ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ყოფილი გამომძიებლის ოჯახმა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს შეატყობინა. შუბითიძე გუშინ ღამით კახეთში დააკავეს.
სერგო შუბითიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ყოფილმა გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქმეში საეჭვო გარემოებებსა და მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, აღნიშნულის შემდეგ პარასკევს შუბითიძესთან ინტერვიუ კვლავ ჩაწერეს, რა დროსაც ის აცხადებდა, რომ უთვალთვალებდნენ და ინტერვიუში მოთხრობილი ფაქტების უარყოფას სთხოვდნენ:
„ჩვენ შევხვდით მას პარასკევს და პარასკევს თქვა ჩვენთან, რომ უთვალთვალებდნენ და გადაღებულიც ჰქონდა თვალთვალის ეპიზოდები. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენ გვითხრა, დაასახელა კიდეც პირი, რომელმაც უთხრა, რომ ეთქვა თითქოს აფექტის მდგომარეობაში იყო როცა პირველად ისაუბრა მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიცირებაზე.
ასეთი სიტყვები გაიმეორა „რადგან ისინი, ანუ გამოძიებამ ჩუმად არიან შენც გაჩუმდი, თქვი რომ ფსიქიკური პრობლემები გქონდა, და ის ინტერვიუ აფექტის მდგომარეობაში მიეციო“ . თუმცა შუბითიძემ თქვა, რომ რაც თქვა იყო სიმართლე და ბოლომდე ამას იტყოდა და ვერაფერი გადაათქმევინებს“ — გვიყვება დავით ქაშიაშვილი.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, შუბითიძე პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
რას ამბობენ პროკურატურაში
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენებით მართლმსაჯულების ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს.
კერძოდ, უწყების განცხადებით, 2023 წლის 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, დაკავებულმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერვიუ მისცა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების შესახებ.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ინტერვიუს მიმდინარეობის დროს გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ბრალდებულმა, ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც უწყების განცხადებით, არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ინტერვიუს მიმდინარეობისას, ისევე როგორც სასამართლოში დაკითხვის დროს, ბრალდებულმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის შემდგომ, საქმეზე გამოძიება უშუალოდ მან დაიწყო. თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2020 წლის 19 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოში.
პროკურატურაში ამბობენ, რომ მოცემული მომენტისთვის ბრალდებული პოლიციის ხსენებულ განყოფილებაში საერთოდ არ მუშაობდა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო არა ბრალდებულმა, არამედ გამომძიებელმა ჯიმშერ აფციაურმა.
უწყების განცხადებით, ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის დღეს, დაახლოებით 16:00-16:30 დროის პერიოდში, სანამ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდებოდა, მასთან გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ტელეფონი დაულუქავ მდგომარეობაში მოუტანა. ბრალდებულის მონათხრობით, თითქოს, ელგუჯა აპუაშვილმა მას ასევე გადასცა ლუქი და უთხრა, რომ ბრალდებულს უნდა დაელუქა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი.
უწყების თქმით, ბრალდებულის ჩვენებით, მობილური ტელეფონი იყო გაწმენდილ მდგომარეობაში, რომელიც მან დალუქა და ელგუჯა აპუაშვილს უკან გაატანა და მისივე განმარტებით, 2020 წლის 23 ან 24 ივლისს, მობილური ტელეფონის დათვალიერების მიზნით, გახსნა მის მიერვე დალუქული პაკეტი, რის თაობაზე შეადგინა შესაბამისი ოქმი.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 13:35 საათიდან 19:20 საათამდე დროის მონაკვეთში, დათვალიერდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის ტერიტორია და თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან, სხვა ნივთებთან ერთად, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი საგამოძიებო მოქმედებაში არ მონაწილეობდა.
უფრო მეტიც, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას უწყვეტად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედების პროცესის ვიდეოგადაღება, ასევე განხორციელდა ადგილმდებარეობის და შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება. ვიდეოჩანაწერში ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი არ მონაწილეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში“ — აცხადებენ პროკურატურაში.
ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ელგუჯა აპუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი ბრალდებულს მიუტანა დაულუქავ მდგომარეობაში, გასუფთავებული და მასზე არ აღინიშნებოდა არანაირი ლაქა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტო და ვიდეომასალით დასტურდება, რომ ავტომანქანიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, შესაბამისი პროცედურის დაცვით, შემთხვევის ადგილზევე დაილუქა. უწყების განცხადებით, ტელეფონი დასვრილი იყო გვამიდან გამოჟონილი სითხით და მატლებით, რის გამოც ექსპერტების მიერ სპეციალურ მაგიდაზე არსებულ თაბახის ფურცელზე მოთავსების შემდგომ, შეხვეულ იქნა დოლბანდში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ იმავე დალუქული სპეციალური პაკეტით, ისე, რომ არ მომხდარა მისი გახსნა, 2020 წლის 23 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, მასზე არსებული კვალის ნიმუშების აღების მიზნით, არა ბრალდებულის, არამედ სხვა გამომძიებლის მიერ იგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.
უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივლისის წერილით ირკვევა, რომ გამომძიებელს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, დალუქული სახით, სამ სხვა პაკეტთან, მათ შორის – მობილური ტელეფონიდან აღებულ ე.წ. „შემკვრივებულ მასასთან“ ერთად უბრუნდება.
„დალუქული მობილური ტელეფონი, იმავე დღეს, იგზავნება ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო კვლევისთვის, საიდანაც, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, საგამოძიებო ორგანოს უბრუნდება 2020 წლის 12 აგვისტოს. 2020 წლის 22 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდში, დალუქული მობილური ტელეფონის გახსნა არცერთი გამომძიებლების მიერ არ მომხდარა“ — ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ექსპერტი, რომელმაც 2020 წლის 23 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ნიმუშები აიღო.
პროკურატურის თქმით, ექსპერტმა გამოკითხვისას განმარტა, რომ გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულება – მობილური ტელეფონი იყო დალუქული შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სპეციალურ პაკეტში და მისი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
„ექსპერტის ჩვენებით, ნივთმტკიცების გახსნისას აღმოჩნდა, რომ მობილური ტელეფონი ჭრელი ფერის დამცავით მოთავსებული იყო თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში, შეხვეული იყო სამედიცინო დოლბანდში, ნივთმტკიცების პაკეტში იყო მატლები. ექსპერტის ჩვენება სრულ თანხვედრაშია საექსპერტო დასკვნის ფოტოილუსტრაციასთან, საიდანაც დასტურდება, რომ ექსპერტთან მობილური ტელეფონი მივიდა შემთხვევის ადგილზე მისი დალუქვისას არსებული მდგომარეობით და შუალედში ლუქის გახსნას ადგილი არ ჰქონია – შემთხვევის ადგილზე გამოყენებული სპეცპაკეტის გახსნის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მისი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მიერ ინტერვიუს დროს ხსენებული ლუქის გამოყენება, სპეცპაკეტის შემთხვევაში საერთოდ არ ხდება – სპეცპაკეტი განკუთვნილია ნივთების დასალუქად და ცალკე ლუქის დაწებებას/დაკვრას არ საჭიროებს“ — წერია განცხადებაში.
შესაბამისად, პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ უტყუარად დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დაილუქა შემთხვევის ადგილზე და ამავე, დალუქულ მდგომარეობაში, მეორე დღეს, 23 ივლისს, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ხოლო შემდგომ – ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც დაბრუნდა 2020 წლის 12 აგვისტოს:
„ამდენად, ცალსახაა, რომ 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, დაულუქავ მდგომარეობაში, ბრალდებულთან ვერ მოხვდებოდა და ის მომდევნო დღეებში ტელეფონს ვერ დაათვალიერებდა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 16:46 საათამდე ბრალდებული იმყოფება რუსთავში, ხოლო 16:48 საათზე უკვე ფონიჭალაშია და მოემართება თბილისისკენ, სადაც რჩება 23 ივლისის 01:29 საათამდე. შესაბამისად, იმ პერიოდში, როდესაც სერგო შუბითიძე უთითებს ელგუჯა აპუაშვილის მიერ ტელეფონის მიტანას, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არის შემთხვევის ადგილას და გამომძიებლების, ექსპერტების და ადვოკატის მონაწილეობით ხორციელდება მობილური ტელეფონის ამოღების პროცედურები. თავად სერგო შუბითიძე კი ამ დროს იმყოფება თბილისში.
ბრალდებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ასევე ისაუბრა, რომ თითქოსდა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში შენახული იყო მხოლოდ 2020 წლის 18 ივლისის შემდგომი პერიოდის ინფორმაცია, ხოლო მანამდე არსებული ინფორმაცია წაშლილი იყო“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებითაც გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სასამართლოს აწვდის ცრუ ჩვენებას, ვინაიდან, პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არ გახსნილა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნამდე. შესაბამისად, არ დათვალიერებულა არც ერთი გამომძიებლის მიერ, მათ შორის – არც სერგო შუბითიძის მიერ.
უწყების განცხადებით, ვინაიდან, არ იყო ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ე.წ. ფასკოდი, სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, მხოლოდ სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეძლეს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შეღწევა, რის შედეგადაც ტელეფონში არსებული ინფორმაციის ამოღება მოხდა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ამოღებული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ 2020 წლის 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონში არსებობდა.
გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულმა სატელევიზიო ინტერვიუში და სასამართლოში მიცემული ჩვენებისას განმარტა, რომ მან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხა იმ კომპანიის თანამშრომლები, სადაც დასაქმებული იყო თამარ ბაჩალიაშვილი. კერძოდ, მას წინასწარ განუსაზღვრეს ის კითხვები, რომლებიც უნდა დაესვა მოწმეებისთვის. ბრალდებულის განმარტებით, მან გამოკითხა კომპანიის 4-6 თანამშრომელი:
„აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმიდან ამოღებულ იქნა კომპანია „ზეგის“ თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რომელთა მიხედვით დადგინდა, რომ არცერთი მათგანი არ არის შედგენილი ბრალდებულის მიერ. მიუხედავად ამისა, გამოძიების ფარგლებში ხელახლა გამოიკითხა აღნიშნული კომპანიის ყველა, 45-ვე თანამშრომელი, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ბრალდებულს არც ერთ მათგანთან არანაირი შეხება არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც, დაკავებულმა, სასამართლოს, მიაწოდა ცრუ ინფორმაცია“ — აცხადებენ პროკურატურაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ სჯერა ბაჩალეიშვილის თვიმკვლელობის. მან ისაუბრა საქმის გარემოებებზე, რომელიც საეჭვოდ მიაჩნია და მიანიშნებს, რომ საქმე შესაძლოა გაყალბებული იყოს.
„არ მჯერა, რომ თავი მოიკლა“ – ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს
აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ, სერგო შუბითიძის მიერ „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე.
თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ოჯახი თვითმკვლელეობის ვერსიას არ იზიარებს და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.
საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, თქვა რა, რომ ადგილი თვითმკვლელობას ჰქონდა.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.