Jump to content
Planeta.Ge

აჯარიმებს თუ არა უსამართლოდ ავტოტრანსპორტის მფლობელებს ,,თბილისის პარკინგი"


 

 

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში 7 835 964.91 ლარი შევიდა.

2023 წლის 6 თვის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია. გასული წლის იგივე პერიოდში 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ბიუჯეტში 2 000 680.30 ლარი შევიდა.

2023 წელს 4 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 269 %-ით გაიზარდა. ზრდა ნაწილობრივ იმითაცაა გამოწვეული, რომ შარშან, შემოდგომაზე პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობამაც მოიმატა.

დედაქალაქის ქუჩების გადატვირთულობის გამო თუ სხვა მიზეზით, ავტოტრანსპორტის მფლობელები რომ არასწორ პარკირებას ხშირად მიმართავენ, ამ მონაცემების გაცნობის გარეშეც ყოველი ჩვენგანისთვის თვალსაჩინოა. სამართლიან ჯარიმასაც მეტ-ნაკლებად არავინ გაურბის და არავინ აპროტესტებს, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა თბილისის პარკინგის თანამშრომელთა უყურადღებობის ან არაპროფესიონალიზმის შედეგად ჯარიმა შეცდომით იწერება, რაც ავტომანქანების მფლობელთათვის თავსატეხი ხდება და შემდეგ მათ სხვადასხვა ინსტანციაში უწევთ სირბილი, რათა თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ.

ერთ-ერთი ასეთი უსამართლოდ დაჯარიმებული მძღოლი გახლავთ ჩვენი რესპონდენტი, საბავშვო მწერალი, ირმა მალაციძე. მას აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილი ჰყავს, ამიტომაც შშმ პირებისთვის განკუთვნილი სადგომებით სარგებლობს, რადგან სპეციალური მოწმობის მიხედვით ამის უფლება აქვს. საცნობი ნიშანიც მანქანაში თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული, თუმცა ერთი თვის წინ, შშმ პირებისთვის განკუთვნილ სადგომზე გაჩერებული ტრანსპორტის გამო ,,თბილისის პარკინგის" თანამშრომლებმა ჯარიმა მაინც გამოუწერეს. ირმამ სცადა, ფაქტი გაესაჩივრებინა და კომპანიის წინაშე თავისი სიმართლე დაემტკიცებინა, მაგრამ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია.

სად და რა ვითარებაში დააჯარიმეს და რა გაგრძელება მოჰყვა მის შემთხვევას, ამაზე თავად რესპონდენტი მოგვიყვება:

- ივნისის ბოლოს ჩემი შვილი გლდანში აუზზე მივიყვანე. ეს შემთხვევაც იმ აუზის მიმდებარედ მოხდა. ბავშვი დავტოვე, მაგრამ იქვე, ახლომახლო შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადგილი ვერსად ვნახე, ამიტომ ბევრი სიარული დამჭირდა, ბოლოს ვასაძის ქუჩაზე ვიპოვე ნიშანი და იქ დავაყენე.

საერთოდ, როცა ჩვენთვის განკუთვნილ ადგილს ვერ ვპოულობ, მანქანას ფასიან სადგომზე ვაჩერებ და თანხას ვიხდი. ,,თბილისის პარკინგის" საშვით არ ვსარგებლობ, რადგან შშმ პირებისთვის განკუთვნილი საშვი მაქვს.

როგორც გითხარით, დავაყენე მანქანა, გადმოვედი და ცოტა ხანში მომივიდა შეტყობინება, რომ დამაჯარიმეს. თავიდან ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე, ვიფიქრე, რამე ხომ არ შემეშალა-მეთქი და მობრუნებულმა კიდევ ერთხელ გადავამოწმე, მაგრამ ნამდვილად შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე მეყენა ტრანსპორტი. ფაქტის დასაფიქსირებლად ფოტოებიც გადავიღე და მაშინვე დავრეკე მერიის ცხელ ხაზზე. იქ მითხრეს, რომ თუ რამე შეცდომა იყო, განცხადების დასაწერად და საქმის გასარკვევად ვაგზლის მოედანზე უნდა მივსულიყავი.

ესეც სათქმელია, რომ მსგავსი შემთხვევებისას ონლაინ მომსახურება არ აქვთ, ვერც რამეს მოითხოვ და განცხადებასაც ელექტრონულად ვერ შეავსებ. ადგილზე უნდა  მიხვიდე და ამაშიც დრო და რესურსი უნდა დახარჯო.

აქვე, კიდევ ერთი ფაქტი, რამაც საქმე გამირთულა ისაა, რომ მანქანა ბავშვზეა გაფორმებული, სხვაგვარად შშმ პირის საცნობ ნიშანს არ მოგვცემდნენ. ცხელ ხაზზე რომ დავრეკე, კატეგორიულად მოითხოვეს, თავად ბავშვს დაერეკა ან მისულიყო და განცხადება დაეწერა. ვერ გავაგებინე, რომ ეს შეუძლებელი იყო. მერე, როცა კომპანიაში მივედი, იქაც იგივე განმეორდა, ისევ ბავშვის მისვლას და მის მიერ განცხადების დაწერას ითხოვდნენ. უბრალოდ, წარმოდგენა არ ჰქონდათ აუტიზმზე და ეგ რა არისო, მეკითხებოდნენ...

როგორც იქნა, დავითანხმე და დავწერე საჩივარი, რომლის განხილვაც 2 აგვისტოს ჩაინიშნა. თავისთავად, ვაპირებდი, რომ განხილვას დავსწრებოდი, მაგრამ სწორედ იმ დღეებში ბავშვი ავად გამიხდა და კლინიკაში ვიყავით, ამიტომ ვერ შევძელი. თუმცა კი, ეჭვიც არ შემპარვია, რომ შემთხვევას ობიექტურად განიხილავდნენ, თავიანთი თანამშრომლის შეცდომას აღიარებდნენ და ჯარიმას მომიხსნიდნენ.

image.jpeg

თავიდანვე ვფიქრობდი, ეტყობა კონტროლიორმა ვერ დაინახა საცნობი ნიშანი, რომელიც მანქანის საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს იდო და ჯარიმა ამიტომაც გამოწერა-მეთქი. შესაბამისად, მოლოდინი მქონდა, რომ ჩემი საჩივრის განხილვის შემდეგ ყველაფერი გაირკვეოდა. ამის ნაცვლად კი ისეთი დასკვნა მომივიდა, გაოგნებული დავრჩი. დასკვნაში წერია, რომ ,,თბილისის პარკინგის" თანამშრომელმა წარადგინა ფოტომასალა, რომელზე დაყრდნობითაც კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ჩემი ავტომანქანა არ იყო გაჩერებული შშმ პირებისთვის განკუთვნილ სადგომზე და რადგან პარკინგის საშვი შეძენილი არ მქონდა, ამ ფაქტის საფუძველზე დავჯარიმდი.

მართლა მაინტერესებს, რა ფოტო წარადგინა მათმა თანამშრომელმა და რით დაარწმუნა კომისია, რომ მანქანა სპეციალურ სადგომზე არ მეყენა? არადა, მათ არ იცოდნენ, რომ მე ფაქტის დამადასტურებელი ფოტოები გადაღებული მქონდა. საჩივრის დაწერისას არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ფოტოების არსებობის შემთხვევაში, შემეძლო  მტკიცებულების სახით განცხადებისთვის თან დამერთო. ეს ფოტოები ნამდვილად მაქვს, საიდანაც ადგილის და თარიღის იდენტიფიცირება უპრობლემოდ შეიძლება. მიუხედავად ამისა, არ დავიზარე, ხელახლა წავედი იმ ადგილას და ისევ გადავუღე ცარიელ პარკინგს ფოტო იმის დასტურად, რომ ნამდვილად იმ სპეციალურ სადგომზე მეყენა მანქანა. თბილისის პარკინგი კი საწინააღმდეგოს მიმტკიცებს... შეიძლება ამ კომპანიამ ამხელა და ასეთი თვალსაჩინო ტყუილი იკადროს?

image.jpeg

- რა ზომებს მიმართეთ ამის შემდეგ, ისევ თუ შეეხემიანეთ თბილისის პარკინგის ადმინისტრაციას?

- დარეკვით კი დავრეკე და ტელეფონში რისი თქმაც შეიძლებოდა, არაფერი დამიკლია, მაგრამ ეს რა შეღავათია? ფულზეც აღარ არის უკვე ლაპარაკი, შეიძლება ადამიანს, მოქალაქეს არაფრის გამო ამდენი პრობლემა შეუქმნა? და რამდენი ასეთი შემთხვევა იქნება კიდევ, ვინ მოთვლის? დრო, ფული, ენერგია, ფსიქიკა რატომ უნდა შევალიო მათი უცოდინარი ან უყურადღებო თანამშრომლის შეცდომას, რომელმაც ვითომ ფოტომასალაც კი წარუდგინა კომისიას, თურმე? დამაინტერესა და შევედი ჯარიმების გვერდზე, იქნებ, რამე ფოტო ან ვიდეო მასალა მართლა დევს-მეთქი და მხოლოდ ერთი ფოტო ვნახე, სადაც ასფალტის საფარი და ჩემი ავტომანქანის ბორბლები ჩანს მარტო, მეტი არაფერი. იმ ფოტოდან რა დასკვნა უნდა გამოეტანათ, ვერ ვხვდები.

ამ ყველაფრის გააანალიზებით, იმის თქმა შეიძლება, რომ მხოლოდ ფორმალურად დგება ეგ კომისია და მისი წევრები არც არაფერს განიხილავენ, ბრმად წერენ ისეთ დასკვნებს, რაც მათ აწყობთ.   

მათი შეცდომის გამო მე რატომ უნდა ვიზარალო და ჩემს შვილს რატომ უნდა დავაკლო ის 50 ლარი, რომელზე ბევრად მეტი ისედაც დამეხარჯა უკვე მათთან ჭიდილში, მაშინ, როცა აქეთ არაფრით მეხმარება სახელმწიფო?

ნამუსი ხომ უნდა ჰქონდეთ, რომ ასე უტიფრად არ გვჩაგრონ თავიანთივე მოქალაქეები?

- როგორ ფიქრობთ, თქვენი საჩივრის განხილვაზე დასწრება რომ მოგეხერხებინათ და ადგილზე გადაღებული ფოტოები გენახებინათ, მაშინ როგორ გადაწყდებოდა ეს საკითხი?

- მართლაც საინტერესოა, მაშინ რას იტყოდნენ, ალბათ, სხვა გზა არ დარჩებოდათ და აღიარებდნენ შეცდომას. როგორ დავიჯერო, რომ მაშინაც დამიწყებდნენ მტკიცებას, სხვა ადგილზე იდექიო?

კომისიის პასუხის მიღების შემდეგ ისევ დავრეკე მათთან, ვიღაც ბიჭს ველაპარაკე და რომ ვუთხარი, მანქანისთვის და პარკინგისთვის ფოტოები მქონდა გადაღებული, გაუკვირდა და მკითხა, განცხადებას თუ დაურთეთო?

ხომ ვთქვი, მე არც მიფიქრია, საჭირო თუ იყო და არც საჩივრის გრაფაში იყო მითითებული, ფოტომასალის წარდგენა, თორემ დავურთავდი. თავად აფიქსირებენ ხოლმე ყველაფერს, როცა ჯარიმის ქვითარს ადგენენ, მეგონა, მართლა ჰქონდათ გადაღებული და იქიდან შეამოწმებდნენ ფაქტს.  

- საბოლოო პასუხი რა მიიღეთ მათგან, შემდგომი რა ნაბიჯია საჭირო იმისთვის, რომ თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ?

- მათგან არაფერი პასუხი არ მიმიღია, ერთი გეუბნება, უი, ეს ჩვენ არ გვეხება, იმასთან დარეკეთ; ის მეორეც იგივეს გპასუხობს და კიდევ სხვასთან გამისამართებს. საბოლოოდ, გამოდის, რომ ერთიდაიგივე შემთხვევაზე მათთან მხოლოდ ერთხელ გვაქვს გასაჩივრების უფლება და აწი სასამართლოს უნდა მივმართო. კი დავიღალე უკვე, მაგრამ პრინციპის ამბავია და ვფიქრობ, მართლა მივმართავ სასამართლოს, რათა ცოტა ჭკუა ისწავლონ და იქნებ, ეს უცოდინარი და უყურადღებო თანამშრომლებიც სამსახურიდან გაუშვან.

წარმოიდგინეთ, მათი შეცდომების და უპასუხიმგებლობის გამო რამდენი არასწორი ჯარიმა იწერება დღეში და რამდენ ადამიანს ამწარებენ? მერე ყველა ასე ვერ გამოეკიდება უწყებიდან უწყებაში, ზოგს დრო არ ჰყოფნის, ზოგს - ნერვები, ზოგს არ უღირს და რჩებიან დაუსჯელები. არც მე მაქვს გასაფლანგი დრო და ნერვები, მაგრამ პრინციპის ამბავია, რატომ უნდა შერჩეთ ასეთი უსამართლობა, როცა ფაქტის და ჩემი სიმართლის დამადასტურებელი მასალა მაქვს?

სხვათაშორის, ამ ბოლო დროს, ჯარიმების ვებგვერდზე ერთი უცნაურობაც შევნიშნე. აქამდე, როცა ჯარიმის შესამოწმებლად შევდიოდი და ვნახულობდი, რომელი წესი დავარღვიე, ვიდეომასალები იდო ხოლმე და თავისუფლად შეგეძლო გაგერკვია, რატომ და რისთვის დაგაჯარიმეს. ახლა მხოლოდ ფოტოები დევს, საიდანაც ძნელი მისახვედრია, სად რა შეგეშალა და ვერც ვერავის დაუმტკიცებ შენს უდანაშაულობას.

მგონია, რომ ესეც ერთგვარი ხრიკია და სპეციალურად გადავიდნენ ამ სისტემაზე.

- რაც შეეხება შშმ პირებისთვის განკუთვნილ პარკინგს, ძალიან ხშირად გვინახავს, მათ სადგომებზე როგორ დგას ხოლმე პრესტიჟულნომრიანი მანქანები, ყოველგვარი საცნობი ნიშნის გარეშე. ზოგან - სატვირთოებიც, არც დისტრიბუციის მანქანები ერიდებიან დაპარკინგებას. თქვენ თუ შეგქმნიათ პრობლემა მათ გამო?

- გამუდმებით გვექმნება პრობლემები და არა მარტო უპასუხიმგებლო მძღოლების გამო.  ძალიან ბევრჯერ შემხვედრია, რომ სპეცსადგომზე ნაგვის ურნა იდგა და მე ვერ გავაჩერე. ერთხელ ისეთ ფაქტსაც შევესწარი, თავად კონტროლიორს ეყენა მანქანა და თავისი ჟილეტი ჰქონდა გადაფენილი, რომ არავინ შეხებოდა.

ადრე, მახსოვს, ვერაზე, ფილარმონიასთან შშმ პირებისთვის ერთადერთი ადგილი იყო გამოყოფილი, სადაც მთელი სამი თვის განმავლობაში, ვიღაცას მწყობრიდან გამოსული მანქანა ეყენა, საქარე მინაზე კი რომელიღაც ძალოვანი უწყების ,,ქსივა“ ჰქონდა გამოდებული. როცა საშველი არ დაადგა და მე მანქანის დაყენება ყოველდღე პრომლემა მიხდებოდა, ავტოსადგომის დარაჯს დაველაპარაკე და დავიმუქრე, რომ ტრანსპორტის პატრონს ვუჩივლებდი. არ ვიცი, დარაჯმა რა უთხრა, ან პატრონმა სად გადააყენა მანქანა, მაგრამ ის ადგილი მხოლოდ ამის შემდეგ გათავისუფლდა.

ბევრგან მხვდება იგივე ვითარება, ბავშვი მიზის მანქანაში და მივდივარ კონკრეტულ ადგილას, სადაც სპეციალური ნიშანია, ამ დროს იქ ვიღაცას მანქანა ჰყავს მიჩერებული, თან ციმციმები აქვს ჩართული, აქაოდა, მალე მოვალო. შეიძლება, მართლაც 5 წუთით არის სადღაც შესული, მაგრამ ამდენ ხანს შენ ვეღარ ჩერდები და ვერ ელოდები, იძულებული ხარ, სადღაც სხვაგან წახვიდე. ამასობაში, საქმეზე ხომ გაგვიანდება ან კიდევ უარესი, რუტინას მიჩვეულ ბავშვს ეწყება ისტერიკა და ტანტრუმი. ჩემი შვილის დიაგნოზის მქონე ბავშვებს მოთმინების უნარი არა აქვთ, მათ ვერ გააგებინებ, რატომ გიწევს დიდხანს დგომა და ლოდინი, ან რატომ გიწევს სხვაგან ადგილის ძებნა. პატარა წინააღმდეგობამ შეიძლება ისეთი ტანტრუმი გამოიწვიოს, რომ  მანქანაში ყველაფერი დაგილეწოს. რამდენჯერ მქონია მსგავსი შემთხვევა, ხან კლინიკაში რომ მიმყავდა და ხან - სკოლაში, გასაჩერებელი ადგილი რომ ვერ ვნახე და წრეზე მომიწია სიარულმა, გაგიჟდა, ვერაფრით დავამშვიდე. ასეთი რთულია ჩვენთვის მათი რუტინის დარღვევა.

სხვათაშორის, შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე ძალიან ხშირად აჩერებენ უცხოურნომრიანი მანქანის მფლობელები, რადგან იციან, რომ მათზე ჩვენი კანონები არ ვრცელდება და ვერავინ დააჯარიმებთ. ბევრჯერ ყოფილა, მათ გამო ახლოში მდგარ პატრულთან მივსულვარ და მითხოვია დახმარება, მაგრამ უპასუხიათ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ.

ისე გამოდის, რომ ეს სპეციალური სადგომი ჩვენს გარდა ყველას თავშესაფარია, ვისაც არ ეზარება. მარტო ჩვენთვის, შშმ პირების მშობლებისთვის ან თავად შშმ პირებისთვის ხდება საპრობლემო.

image.jpeg

ზოგან ისეცაა, რომ ადგილი თავისუფალია, მაგრამ ისე ვიწროა და აქეთ-იქით მანქანები ისეა მიყენებული, კი გაჩერდები, მაგრამ მანქანაიდან ვერ გადმოხვალ ან ვერ ჩაჯდები. საერთოდ, შშმ პირების ადგილი უნდა იყოს განაპირა, რათა მანქანიდან გადმოსვლაც და ჩაჯდომაც ადვილად შეძლონ. მე კარგი, როგორღაც გადმოვბობღდები, მაგრამ საინტერესოა, ორივე მხარეს მიყენებულ მანქანებს შორის თავად შშმ პირმა რა უნდა ქნას, ვინც ვთქვათ, საერთოდაც დამხმარე საშუალებებით სარგებლობს?

გამოდის, ბევრგან მხოლოდ ბუტაფორიუად არის მონიშნული ეს ადგილები.

როცა ჩემი შვილი პირველ სკოლაში დამყავდა, მის მიმდებარედ შშმ პირების პარკინგი არსად არ იყო და იქ მანქანის გაჩერება საერთოდ კოშმარად მქონდა ქცეული. ორი თვე ვირბინე მერიაში, განცხადებები ვწერე, ყველა შევაწუხე და როგორც იქნა, დაამატეს ერთი პარკინგი შშმ პირებისთვის, მაგრამ რად გინდა, ორჯერ არ მისარგებლია იმ ადგილით. ხან ვისი მანქანა მხვდებოდა და ხან - ვისი, არასდროს თავისუფალი არ იყო და წრეებს ვარტყამდი, რომ სადმე თავისუფალი ადგილი მენახა და მანქანა დამეყენებინა. სხვა ბავშვებივით რომ ყოფილიყო ჩემი შვილი, მივუჩერებდი იქვე და თავისით გადავიდოდა, შევიდოდა სკოლაში, მაგრამ მე ბავშვი ხელიდან ხელში უნდა გადამეცა სკოლის ფსიქოლოგისთვის და აქეთაც ასე გამომყავდა.

ერთხელ ჩემამდე მოასწრო და ერთ-ერთი მოსწავლის მამამ მიაყენა მანქანა, ვთხოვე, ჩვენი ადგილია და გვაცადე, მე უნდა დავაპარკინგო-მეთქი. კაი, რა, ერთი-ორი წუთი რა მოგივა, მალე გამოვალო, მომიგდო სიტყვა, გადმოიყვანა თავისი შვილი მანქანიდან და უკანმოუხედავად წავიდა სკოლისკენ, აინუშშიც არ ჩამაგდო. ბავშვი მანქანაში ყვიროდა, ისტერიკაში იყო, ისე გავმწარდი, ცრემლები წამომივიდა...

- რაც შეეხება თბილისის პარკინგის მიმართ პრეტენზიებს, თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად, აპირებთ თუ არა, სასამართლოში განაგრძოთ ბრძოლა?

- დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს გავაკეთო და გესმით, ალბათ, რომ აქ იმ 50 ლარზე არ არის საუბარი, რითაც დავჯარიმდი, აქ სიმართლის დამტკიცება და იმის აღიარებაა მთავარი, რომ ამ უწყებაში ბევრი არაპროფესიონალია დაკავებული და მათი შეცდომების თუ უპასუხიმგებლობის გამო სხვა მოქალაქეები ვზარალდებით.

ამ დღეებში ვაპირებ, გავარკვიო ყველა დეტალი, თუ რა პროცედურების გავლა მომიწევს მას შემდეგ, რაც სასამართლოს მივმართავ და რამდენად გახანგრძლივდება პროცესი შედეგის მიღებამდე. თუ ზედმეტი ბიუროკრატიული მექანიზმის დაძლევა არ მომიხდა,  აუცილებლად შევიტან საჩივარს სასამართლოში და დავამტკიცებ სიმართლეს.

 

ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...