Jump to content
Planeta.Ge

კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა


კულტურის სამინისტროში, 29 სექტემბერს, კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსა და ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოს შეხვედრის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კონსერვატორიისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ „მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე, რომლითაც ახალი რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა და განიხილეს რექტორის მოახლოებული არჩევნებისთვის ამ ხარვეზის გამოსწორების ფორმები და გზები.“

„შეთანხმდა, რომ კონსერვატორია იმსჯელებს ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის სტატუსზე და გონივრულ ვადაში წარმოადგენს დებულების ახალ ვერსიას დადგენილი სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით.

სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს კონსერვატორიას რექტორის არჩევნების კანონის შესაბამისად მომზადებაში, რათა უმოკლეს ვადაში მოხერხდეს რექტორის არჩევნების ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.“ – ვკითხულობთ სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

საგულისხმოა, რომ კონსერვატორიის აკადემიური საბჭო, 27 სექტემბერის განცხადებით, კულტურის სამინისტროს შეფასებას, რომ რექტორის არჩევნების პროცესის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა არ იზიარებდა და აღნიშნავდა, რომ სამომავლოდ ცენტრისთვის სტატუსის განსაზღვრის საკითხი არ არის კავშირში რექტორის არჩევნების პროცესთან და სტატუსის საკითხი არ შეიძლება გახდეს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი.

რა მოხდა

26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სამინისტრომ კონსერვატორიაში მიმდინარე რექტორის არჩევნები შეაჩერა. მეორე დღეს სტუდენტებმა კონსერვატორიასთან სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

მოგვიანებით სამინისტრომ განმარტა, რომ ის კონსერვატორიისგან არჩევნების პროცესში არსებული „ხარვეზის“ გასწორებას ითხოვდა.

კულტურის სამინისტრო, კონსერვატორიას ავალებს მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრს განუსაზღვროს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი.

სამინისტროს პოზიციით, რექტორის არჩევნები, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს, რადგან „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი, ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრს მისცემს შესაძლებლობას ჰყავდეს არჩეული წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში.

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი კონსერვატორიაში არსებობს 2002 წლიდან, არა როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული, არამედ როგორც კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეული.

კონსერვატორიის აკადემიურმა საბჭომ, 27 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამომავლოდ ცენტრისთვის სტატუსის განსაზღვრის საკითხი არ არის კავშირში რექტორის არჩევნების პროცესთან და სტატუსის საკითხი არ შეიძლება გახდეს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი.

ამავე განცხადებაში, კონსერვატორიის აკადემიური საბჭო კულტურის სამინისტროს სთხოვს, გააუქმოს კონსერვატორიაში მიმდინარე არჩევნების შეჩერებაზე თავისივე დადგენილება.

ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 29 სექტემბერს სამინისტროში მხარეებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა. დაეთანხმება თუ არა კონსერვატორია დებულების შეცვლის მოთხოვნას, უცნობია. კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს შეხვედრის თაობაზე განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...