Jump to content
Planeta.Ge

„აფხაზეთის ხალხთა კონგრესის“ თავმჯდომარის აზრით, შესაძლოა გალის რაიონმა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს


 

 

image.jpeg

ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა და „აფხაზეთის ხალხთა კონგრესის“ თავმჯდომარემ დავით ფილიამ ეგრეთწოდებულ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, 6 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, გალის რაიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

ფილიას თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში გალის რაიონის მოსახლეობა 40 %-ით შემცირდა.

„საბჭოთა კავშირის დაშლამდე, სამურზაყანს ისტორიულ ტერიტორიებზე 92 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს აღმოსავლეთ აფხაზეთში მხოლოდ 55 000 სამურზაყანოელი ცხოვრობს. იქაურობას, უფრო მეტად, ახალგაზრდები ტოვებენ. წელს რაიონის სკოლები 230-მა ახალგაზრდამ დაამთავრა. ძალიან მეეჭვება, მათგან ვინმე დარჩეს ჩვენთან, რადგან მეზობელ ქვეყანას მათთვის სპეციალური პროგრამა აქვს, რომელშიც სკოლაში სწავლის პერიოდიდან ერთვებიან. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ენა მოთხოვნადი გახდა და მოგეხსენებათ, ჩვენი ბავშვები კარგად ფლობენ მას.“  - განაცხადა დავით  ფილიამ.

მისი განმარტებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში აფხაზეთი 15, 5 ათასზე მეტმა ახალგაზრდა დატოვა, რაც დიდი მაჩვენებელია და ეს ფაქტი ძალიან აღელვებთ.

ფილია შიშობს, რომ  მომავალში გალის რაიონმა შესაძლოა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს.

,,გალმა შეიძლება კოდორის ხეობის ხვედრი გაიზიაროს, ვინაიდან, ჩათვალეთ, რომ იქ არავინ აღარ ცხოვრობს. ვინ იცხოვრებს ამ ტერიტორიაზე მომავალში და სად ვიპოვით მოსახლეობას, რომელიც იქიდან წასულებს ჩაანაცვლებს?“ - ჰკითხა დავით ფილიამ შეხვედრის მონაწილეებს. ის დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა გალელები ,,აფხაზეთიდან საქართველოში იმიტომ, კი არ მიდიან, რომ ძალიან უნდათ, არამედ იმიტომ, რომ პირობა, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბოლო 8 წლის განმავლობაში მათ შეუქმნა, ხალხს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

Quote

„როდესაც ბავშვი იბადება, ის დაბადების მოწმობას ვერ იღებს, თუ მის მშობლებს აფხაზური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვთ. მათ უმეტესობას აქვს ქართული პასპორტი, რაც მშობლებს აიძულებს, ზუგდიდში წავიდნენ და იქ აიღონ ბავშვის დაბადების მოწმობა. ვფიქრობ, ამ პრობლემის გადაჭრის გზა უნდა ვიპოვოთ. ჩვენთან დაბადებული ბავშვი ჩვენი შვილია.“ - აღნიშნა ფილიამ.

ის, ასევე, შეეხო აფხაზური გვარების აღდგენის საკითხსაც და თქვა, რომ არის 1700-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც დღეს თავიანთი ისტორიული გვარების აღდგენა სურთ.

,,ეს გვარებია: ზუხბაია - ზუხბა, არბაია - არბა, ინალიშვილი - ინალ-ია და მრავალი სხვა. ეს ყველაფერი ჩვენი გადასაწყვეტია. მესმის, რომ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთაც ამ ფაქტის მიღება უჭირთ, მაგრამ მათ უნდა ავუხსნათ ყველაფერი. ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ უბრალოდ ასე გვინდა, არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ. თუ სტალინის და ბერიას პოლიტიკამ სულ რამდენიმე დღეში გაგვაქართველა, მთელი 30 წლის განმავლობაში ვინ დაგვიშალა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა? ყოველი 10 ადამიანიდან, ვიც გამოვკითხე, 9 ადამიანი ფიქრობს, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს და მხოლოდ ერთს აქვს ეჭვი. მე ვერ ვხედავ დაბრკოლებას აფხაზური გვარების აღდგენასთან დაკავშირებით.“ - განაცხადა ფილია.

ხსენებული საკითხების გარდა, „აფხაზეთის ხალხთა კონგრესის“ თავმჯდომარე გალის რაიონის მცხოვრებთა სხვა ,,არაერთ პრობლემასაც“ შეეხო, რომელიც, მისი აზრით, დროულად არის გადასაწყვეტი.

მისი თქმით, გალის რაიონში არიან ადამიანები, ვისაც ეროვნების გრაფაში „მეგრელის“ ჩაწერა სურთ.

Quote

„რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ სურვილს? მეგრელები უძველესი კულტურის მქონე ხალხია, ისინი ლაზები არიან. თუ ადამიანს ლაზად უნდა დარეგისტრირდეს, ამაში ხელს ნუ შევუშლით.“ - აცხადებს ფილია.

ის, ასევე, მიიჩნევს, რომ აუცილებელია ეგრეთწოდებული პრეზიდენტის აპარატთთან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც გალის რაიონში დაგროვილი პრობლემების გადაჭრის გზებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ეს რეკომენდაციები კი შემდეგ უკვე შეიძლება პარლამენტშიც განიხილონ.

დავით ფილიას განცხადებებს სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია გამოეხმაურა და თქვა, რომ ჩამოთვლილი პრობლემები გალის რაიონში ნამდვილად არსებობს.

,,თქვენ იცით, რომ გარკვეულ დრომდე პოლიტიკა გალის რაიონში განსხვავებული ვექტორით ხორციელდებოდა. შემდეგ ეს დისკუსიის საგანი და ხელისუფლების ცვლილების მიზეზიც გახდა. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. თუ ეს საზოგადოებრივი პალატის პოზიცია, მაშინ მადლობელი ვიქნები, თუ მას როგორც პრეზიდენტს, ასევე პარლამენტს, წარუდგენთ, როგორც საზოგადოებრივი პალატის პოზიციას. შემდეგ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ და თანმიმდევრულად მოვაგვარებთ ყველა ამ პრობლემას. ამ თემის გარშემო არ შეიძლება რაიმე სახის პოლიტიკანობის დაშვება. საუბარია ჩვენს მაცხოვრებლებსა და ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე, მოსახლეობასთან მუშაობის გზით გალის რაიონში ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე. მე პირადად მხარს გიჭერთ.“ - აღნიშნა ბჟანიამ.

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...