Jump to content
Planeta.Ge

მზით და ქრიზანთემებით სავსე შაბათ-კვირა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში


საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მნახველები არც სხვა დღეებში აკლია, მაგრამ გასულ შაბათ-კვირას ამ ადგილს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ეწვია. ხალხმრავლობის მიზეზი  ყვავილების გამოფენა-გაყიდვა იყო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უცვლელ ტრადიციად იქცა და ყოველ შემოდგომაზე ტარდება.

სტუმრების სიმრავლე ბოტანიკურის შესასვლელში, სალაროებთანვე იგრძნობდა, ბილეთის რიგში სხვადასხვა ასაკის ადამიანი მრავლად შეკრებილიყო. ყველას ჩემსავით იმ ადგილისკენ მიეჩქარებოდა, სადაც თვალწარმტაცი სანახაობა ელოდა.

გზადაგზა ყვავილებით თავ და ხელდამშვენებული ღიმილიანი მოქალაქეები გვხვდებოდნენ, რომელთაც უკვე შეეძინათ სასურველი მცენარეები და სახლისაკენ მიემართებოდნენ.  

image.jpeg 

გამოფენის ტერიტორიაზე მართლაც არაჩვეულებრივი გარემო დაგვხვდა ულამაზესი ფერადი ქრიზანთემებით და სხვადასხვა ჯიშის ქოთნის ყვავილებით, მარადმწავნე ბუჩქებისა და ხეების ნერგებით, თაიგულებით, ღიმილიანი სახეებით, სასიამოვნო მუსიკითა და ნაირგვარი ნუგბარით.

 image.jpeg

იქვე იყო გამოფენილი სხვადასხვა მხატვრის თემატური ნამუშევრები, რომელთა შეძენაც ადგილზე შეიძლებოდა. ცალკე კუთხეში მეთუნის დაზგა მოეწყოთ, სადაც მსურველები თიხით ძერწვის მასტერკლასს გადიოდნენ.

 image.jpeg

საინტერესო და შემეცნებით საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ბაღის პატარა სტუმრებიც, რომელთათვისაც სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა ტარდებოდა.

 image.jpeg

როგორც საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღონისძიებების მენეჯერმა, სოფო მეტრეველმა გვითხრა, ყვავილების ტრადიციულ გამოფენაში ბოტანიკური ბაღის გარდა, სხვა სანერგე მეურნეობები და ყვავილების სალონებიც მონაწილეობდნენ.

 image.jpeg

სოფო მეტრეველი: ჩვენს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა-გაყიდვა ყოველწლიურად იმართება და ეს უკვე ჩვენს ტრადიციულ ღონისძიებად იქცა. გასახარია, რომ ამ ღონისძიებით დაინტერესება, როგორც დამთვალიერებლების, ისე მონაწილეობის მსურველთა მხრიდან ყოველწლიურად იზრდება. ძალიან ბევრ სანერგე მეურნეობას თუ ყვავილების სალონებს უნდათ, რომ ჩაერთონ ამ აქტივობაში და წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად ჩვენც ხელს ვუწყობთ ამ საქმეში.

image.jpeg

ამჯერად გამოფენა-გაყიდვაზე 25-მდე მონაწილე დავიმატეთ და წლევანდელი ღონისძიება იმითაც გამოირჩევა, რომ როგორც მონაწილეების, ისე ახალი კოლექციების და მრავალფეროვნების თვალსაზრისით უფრო მასშტაბურია. სტუმრებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ ბოტანიკურ ბაღში გამოყვანილი ქრიზანთემების თუ სხვა ყვავილების ახალი ჯიშების და სახეობების კოლექცია; შეუძლიათ შეიძინონ ეს მცენარეები და თავადვე გაამრავლონ.

image.jpeg

ამდენად, ეს ღონისძიება მებაღეობა-მეყვავილეობის დარგის განვითარებასაც ემსახურება, ბიომრავალფეროვნების განვითარებასაც და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებასაც.

მარტო ჩვენი ბაღის კოლექციიდან აქ ქრიზანთემების 150-მდე სახეობაა წარმოდგენილი, სხვა მონაწილეების პროდუქციას რაც შეეხება, რეგიონებსა თუ თბილისში არსებული 15-მდე სანერგე მეურნეობა იღებს გამოფენაში მონაწილეობას, მონაწილეობენ ასევე ყვავილების სალონები თუ ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოები.

ძალიან გვსიამოვნებს და გვახარებს, რომ გვაქვს ასეთი კარგი უკუკავშირი და სტუმრების მხრიდანაც დიდი დაინტერესება მოდის.

image.jpeg 

ბოტანიკური ბაღის სტუმრების მხრიდან მართლაც დიდი იყო დაინტერესება ყვავილების თუ სხვა მცენარეების მიმართ, რომელსაც გამოფენაზე მრავლად ნახავდით. მებაღეებიც გულმოდგინედ უხსნიდნენ მყიდველებს თითოეული ყვავილის მონაცემებს, თვისებებს და მოვლის წესებს.

გამოფენაზე განსაკუთრებით ჭარბად იყო ქრიზანთემები, რომელიც ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ჰქონდათ წარმოდგენილი.

image.jpeg 

როგორც ამ კოლექციის კურატორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ეთერ გოგიტაშვილი ამბობს, გასული საუკუნის 90-ან წლებამდე ბაღში ქრიზანთემების 200-მდე სახეობას ითვლიდნენ, 90-ან წლებში კი, ძნელბედობისას, ეს კოლექცია მთლიანად განადგურდა და მხოლოდ რამდენიმე სახეობა გადარჩა. მათი აღდგენა 2000 წლიდან კვლავ დაიწყეს და ამ 23 წლის განმავლობაში, ჩვენი ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა დაუღალავი შრომით და მონდომებით, 170-მდე სახეობა კვლავ მოაშენეს. მათ შორის, ქრიზანთემის რამდენიმე ახალი სახეობა თავადვე გამოიყვანეს.

image.jpeg 

სწორედ ამ ქრიზანთემებით და ოქტომბრის მზით იყო სავსე გასულ შაბათ-კვირას საქართველოს ბოტანიკური ბაღი.

 

ირმა ბერიშვილი  

Edited by ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...