური პირობების გამო ჩვენს სანაპიროებზე ასიათასობით ფრინველი იზამთრებს. მათ შორის არის კოკონას სხვადასხვა სახეობა. ზამთრის პერიოდში ჩვენს აკვატორიაში არსებული ტემპერატურული რეჟიმის გამო აქ ბევრი თევზი იყრის თავს, განსაკუთრებით ბევრია ქაფშია. სწორედ ეს ფაქტორი იზიდავს ფრინველებს, რაც აფხაზეთს საკვანძო ორნიტოლოგიურ ტერიტორიად აქცევს“, - განაცხადა მან.

როგორც დბარმა განმარტა, ზამთარი ყველა ცხოველისთვის ყველაზე რთულად გადასატანი დროა, ამიტომ პირველ რიგში ასაკოვანი, სუსტი და ავადმყოფი ინდივიდები იღუპებიან.

რაც შეეხება წყლის ფრინველების მასობრივ დახოცვას, აფხაზი მეცნიერის თქმით, ეს შეფასება სუბიექტურია, რაც სოციალური ქსელების მეშვეობით ადამიანებს შორის ინფორმაციის სწრაფი გავრცელებით აიხსნება.

,,სანაპიროს მიდამოებში, სადაც ახლა ასობით ათასი ფრინველი ცხოვრობს, ბუნებრივია, მკვდარი ფრინველების რაოდენობა მეტია, ვიდრე, მაგალითად, მდინარე კოდორის შესართავთან. იქ ბევრ დახოცილ ფრინველს ვერ ნახავთ, რადგან ავადმყოფი და დასუსტებული ფრინველები იმ მტაცებლების მსხვერპლნი ხდებიან, რომლებიც ბუნების სანინტრების როლში გვევლინებიან. ქალაქებში ეს ეკოლოგიური კავშირი დარღვეულია და ამიტომაც ხშირად ვაწყდებით ბუნებრივ და ზოგჯერ დრამატულ მოვლენებს, როგორიცაა ფრინველების ტანჯვით სიკვდილი.

მათი დახოცვის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება, როგორც ვირუსული ინფექციები, ასევე, ბაქტერიული, პარაზიტული და სხვა. მათი გავრცელება ყველაზე ხშირია იმ პერიოდში, როდესაც ფრინველთა დიდი ნაკადი ერთად იყრის თავს და მკაცრი ზამთრის გამო ისინი სუსტდებიან.“ - აღნიშნა რომან დბარმა.

მან იმ შემთხვევებზეც ილაპარაკა, როცა ამა თუ იმ დაავადების გამო შინაური ფრინველიც იხოცება.  

დბარის თქმით, ნებისმიერმა გლეხმა იცის, რომ რაღაც მომენტში, შეიძლება მათ შინაურ ფრინველსაც შეექმათ ჯანმრთელობის პრობლემები და თუ სახლში აქვთ იმის საშუალება, აცრან ან უმკურნალონ, ბუნებაში ეს შეუძლებელია. ამიტომ ფრინველები პერიოდულად იღუპებიან, გადარჩენილები კი უფრო ძლიერ იმუნიტეტს იძენენ, რაც მერე მათ შთამომავლობას გადაეცემა.

რაც შეეხება, მკვდარი ფრინველებით სანაპირო ზოლის დაბინძურებას, ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მიიჩნევს, რომ მუნიციპალურმა სამსახურებმა ქალაქების პლაჟებიდან დახოცილი ფრინველები უნდა გაიტანონ და ისინი ვეტერინარული სამსახურის მიერ დადგენილი წესის მიხედვიგაანადგურონ.

,,რა თქმა უნდა, აუცილებელია ბუნებაში მომხდარი ამ მოვლენის შესახებ მონაცემების შეგროვება და  შემდგომი მეცნიერული ანალიზის მიზნით მისი მონიტორინგი.“ - განაცხადა დბარმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად სამრეწველო თევზჭერა მიმდინარეობს, თუმცა იმის გამო, რომ მათ საკუთარი სათევზაო გემები არ ჰყავთ, ადგილობრივი კომპანიები თურქულ სეინერებს ქირაობენ, რომელთაც თურქული ეკიპაჟები ემსახურება.  

 

ირმა ბერიშვილი

Edited by ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...