აქტივისტები პრეზიდენტისგან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას მოითხოვენ
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 8-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა პრეზიდენტისგან გრიგორიადისის შეწყალება მოითხოვეს.
„ლაზარე არავის დაუვიწყებია და დროა ვიმოქმედოთ. სანამ ეს რუსული რეჟიმი ერთი ბრალდებით დაიჭერს ადამიანს და მეორეს მიუსჯის, მანამდე ამ ქვეყანაში არც სასამართლო დალაგდება და არც ჩვენ ვიქნებით უსართხოდ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„ლაზარე ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც სამშობლოზე გული შესტკივა, მზად არის, რომ სამშობლოს გულისთვის თავი გაწიროს”, – ამის შესახებ გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ პოლიტმეტრის ეთერში ისაუბრა.
მას იმედი აქვს, რომ საზოგადოების ბრძოლა ლაზარეს გათავისუფლებისთვის შედეგს გამოიღებს.
„რატომ ამოირჩიეს ვერ გეტყვით, ალბათ, ჩაცმულობა არ მოეწონათ, თუ რა არ მოეწონათ არ ვიცი. ეს კიდეც გააჟღერეს, რომ ჩაცმულობა არ მოეწონათ, თმა რომ ჰქონდა შეღებილი, ეს არ მოეწონათ, გამოარჩიეს ამით, რომ ჩირქი მოეცხოთ. ძალიან დიდი მადლობელი ვარ საზოგადოების, ახალგაზრდობის და თქვენი, ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, რომ ლაზარეს მხარში უდგახართ და მე იმედი მაქვს, რომ ეს თქვენი ბრძოლა და ჩემი ბრძოლა რაღაც შედეგს გამოიღებს”, – ამბობს ის.
25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა.
საუბარია 2021 წლის საქმეზე, სადაც ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ.
გრიგორიადისი ასევე დამნაშავედ ცნეს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებაში, მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.
ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული. ლაზარე გრიგორიადისს ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ეს 9-თვიანი ვადა ეწურება. გრიგორიადისის ადვოკატი მოსამართლე ნინო ნაჭყებიას გადაწყვეტილებას სწორედ ამ ვადის ამოწურვას უკავშირებს.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.