Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

სა–ბრალონი, უ–ბრალონი და ბრალ–ეულნი ანუ ნაციონალური კაპიტალის სამარხები


katya

2.608 views

blog-0729735001372197298.jpgჰიუგო იმ შუაშია , რომ “საბრალონი” 20 წლის მანძილზე წერა...

წერა და წერა ადამიანის დამცირებაზე იმის გამო, რომ იგი საზოგადოების დაბალ ფენებს ეკუთვნის, ანუ „უბრალოა“, ქალის ზნეობრივ დაცემაზე გაჭირვების გამო და ბავშვების დაძაბუნებაზე უმეცრების ნიადაგზე...

ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში მშიერი ბალღებისთვის პურის მომპარავი ჟან ვალჟანები საკმაოდ მომრავლდნენ. მომრავლდნენ მომპარავი და მოწყალების მათხოვარი პატარებიც. „კანონის დამცველების“ რიცხვის დაზუსტება უმადური საქმეა, ახლა ისე ხშირად ეჯახება ზნეობა კანონს...

კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი მხოლოდ სიმბოლური დამთხვევა რომ იყოს და არა რეალობა...

5 წლიანი პატიმრობის ვადის 19 წლამდე გაგრძელებაც ნაცნობი თემაა და „კატორღა“ იმაზე ნაცნობი. „ჟავერები“ ჩვენს გვერდით, ირგვლივ და ყოველთვის...

რაო? შეუძლებელია, ზნეობა და კანონი არ დაემთხვეს ერთმანეთს? ზოგჯერ კანონის დამცველიდან ჯაშუშამდე ერთი ნაბიჯია, ჯაშუშიდან –ჯალათამდე კი ნახევარი... როცა კანონის სახელით უზნეობამდე მიდიხარ, ადამიანის მოკვლაც გიწევს საკუტარ სხეულში. მერე დგება მომენტი, როცა ჭეშმარიტებას თუ არა, სიმართლეს მაინც აღმოაჩენ და თვითმკვლელობის სურვილიც გიჩნდება. ..

ეს, რა თქმა უნდა, არაა გამოსავალი... სჯობს გადარჩე საკუთარი ცხოვრების წესის წყალობით.

კადრები წყვეტენ ყველაფერს! – ეს ცნობილი საბჭოური ლოზუნგია.

კადრი – ადამიანური რესურსის და კადრი – ვიზუალური ვიდეო მასალის სახით.

კადრი დღეს ისევ აქტუალურია ორივე ნაპირზე, რადგან, შუაში უხერხულად მოძრავი მდინარე ჯერ კიდევ ათას სიბინძურეს, ქაფს და ღორღს დაატარებს... წყალნი მიმოდიან, ქვიშანი რჩებიან... ნაპირს გამაგრება ჭირდება და კიდევ დროის საცერი...

სიტყვა "პრობლემას" თუ სიტყვა "თავგადასავლით" ან "შემთხვევით" ჩავანაცვლებთ, ცხოვრება გაცილებით საინტერესო და მარტივი ხდება.

ეს იციან ნაციონალური მოძღვრების მიმდევრებმა. ამიტომაც გაჰკივიან – ეს კადრები თავისი ფარულად ჩაწერილი კადრებიანად, ცალკეული შემთხვევებიაო...

არაა... ამას ვინ წარმოიდგენდა და ვინ დაუშვებდა, აზრადაც კი. არც გაივლებდნენ, გამოვლას ვინ ჩივის.

 

ცის გახსნასავითაა საქართველოში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდისა და მისი მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის მიერ გაკეთებული განცხადებები: "ფირები ნამდვილად შოკისმომგვრელია." "ჩვენი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ ისაა, რომ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ეს ვიდეოფირები და თუ დადგინდება მათი ნამდვილობა, დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით".

კანონის მთელი სიმკაცრითო! ანუ ჯერ უნდა იყოს კანონი, მერე მკაცრი კანონი და მერე კიდევ იმ მკაცრი და მთელი კანონის მთელი სიმკაცრე და ნეტავ ეგ რას გულისხმობს?

და ნეტავ რას ეტყვიან „ისინი“, ანუ ყოვლისმკადრებელი კადრები შვილებს,–თქვენი კარგადყოფნა და უზრუნველი მომავალი რომ გარანტირებული გვქონოდა, იმიტომ ვაკეთებდით ამასო? სხვის დედებს და მამებს ამიტომ ვაყმუვლებდით სიმწრისგან და სხვის შვილებს ამიტომ ვტოვებდით უმშობლოდო?

რას ეტყვიან საკუთარ შვილებს ამ სისტემის აგურები – ძველები და ახლები... რაო, „მაგრები“ ვიყავით, მაგრამ ვინ დაგვიფასაო? რაო, დამპალი საზოგადოების რეპრესიების მსხვერპლნი ვართო?

თუ იცით, ნაცებურად დაცემულ „ანგელოზებს“ დაშლილებში იბარებენ?..

დიდი მონანიების დრო დადგაო, ამბობენ და დაიწყო...

"პირველ რიგში მინდა მოვითხოვო ყველა იმ ადამიანის უმკაცრესად დასჯა, ვინც ახდენდა მსგავსი ქმედებების განხორციელებას. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება კონკრეტული დამნაშვე. მე ასევე მაინტერესებს, რას აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყნის ხერხემლად წოდებული ვანო მერაბიშვილი და იყო თუ არა მისთვის ცნობილი, რომ მის უწყებაში ხდებოდა ასეთი რამ", - განაცხადა „თუთიკომ“.

"ლედი–კმარამ" ბოკერია–მერაბიშვილის ტანდემი რუსულ სპეც–სამსახურებთან თანამშრომლობაშიც დაადანაშაულა და ისიც აღიარა, რომ წინა ხელისუფლებამ მხოლოდ შუშის შენობები ააშენა, რეალური საქმე კი არავის გაუკეთებია...

 

ბოლო ნაწილში არ ვიცი, მაგრამ პირველში თუთბერიძეს თვით გივი თარგამაძეც დაეთანხმა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ამ შემთხვევაში გულწრფელი იყო სულის ამოხდომამდე...

რა ძალა აქვთ ზოგჯერ კადრებს!?

ვისთვის ცირკი, ვისთვის დეტექტორი – ისე, სიმართლის დროა, მგონი...

ნუთუ მართლა დასრულდება „კვესოს“, „პაჭოს“ და „ბერძენას“ ეპოქა ქართულ ჟურნალისტიკაში?...

კიკალიშვილმა უკვე მოიბოდიშა, ჩერგომაც... ბატონი ზაალი ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია და ბრალდებული გვარამიას გადაწყვეტილებას ელოდება.

ცნობისთვის, ადგილობრივი წარმოების პრეპარატი „ბოდიში“ ამიერიდან ფასდაკლებით გაიყიდება სააფთიაქო ქსელში ქვეყანაში გამძვინვარებული ეპიდემიის გამო.

ეპიდემია კი კასრიდან გავრცელდა. კასრი ნორმალურ საზოგადოებაში, პირველ რიგში, ერთი ცნობილი და უცნაური ბრძენის ასოციაციას იწვევს. ჩვენი კასრიდან კი დიოგენეს ნაცვლად, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მეგიზ ქარდავას „სიბრძნემ“ გამოჟონა .

როგორ მოხვდი მანდაო? – ესეც ცნობილი ფრაზაა ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ, პასუხი, როგორც წესი, ბუნდოვან იუმორშია ხოლმე გადაწყვეტილი. არ ვიცი, რა უნდოდა იმ ფურცლის იმ კასრში ჩამდებს ამით ეთქვა?

ბავშვობიდან აქა ვზივარო?

ზის და იჯდეი რაო! – ესეც კიდევ ერთი ცნობილი ფრაზა...

მოკლედ, გასული კვირა ბევრისთვის იყო განკადრებული კადრების და ყველაფრის მკადრებელთა კვირა.

რაც მთავარია, სამალავის დამკვეთმა აღიარა და პასუხისმგებლობაც ალქაიდას სტილში აიღო. პრეზიდენტია და ხამს! პრეზიდენტია და ჰგიებს...

„რა თქმა უნდა, ნებართვა მქონდა მიცემული, რომ გაგვეკეთებინა, რადგან ხელახალი აგრესიის განახლების პირობებში, ჩვენ ისეთი დაუცველები არ უნდა ვყოფილიყავით, როგორიც ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო 2008 წელს"- განაცხადა სააკაშვილმა.

რას არ იტყვის, ზოგჯერ ეს ტიპი?!

არა, დენთის კასრზე რომ ვისხედით მის ხელში ყველა, ეგ ისადაც ვიცოდით, მაგრამ ასეთ ნატურალურ გადაწყვეტასაც არ მოველოდით.

კარგია, როცა ამ ვითარებაში შეზარხოშებული პრეზიდენტი ხუმრობს...

და , რადგან, იარაღის საწყობები, ანუ „დენთის კასრები“ მიშას დავალება ყოფილა, შესაბამისი სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული რუკაც სადღაც მის ახლო–მახლო უნდა ინახებოდეს. ნებით რომ გადასცეს შესაბამის ორგანოებს, სახელმწიფო საიდუმლოს გაცემად ჩაეთვლება ნეტავ თუ ძიებასთან თანამშრომლობად?

ფაქტია, რომ მიხეილი შეშინებულია, თუმცა, ცდილობს შიში ბახუსით და, მისთვის დამახასიათებელი უნიჭო იუმორით გადაფაროს. როცა მიშას ეშინია, მასთან მაშველად ყოველთვის მოდის ბიძია თემური. ბავშვობაში მიშიკო „მოწინააღმდეგეებს“ სულ ბიძის „პაგონებით“ აშინებდა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესტონურ გამოცემა Postimees-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ის პოლიტიკიდან წასვლას აპირებს.

ანუ, სააკაშვილს „დააბინავებს“, საკუთარ გუნდსაც და მერე წავა.

ეს იყო მესიჯი მოქმედი პრეზიდენტის მიმართ – მე უნდა დაგამთავროო! მეო!

ჯერ კიდევ პრეზიდენტი კი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ნაჩქარევს უწოდებს და ახსენებს, რომ „პოლიტიკა საბავშვო ბაღი არ არის."

ამასობაში კი, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადმოწევის სამუშაოები დაასრულეს სოფელ დვანთან, რამაც სოფლის ერთი ჰექტარი მიწის ფართობი საოკუპაციო ზოლის მიღმა მოაქცია.

საზღვარზე გამახსენდა, დიდი ბატალური სცენების თვითმხილველი გახდება ჩვენი მოსაზღვრე და მეგობარი აზერბაიჯანის მოსახლეობა ოქტომბერში. რას იფიქრებდნენ, რომ პრეზიდენტობაზე პრეტენზიას მეჰრიბან ალიევა გამოაცხადებდა? "მშვიდობა დემოკრატიულ აზერბაიჯანის" კანდიდატი აშკარად მოწინააღმდეგეზე მომხიბვლელია. მოქმედ პრეზიდენტს, ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური მოსაზრება არ დაუფიქსირებია, მაგრამ, იმედია, იმედოვნებს, რომ პოლიტიკური ბრძოლის შედეგი საკმაოდ თბილ, კორექტულ და ინტიმურ სივრცეში გადაწყდება, მაგალითად, საპრეზიდენტო აპარტამენტების საძინებელში.

ვერაფერს ვიტყვით, უალტერნატივო წყვილია, დაახლოებით ჩრდილოეთ კორეის კავკასიური ვარიანტი თუ ნაირსახეობა. ეჰ, მეჰრიბან!..

აბა ჩვენი სანდრა კი არაა მასეთი...

და „საღოლ“ ალიევი ბაბუ! აბა ჩვენი კრწანისელია ბაბუ? ერთი დაიჩხავლეს „ვარდისუბნელებმა“ და მაშინვე „სახლში წავიდა“...

ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ბრალი დაუმძიმდა.

ვანო ისეთი გაქანების პოლიტიკოსად იყო ჩაფიქრებული, მარადიულობაზე რომ ჰქონდა პრეტენზია. ჰოდა აუხდება ეგ ჩანაფიქრი, თუ სამუდამო პატიმრობა შეეფარდა.

დაშლა–არმოშლის, დარჩენა–შერჩენის და რა ვიცი, კიდევ რა ამბები არ გადმოდინდება ჯერ უპოვნელი კასრებიდან თუ ქვევრებიდან...

ფაქტია, „გოსპოჟა“ ნოვოდვორსკაიას ჯერ კიდევ სცხვენია ჩვენს გამო.

ჰოდა, აბა რა გისურვოთ „უბრალოებმა“ „ბრალიან“ ნაცებს?

ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებს და მეგიზ ქარდავას ბავშვობის დღიურებს ებარებოდეთ!

 

კატო ჩულაშვილი

ქრონიკა+ #11

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...