მალიარი: უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 7 ივნისს, განაცხადეს, რომ შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ.
მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში ბახმუტის მიმართულების სხვადასხვა მონაკვეთზე წინ წაიწიეს 200-დან 1100 მეტრზე. მალიარის თანახმად, მოწინააღმდეგე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს და თავს უყრის რეზერვს. მისივე ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსეთის რეგულარული არმია, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფები კი ზურგის ქვედანაყოფებში რჩებიან.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით ჯერ ხანგრძლივ თავდაცვას, ახლა კი შეტევას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ წინასწარ უზრუნველყვეს ამ რაიონის კაპიტალურად გამაგრება.
დღეს უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა ოლექსანდრ სირსკიმაც განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები განაგრძობენ ბახმუტის მიმართულების ფლანგებზე შეტევას და მოწინააღმდეგე პოზიციებს კარგავს.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 25 მაისს თქვა, რომ დაიწყეს ქალაქ ბახმუტიდან საბრძოლო ქვედანაყოფების გაყვანა.
ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებლის თანახმად, 1 ივნისამდე ქვედანაყოფების ძირითადი ნაწილი ზურგის ბანაკებში გადაინაცვლებდა, პოზიციებს სამხედროებს გადასცემდნენ და თუ მათ გაუჭირდებოდათ, ქალაქში დარჩებოდნენ ისინი, ვინც ბახმუტის დაპყრობაში ძირითადი როლი შეასრულა.
- პრიგოჟინმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ "ვაგნერმა" ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლი დაამყარა.
- 21 მაისს პრეზიდენტმა პუტინმა "ვაგნერელებს" და რუსეთის არმიის სამხედროებს "მიულოცა არტიომოვსკის გათავისუფლების ოპერაციის დასრულება". რუსეთი ბახმუტს არტიომოვსკად მოიხსენიებს.
- 22 მაისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "ვაგნერელები" ბახმუტს დატოვებდნენ 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში.
-
24 მაისს ევგენი პრიგოჟინმა პოლიტტექნოლოგ კონსტანტინ დოლგოვთან ინტერვიუში თქვა, რომ „ვაგნერმა“ ბახმუტისთვის ბრძოლაში დაკარგა 20 000-მდე მეომარი და მათი ნახევარი ყოფილი პატიმარი იყო.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.