უნდა იწყებოდეს თუ არა სწავლა 4 საათზე... თბილისის ერთი სკოლის დაუსრულებელი რემონტის ამბავი
ერთ კვირაში საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. 15 სექტემბრისთვის მშობლიურ სკოლებში ერთმანეთთან შესახვედრად პედაგოგებისა და მოსწავლეების აქტიური სამზადისი ფინალურ სტადიაში შევიდა, თუმცა, არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომელთა ბედი ამ დრომდე გაურკვეველია და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სკოლაში ირიცხებიან, ზუსტად არ იციან, ამჟამად სწავლის გაგრძელება რომელ სკოლაში მოუწევთ.
მოგეხსენებათ, თბილისის სხვადასხვა უბანში რამდენიმე სკოლას, უკვე წლებია, რეაბილიტაცია ან კაპიტალური რემონტი უტარდება, რომელიც გეგმის მიხედვით, წელიწადზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა პირობის შესრულება ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, ზოგიერთი შენობის რემონტი სამ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და ზუსტ პასუხსაც ვერავინ იძლევა, როდის შეიძლება სკოლა ამოქმედდეს. იქ ჩარიცხული მოსწავლეები და მათი პედაგოგები კი, დედაქალაქის სხვა უბნების სკოლებში არიან შეხიზნულები, რაც ისედაც გადატვირთულ სასწავლო დაწესებულებებს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს. რომ არაფერი ვთქვათ, წლების განმავლობაში გაურკვევლობასა და თავიანთი სკოლის გარეშე დარჩენილ მოსწავლე-მასწავლებლებზე.
ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 165-ე სკოლაც ერთ-ერთი მათთაგანია, რომლის რემონტიც ოთხი წლის წინ დაიწყო და ჯერ არ დამთავრებულა. მოსწავლეთა მშობლებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მათი შვილები სწავლას ისევ მშობლიურ სკოლაში განაგრძობდნენ, მაგრამ მოლოდინი არც ამჯერად გაუმართლდათ. როგორც გაირკვა, 165-ე სკოლის მოსწავლეები მომავალ სასწავლო წელსაც სხვა სკოლაში შეხიზნულები გაატარებენ და რაც ყველაზე საგულისხმოა, თუ აქამდე მათი ცვლა 2 საათზე იწყებოდა, ახლა სწავლა 4 საათზე დაეწყებათ.
ბუნებრივია, ამ ცნობამ მოსწავლეთა მშობლების აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება მავანთა მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა მათი და მათი შვილების მიმართ გულგრილობა და უპასუხისმგებლობა.
რამდენიმე მათგანს პირადად გავესაუბრეთ.
ეკატერინე კოზმავა, მშობელი: ოთხი წელია, ჩვენს სკოლაში რემონტი მიმდინარეობს. ჩემი შვილი მეხუთე კლასში გადავიდა და უკვე მეოთხე სასწავლო წელია, რაც სკოლიდან სკოლაში გადაგვყავს.
პირველ კლასში 165-ე სკოლაში შევიყვანეთ, სადაც მხოლოდ ის ერთი წელი იარა. როგორც კი მეორე სემესტრი დაამთავრეს, დაიწყო ამ სკოლის რემონტი და მას მერე დღემდე, ბავშვებს ასე, მომთაბარე ტომებივით უწევთ ხან ერთ და ხან - მეორე სკოლაში გადასვლა. რემონტის დამთავრებას კი საშველი არ დაადგა.
ჩვენი კლასის რამდენიმე მშობელს გვინდოდა, ბავშვები საბოლოოდ სხვა სკოლაში გადაგვეყვანა და ამ ყოველწლიური მოლოდინისთვის თავი დაგვეღწია, მაგრამ გასული სასწავლო წლის ბოლოს გვითხრეს, რომ რემონტი მთავრდებოდა და სექტემბრიდან ჩვენს სკოლაში მოგვიწევდა დაბრუნება. ჩვენც ამის იმედად დავრჩით.
ახლა აღმოჩნდა, რომ სკოლის რემონტი ისეთ სტადიაშია, ამ სექტემბერს კი არა, შესაძლოა, მომავალი სექტემბრისთვისაც ვერ დასრულდეს.
თავიდან, როცა 165-ე სკოლის რემონტზე დაიწყო საუბარი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვფიქრობ, სავარაუდოდ მაქსიმუმ ერთი წლით იყო დაგეგმილი. სხვა შემთხვევაში, მეტი დრო რომ ეთქვათ, ბავშვს აუცილებლად სხვა სკოლაში გადავიყვანდი და ასე არ გავაწვალებდი.
არა მარტო მე, ალბათ, სხვა მშობლებიც, ასე მოიქცეოდნენ.
როგორც ეკატერინე გვეუბნება, მათ აღშფოთებას ის ფაქტიც იწვევს, რომ არც სკოლის ადმინისტრაცია და არც განათლების სამინისტრო თავს ვალდებულად არ მიიჩნევს, მშობლებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს და დროულად ჩააყენოს საქმის კურში, თუ სად და რომელ სკოლაში მოუწევთ ამჟამად შვილების მიყვანა ან რატომ არ შესრულდა გასულ სასწავლო წელს მიცემული პირობა, რომ სასექტემბროდ ისინი საკუთარ სკოლაში დაბრუნდებოდნენ.
ამ ცნობების მისაღებად მშობლებს თავად მოუხდათ სკოლის დირექციასა თუ სამინისტროში დარეკვა.
ეკატერინე კოზმავა: რამდენი ხანია, მშობლები ამ საკითხით ვართ დაინტერესებულები და მიუხედავად იმისა, რომ სკოლას სოციალურ ქსელში თავისი გვერდი აქვს და ინტერნეტის საშუალებით მარტივად შეიძლება ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება, ვიდრე ჩვენ არ ავაწრიალეთ ქვეყანა, ჩვენ არ დავრეკეთ ყველგან და არ მოვითხოვეთ პასუხი, არავინ ინება, რამე ეცნობებინა და ვითარებაში გავერკვიეთ. მით უმეტეს, პირობა ჰქონდათ მოცემული, რომ ამ სასწავლო წელს ჩვენს სკოლაში შევხვდებოდით.
ახლა გავიგეთ, რომ ჩვენმა შვილებმა ისევ სხვა სკოლაში უნდა იარონ და რაც ყველაზე წარმოუდგენელია, სწავლა 4 საათზე უნდა დაეწყოთ. მოსწავლე სახლში რომელ საათზე უნდა დაბრუნდეს ან რომელ მშობელს აქვს იმის დრო და საშუალება, ამ დროისთვის მიიყვანოს ბავშვი სკოლაში?
გამოდის, იმისათვის, რომ ბავშვების სკოლაში ტარება შევძლოთ, არ უნდა ვიმუშავოთ და სახლებში ვისხდეთ. მაშინ შემოსავალი საიდან მივიღოთ?
ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან არის ადამიანების დაცინვა, აბუჩად აგდება და უპასუხიმგებლობა. სკოლა არის ადგილი, სადაც ჩვენი მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ, მათ უნდა მიიღონ სრულყოფილი განათლება და ამისთვის ყველა პირობა უნდა არსებობდეს. მათ აქვთ ამის უფლება.
არადა, ამ მომავალი თაობის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ხომ იქიდანაც ჩანს, რომ არც განათლების სამინისტროდან, არც სკოლის ადმინისტრაციიდან თავიანთი ინიციატივით, სკოლის დაწყებამდე ათი დღით ადრეც, არავითარ ინფორმაციას არ გვაწვდიან და ჩვენ გვიწევს აქეთ-იქით რეკვა და სირბილი. ჩვენი ინფორმირება მაინც ხომ ევალებათ და ამისთვის ათასი საშუალება არსებობს?
ორი სიტყვით სადმე რამე ცნობა არ უნდა იდოს, რა ეტაპზეა შენობის რემონტი ან რა გეგმა აქვს დირექციას, წელსაც მოგვიწევს სკოლის შეცვლა თუ იმავე სკოლაში უნდა ვიაროთ, სადაც შარშან გაგვანაწილეს? ან ყასიდად მაინც მოიხადონ ბოდიში დისკომფორტისთვის.
ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა უპასუხიმგებლობა.
რაც შეეხება პრობლემებს, რაც სკოლის რემონტის გამო, სხვადასხვა სკოლაში სიარულმა მათ შვილებს და პირადად მშობლებსაც მოუტანა, არის არასტაბილურობის განცდა, როცა ერთ წელიწადს ერთ სკოლაში, მეორე წელიწადს - მეორეში უწევთ სწავლის გაგრძელება; წინასწარ არ იციან, ამჯერად რომელ სკოლაში და რომელ ტერიტორიაზე მოუწევთ სიარული და ახალ გარემოსთან შეგუება. არჩევანს თავად არ აკეთებენ, რადგან მოსწავლეებს 165-ე სკოლის ადმინისტრაცია ანაწილებს.
ყველაზე მეტ პრობლემას კი მეორე ცვლაში სიარული უქმნით, რადგან მათთვის სწავლა 2 საათზე იწყება და სკოლის გარდა სხვა აქტივობებისთვის დრო აღარ რჩებათ.
მოგეხსენებათ, ხელოვნების თუ სპორტის წრეები, გაკვეთილების შემდეგ, უმეტესად დღის მეორე ნახევარში მოქმედებს, რა დროსაც მათი შვილები სკოლაში არიან.
მშობლები მიიჩნევენ, რომ თუ აქამდე როგორღაც მაინც ახერხებდნენ ბავშვების სხვადასხვა წრეზე წაყვანას, 4 საათზე თუ დაეწყებათ სწავლა, მათი შვილები საერთოდ ყველაფერს უნდა გამოაკლდნენ. ამიტომ ახლა იმაზე ზრუნავენ, თუნდაც მათი საცხოვრებლიდან მოშორებით, როგორმე, იქნებ, სხვა ისეთ სკოლაში გადაიყვანონ შვილები, რომლის გამოცვლაც აღარ მოუწევთ.
რაც შეეხება 165-ე სკოლის შენობას, მისი რემონტის ასე გაჭიანურებას მოქალაქეები უკვე ეჭვის თვალითაც უყურებენ, რისი გახმოვანება ჩვენთან საუბარშიც არ მოჰრიდებიათ.
მაია მერაბიშვილი, მშობელი: ბავშვები ფალიაშვილზე მდებარე 165-ე სკოლაში კი ირიცხებიან, მაგრამ პირველი კლასის მერე იქ არ უვლიათ. რემონტის დაწყებიდან, ჯერ 46-ე სკოლაში გადაანაწილეს, მერე - უკრაინულში, შემდეგ - 55-ში და ასე დაგვყავს სკოლიდან სკოლაში. არადა, ეს რემონტი ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო და თავიანთ სკოლაში დაბრუნებულიყვნენ. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს გვპირდებიან, რომ მომავალ წელს სწავლა ჩვენს სკოლაში განახლდება, მაგრამ უკვე ოთხი წელია, ასე ამაოდ ველოდებით.
ბავშვები დაიღალნენ უკვე ამ პროცესებით, მათზეც ხომ მოქმედებს ეს გაურკვევლობა?
ჯერ ისედაც კოვიდის პერიოდში ონალინ სწავლებამ აუცრუათ სწავლაზე გული, ახლა კიდევ სკოლიდან სკოლაში გადასვლა და მუდმივად ახალ გარემოსთან შეგუების რეჟიმში ყოფნა მათ განწყობაზეც და სწავლის ხარისხზეც უარყოფითად მოქმედებს. ჩვენ მარტო კი არა, თავად ბავშვებიც აპროტესტებენ ამ ყველაფერს, არ უნდათ.
ან 4 საათზე როგორ უნდა დაიწყოს სკოლაში სწავლა? ზამთარში ორ საათში დაღამდება და სახლში როდის უნდა დაბრუნდნენ? ეს ხომ უპასუხისმგებლობაა? ან დრო როგორ გადაანაწილონ ბავშვებმა? მანამდე, 2 საათზე რომ ეწყებოდათ სწავლა, როგორღაც ვუთავსებდით, რომ კვირის სხვადასხვა დღეებში მუსიკასა და სპორტზე ევლოთ. ახლა, 4-ზე რომ დაეწყებათ და რეჟიმები სულ აერევათ, როგორღა ვატაროთ, სად ვატაროთ? სპორტსა და მუსიკაზე კი არა, სკოლაში 4 საათზე წასული ბავშვები სახლში რა დროს უნდა დაბრუნდნენ ან რა განწყობაზე უნდა იყვნენ, ამაზე თუ იფიქრა ვინმემ, ნეტა, იმ სამინისტროში?
საშინელ მდგომარეობაში უნდა ჩაგვაყენონ, ეს იმას ნიშნავს, რომ უპატრონო სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ბავშვების მომავალს ელემენტარული ყურადღება არ ექცევა.
ხომ შეიძლება განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ვინც ამ საკითხებზეა პასუხისმგებელი, ერთი დღით თავი ჩვენი და ჩვენი შვილების მდგომარეობაში წარმოიდგინონ? საინტერესოა, მერე როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ?
იმდენ ხანს და ისე უშნოდ გაჭიანურდა ამ სკოლის რემონტის დასრულება, რომ უკვე ეჭვებიც გაჩნდა, შენობას ხომ არ დაადგა თვალი ვინმემ, წართმევა ხომ არა აქვთ ჩაფიქრებული და იმიტომ ხომ არ გაწელეს დრო ასეო... მაგრამ მთლად ასეთი უსინდისოები როგორ იქნებიან? არადა, თუ მართლა სკოლის რემონტი ჰქონდათ გადაწყვეტილი, სრული სამი წელია, რაც დაიწყეს და ადგილზე რომ ვნახეთ, ისეთი მდგომარეობაა, გეგონებათ, მუშები აგერ, ერთი კვირის წინ შეუდგნენ საქმიანობას. ამდენი წელი მართლა რას მოანდომეს, რა გააკეთეს, რომ სასიკეთო ვერაფერი დაატყვეს შენობას და რემონტის დასრულებაზე ჯერ ლაპარაკიც ზედმეტია?
სხვათაშორის, მახსოვს, შარშან ამ საკითხზე სკოლის დირექტორს კიდევ ერთხელ რომ შევხვდით და ვილაპარაკეთ, ისიც ითქვა, ეს შენობა სკოლისთვის შეუფერებელია, რადგან საძირკველში წყალია დაგუბებულიო. თუ სკოლისთვის შეუფერებელია და წყალი უშლის, სხვა რამისთვის არ იქნება შეუფერებელი? უკვე არ ვიცით, რა ვიფიქროთ.
165-ე სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან გასაუბრების შემდეგ, სოციალურ ქსელში ის მშობლებიც მოვიძიეთ, რომელთა შვილებს, სკოლის მეორე ცვლაში სიარულის გამო, უკვე წლებია, დღის რეჟიმი არეული აქვთ და სხვა აქტივობებსაც მოკლებულები არიან.
როგორც აღმოჩნდა, არამარტო სკოლის შენობის რემონტის, არამედ მოსწავლეების სიმრავლის გამოც, დედაქალაქის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესის 4 საათზე დაწყება ახალი ამბავი სულაც არ ყოფილა და ბევრი ბავშვი სწორედ ამ დროს მიდის სასწავლებლად. ამ მიზეზით, სპორტის ან ხელოვნების რომელიმე სახეობაში მომზადებას ან სულ ვერ ახერხებენ, ან მხოლოდ შაბათ-კვირასღა ასწრებენ.
გარდა იმისა, რომ სკოლის დღეებში სხვა აქტივობებისთვის დროის გადანაწილება უჭირთ, მშობლების თქმით, ბავშვებს ძილის და კვების რეჟიმიც არეული აქვთ, რაც მათ განწყობასა და შრომიუნარიანობაზეც უარყოფითად მოქმედებს. მათ ასევე, აღიზიანებთ ის მომენტი, რომ მაშინ, როცა ისინი სკოლაში მიდიან, მათი დანატოლები იქიდან უკვე დაბრუნებულებიც არიან და დასვენებულებიც ან ის, რომ როცა სხვა ბავშვები ეზოში თამაშობენ და ერთობიან, ამ დროს მათ გაკვეთილებზე უწევთ ჯდომა. ამიტომაც თავიანთი რეჟიმის მიმართ პროტესტი უჩნდებათ და ხშირად უარს ამბობენ სკოლაში სიარულზე.
ცალკე თემაა სხავდასხვა სამსახურში დასაქმებულ მშობელთა პრობლემა, რომელთაც ოჯახში სხვა არავინ ჰყავთ და უდროო დროს თავად ვერ ახერხებენ ბავშვების სკოლაში წაყვანას. ვისაც საშუალება აქვს ან მატერიალურად იჭირვებს, დამხმარეს ქირაობს და მას ატანს შვილს სკოლაში. გარკვეულწილად, ბავშვების გუნება-განწყობაზე ეს გარემოებაც უარყოფითად მოქმედებს.
რამდენად სწორია სკოლაში სწავლის პროცესის დღის მეორე ნახევრში დაწყება და როგორ აისახება ბავშვების შრომისუნარიანობაზე, სტიმულსა და მოტივაციაზე ის მომენტი, რომ როცა მათი თანატოლების ნაწილი გაკვეთილებიდან ბრუნდება, ისინი სწორედ მაშინ მიდიან სასწავლებლად ან როგორ მოქმედებს მათ განწყობასა და სწავლის მიმართ მზაობაზე არასწორი განრიგი და არეული დღის რეჟიმი, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ფსიქოლოგ დანილა გოგიას ვთხოვეთ.
მისი თქმით, სკოლა ზოგადად ყველა ბავშვისთვის სტრესულია და მოსწავლეს შეიძლება კლასელებთან, მასწავლებლებთან სტაბილურად კარგი ურთიერთობა არც ჰქონდეს. ზოგიერთს საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოვლენა და საკუთარი უნარების გამჟღავნება, მათი მასწავლებლამდე მიტანაც უჭირს და ესეც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. ხოლო როცა ამ ყველაფერს არეული განრიგი და არასწორი დღის რეჟიმიც ემატება, მისთვის გარემო კიდევ უფრო სტრესული ხდება.
დანილა გოგია, ფისოლოგი: ეს ისეთი საკითხია, რომ შეუძლებელია, ადამიანი არ დაფიქრდეს და რაღაც დეტალები არ გაითვალისწინოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ, პირდაპირ აისახება მოსწავლის ნაყოფიერებაზე, მოტივაციაზე, სტიმულსა და ხასიათზეც.
არათუ ბავშვისთვის, არავისთვის არ არის მარტივი შეეწყოს არასწორ განრიგს.
ბავშვი, რომელიც დილით იღვიძებს, ბევრად უფრო ენერგიულია, ბევრად უფრო კრეატიულია, ბევრად უფრო მზად არის შემეცნებისთვის და ზოგადად, ბევრად მეტი რესურსი აქვს, ვიდრე დღის მეორე ნახევრაში.
ჩვენ, ზრდასრული ადამიანები მეტნაკლებად, თითქოს, შეჩვეული ვართ გარკვეულ არასტანდარტულ რეჟიმს, არასტანდარტულ განრიგს, მაგრამ ჩვენთვისაც არ არის მარტივი, როცა სამუშაო დრო გადანაცვლებულია და დღის მეორე ნახევარში გვიწევს იმ ენერგიის დახარჯვა, რაც დილით უნდა დაიხარჯოს.
გარდა ამისა, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, რომლებიც მეორე ცვლაში არიან, არეული რეჟიმის გამო, აბსოლუტურად არ რჩებათ დრო თავიანთი თავისთვის. ის დრო, რაც მათ გართობას, თამაშს, სიამოვნებას უნდა მოახმარონ, ფიზიკურად არ აქვთ.
ეს ბავშვები იმ მოტივით იღვიძებენ, რომ უნდა იმეცადინონ, დავალებები დაწერონ, გაკვეთილები ისწავლონ და მერე წავიდნენ სკოლაში.
პირადად ჩემი მაგალითიც შემიძლია მოვიყვანო, როცა დღის მეორე ნახევარში მქონდა სესიები ჩანიშნული, დღის პირველი ნახევარი ისე გამიფლანგავს, რომ ვერც კი შემიმჩნევია და მერე მქონია განცდა, რომ დღეს არც ისეთი ნაყოფიერი ვიყავი, ვიდრე მაშინ, როცა დილიდან ვიწყებ მუშაობს. ამიტომ ეს ვითარება არავისთვის არ არის იოლად გადასალახი და დასკვნა მარტივად შეგვიძლია გამოვიტანოთ.
ზრდასრული ადამიანები მეტ-ნაკლებად ვიაზრებთ და ვეგუებით იმ ცვლილებებს, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ბავშვებისთვის, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის გაუგებარია ეს მდგომარეობა, ისინი არ არიან ამისთვის მზად და უჭირთ მიღება. ვერ იგებენ, რატომ არ შეიძლება საკუთარი თავისთვის მეტი დრო ჰქონდეთ.
მსგავსი არაერთი შემთხვევა მქონია და მიმუშავია ბავშვებთან, რომელთაც სკოლების რემონტის გამო, სხვა სკოლებში დღის მეორე ნახევარში უწევდათ სიარული და იქიდან ღამე ბრუნდებოდნენ სახლში.
სკოლიდან ღამით დაბრუნებულ ბავშვს, მით უმეტეს ზამთარში, არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ეზოში ან პარკში ჩავიდეს, ისიამოვნოს, თავის თანატოლებთან გაერთოს და მათთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეს. ეს ძალიან მძიმე მისაღებია და დიდ სტრესს იწვევს, მათ შორის იმ ბავშვებშიც, რომლებიც კარგად სწავლობენ და სკოლაში მაღალი მოსწრებით გამოირჩევიან, რადგან ასეთ ყოჩაღ ბავშვებს კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ განტვირთვა და სასიამოვნო დასვენება. თუ მათ ამის საშუალება არა აქვთ, ღიზიანდებიან, იძაბებიან, ისტრესებიან და მერე ეს ყოველივე მათი სწავლის ხარისხზეც უარყოფითად აისახება.
P. S. ჩვენს რესპონდენტებთან გასაუბრების შემდეგ, განთლების სამინისტროს წარმომადგენლებსაც დავუკავშირდით და მათთან თბილისის 165-ესკოლის შენობის რემონტთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება ვცადეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ სამუშაოებს არა განათლების სამინისტრო, არამედ მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს, ამიტომ მათ კონკრეტული დეტალების შესახებ არაფერი იციან.
რაც შეეხება, დედაქალაქის სკოლების დასრულებული თუ მიმდინარე რეაბილიტაციის, ასევე მომავალში დაგეგმილი რემონტის შესახებ ზოგად ინფორმაციას, სამინისტროს ცნობით, ყველა მონაცემს უახლოეს დღეებში საკუთარ ვებგვერდზე განათავსებენ.
ირმა ბერიშვილი
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.