რუსეთის ზაპოროჟიეს ატომური სადგურზე თავდასხმისთვის ემზადება — ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი სავარაუდოდ ემზადება ტერორისტული თავდასხმისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რამაც შეიძლება, რადიაციის გავრცელება გამოიწვიოს.
„ჩვენ ახლახან მივიღეთ ანგარიში ჩვენი დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან. დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული თავდასხმის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მათ ამისთვის ყველაფერი მოამზადეს“, — განაცხადა ზელენსკიმ 22 ივნისს, საგანგებო ვიდეომიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტმა შეახსენა, რომ რადიაცია არ იცნობს სახელმწიფო საზღვრებს და რომ „ვის დაარტყამს, მხოლოდ ქარის მიმართულება განსაზღვრავს“.
ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა ყველა არსებულ ინფორმაციას და ყველა მტკიცებულებას გადასცემს პარტნიორებს ევროპაში, ამერიკაში, ჩინეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში, არაბულ სამყაროსა და აფრიკაში.
„ამჯერად არ უნდა მოხდეს იგივე, რაც კახოვკას შემთხვევაში — მსოფლიო გაფრთხილებულია, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს შეუძლია და უნდა იმოქმედოს“, — თქვა ზელენსკიმ.
2023 წლის 6 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ნოვა კახოვკის“ კაშხალი ააფეთქეს.
ოფიციალურად 45 ადამიანი დაიღუპა რუსების მიერ აფეთქებული კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობისას. ათიათასობით ადამიანს შეუწყდა სუფთა წყლის მიწოდება, დაინგრა სოფლები და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები.
NETGAZETI
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.