Jump to content
Planeta.Ge

დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორობის ვადა გაუხანგრძლივეს


ეროვნული მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი თანამდებობაზე კიდევ 4 წლის ვადით დარჩება.

ამას მოწმობს კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ დღეს, 22 ივნისს გაასაჯაროვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1 თვის განმავლობაში ლორთქიფანიძემ კულტურის სამინისტროს უნდა წარუდგინოს სამოქმედო გეგმა.

ნეტგაზეთთან კომენტარში დავით ლორთქიფანიძემ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ბრძანებას 21 ივნისს მოეწერა ხელი.

სხვა კითხვებზე, მაგალითად, იმაზე, გაგრძელდება თუ არა რეორგანიზაცია ეროვნულ მუზეუმში, ლორთქიფანიძე გვპასუხობს, რომ გეგმის წარსადგენად მას 1 თვე აქვს და ამჟამად სამომავლო გეგმებზე საუბარი არასერიოზულია.

„ჯერჯერობით არასერიოზული იქნება, რომ გითხრათ, რას ვაპირებ, დეტალები. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის ჩემი გეგმა იყო განვითარებაზე და ასეც იქნება. სახელმწიფოს ხედვა უნდა იყოს… სახელმწიფოს უნდა მიყვებოდე და ჩვენც ასე გავაკეთებთ. უმაღლესი სტანდარტის სამეცნიერო დაწესებულება უნდა იყოს, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხი და ეს არის ჩვენი ამოცანა“, – გვითხრა ლორთქიფანიძემ.

კითხვაზე, ხომ არ გეგმავს გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას, ლორთქიფანიძე ამბობს:

„ეს კონკრეტული საკითხია, რომელიც ამ წუთას… რა თქმა უნდა, მუზეუმში უნდა მუშაობდნენ მაღალი რანგის პროფესიონალები და არ უნდა ხდებოდეს სხვა კრიტერიუმებით მათი ყოფნა/არყოფნის საკითხი. ეს შემიძლია გითხრათ”.


თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებიდან, მათ შორის, ეროვნული მუზეუმიდან ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს — კურატორები, მკვლევრები, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირები.

ამასთანავე, წულუკიანმა დანიშვნის შემდეგ ბრალდებები წაუყენა ეროვნულ მუზეუმს სხვადასხვა საკითხზეც, მათ შორის, ექსპონატების დაკარგვასთან დაკავშირებითაც. ამის მაგალითი იყო 2022 წლის თებერვლის პრესკონფერენცია, რომლის დროსაც დავით ლორთქიფანიძეს კითხვებს უსვამდა ხელოვნების მუზეუმის დირექტორად დანიშნული ნიკა ახალბედაშვილი. ის ასევე აკისრებდა პასუხისმგებლობას ლორთქიფანიძეს მუზეუმიდან გასულ და უკან არდაბრუნებულ რიგ ექსპონატებზე.


ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...