ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში მოხვდა ცხინვალში დაარსებული ბანკი
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით, შეზღუდვები, სხვა კომპანიებთან ერთად, გავრცელდება 2015 წელს ცხინვალში დაარსებულ „საერთაშორისო საანგარიშწორებო ბანკის“ (MRB Bank).
სანქციების განახლებულ პაკეტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, აღნიშნულია, რომ MRB ბანკმა ოფისები გახსნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეში, სადაც მომხმარებელს საბანკო მომსახურებას რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლქვეშ სთავაზობს. გარდა ამისა, პაკეტში წერია, რომ ბანკმა რეგიონში გახსნა ბანკომატები და ფილიალს ამუშავებს ლუგანსკშიც.
შედეგად, ევროკომისიამ მიიჩნია, რომ MRB ბანკის ფინანსური ქმედებები ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ოკუპირებულ ცხინვალში „საერთაშორისო საანგარიშწორებო ბანკის“ გახსნის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა 2015 წელს წერდა. მაშინ გახდა ცნობილი, რომ ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ რუბლის ზონაში გადადის და ცხინვალში მდებარე ბანკის მეშვეობით „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მიღმა უნაღდო ანგარიშსწორების დაწყებას აპირებდა.
„საერთაშორისო საანგარიშწორებო ბანკმა“ ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. მაშინ პოლიტოლოგები და ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ რუსეთი ცხინვალის ბანკის მეშვეობით სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს ანგარიშსწორებას.
„საერთაშორისო საანგარიშწორებო ბანკზე“ "ვაშინგტონ პოსტი“ ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა, რომ ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მოსკოვი თავს არიდებს დასავლეთის მკაცრ სანქციებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ფინანსური ნაკადები აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე მიემართება ცხინვალიდან, სტალინის ქუჩიდან, სადაც „საერთაშორისო საანგარიშწორებო ბანკის“ ოფისია განთავსებული. მისი მეშვეობით ცხინვალში რეგისტრირებულმა 146-მა შპს-მ ხელი შეუწყო რუსეთის ვაჭრობას ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტულ ჯგუფებთან.
სანქციების მე-11 პაკეტზე ევროკავშირი 21 ივნისს შეთანხმდა - შეზღუდვები ჯამში 71 პირს შეეხება, მათ შორის იმათ, ვინც დაკავშირებული იყო უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციასთან. შეზღუდვები ვრცელდება ასევე 33 კომპანიაზე.
გადაწყვეტილება ითვალისწინებს ბანკებისთვის იმავე სანქციების დაწესებას, რაც წარსულში გამოიყენა ევროკავშირმა, მათ შორის - აქტივების გაყინვა და ეკონომიკურ რესურსებსა და ფონდებზე ხელმისაწვდომობის აკრძალვა.
სანქციების განახლებული პაკეტის დამტკიცება ხვალ, 23 ივნისს, იგეგმება.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.