Jump to content
Planeta.Ge

სუს-ის საქმიანობის ანგარიში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არ პასუხობს – DRI


დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში  ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არ პასუხობს.

დღეს, 7 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს პარლამენტს  3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარადგენს.

წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, პარლამენტს ანგარიშს სუს-ის უფროსის მოადგილე აცნობს, რაც DRI-ის შეფასებით, პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა. რადგან ორგანიზაციის განცხადებით, სწორედ მათი ინიციატივით შევიდა რეგლამენტის ჩანაწერში ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარლამენტს ანგარიში

რაც შეეხება ანგარიშს, DRI-ის შეფასებით, 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2021 წელის ანგარიშისგან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევები მნიშვნელოვნად გაზარდა და გარკვეულწილად, შეცვალა.

ანგარიშში უსაფრთხოების ძირითად პრობლემებს შორის რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზებია მითითებული. გამოწვევადაა მითითებული „უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა“ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. DRI ხაზს უსვამს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ამ კონტექსტში ნახსენები არაა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, ანგარიშის არც ერთ ნაწილში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თავის გარდა, არაა ნახსენები რუსეთის ფედერაციის უკანონო მოქმედებები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„ნიშანდობლივია, რომ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე არაა საუბარი ისეთ ქვეთავებში, როგორებიცაა: „დეზინფორმაცია და „ჰიბრიდული ომის“ სხვა საფრთხეები“, „დეზინფორმაცია და პროპაგანდა“, „ე.წ. რბილი ძალა და ფარული ოპერაციები“ და „კიბერუსაფრთხოება“. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ ომის კონტექსტში, რუსეთს დეზინფორმაციის გამავრცელებელ მთავარ აქტორად ასახელებენ, ანგარიშის დუმილი რუსეთის როლზე საქართველოში მიმდინარე ინფორმაციით მანიპულაციის ოპერაციებზე, კითხვებს იწვევს“, – ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ანგარიშის დიდი ნაწილი კვლავ გაჯერებულია ზოგადი შინაარსის ფრაზებით, სათანადო კონკრეტიკის გარეშე.

„თუ მაგალითად, ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით ჩატარებული საქმიანობის აღწერისას ანგარიში შედარებით დეტალურია – დასახელებულია ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირის ვინაობა, მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები, ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ჰიბრიდულ ომს შეეხება, უკიდურესად ბუნდოვანი და ორაზროვანია. ანგარიშში ზოგადად მითითებულია საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებისკენ მიმართულ ქმედებებზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანების მცდელობებზე და სოციოლოგიურ გამოკითხვებზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო ქვეყნების დაფინანსებით ატარებენ, შესაბამისი ორგანიზაციების და სახელმწიფოების დასახელების გარეშე.

ეს ყოველივე აჩენს კითხვას – თუ სუსს აქვს ინფორმაცია რომელიმე ორგანიზაციის სახელმწიფო ინსტიტუტების დამაზიანებელ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ უცხო ქვეყნის დაფინანსებით ან მათი სხვაგვარი ხელშეწყობით, რატომ არ არიან ეს ორგანიზაციები დასახელებული, მაშინ როდესაც ანგარიშის სხვა თავში, მაგალითად, საჯაროა ტერორიზმში ბრალდებული ადამიანის ვინაობა“, – ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად ღიად პრორუსი ულტრამემარჯვენე ჯგუფების უკიდურესად გააქტიურებისა და მათი მხრიდან პოლიტიკურ დღის წესრიგზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენის მოხდენის მცდელობისა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, ამ საკითხსაც ყურადღების მიღმა ტოვებს.

„ტექსტის ბუნდოვანი ფორმულირების გამო, გაუგებარია, „ორგანიზაციებზე“ მითითება უბრალო სპეკულაციაა, თუ აქვს რამე რეალური საფუძველი. ბუნდოვანია, სუს-ი საფრთხედ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მიიჩნევს, თუ ოპოზიციის (მათ შორის საპარლამენტო) მიერ ჩატარებულ საპროტესტო გამოსვლებში ხედავს სახელმწიფო უსაფრთხოების რისკს“, – ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.

DRI-ის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება, თუ სუს-ის საქმიანობის ანგარიში ამ საკითხზე ორაზროვნების სივრცეს არ დატოვებს.

„მით უფრო რომ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული კონტექსტი კიდევ უფრო გაუგებარს ხდის, თუ ვის მიიჩნევს ხელისუფლება საფრთხედ“, – ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...