20 უწყება გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს - TI
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, 20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. მათ შორისაა, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა.
ორგანიზაციით განცხადებით, შესყიდვების სააგენტო კონტრაქტების არგამოქვეყნებას „ტექნიკური ხარვეზებით ხსნის“. TI-ის განმარტებით, „სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, კანონით დაუშვებელია „გამოუქვეყნებელი კონტრაქტების“ არსებობა, რადგან ეს კორუფციული შეთანხმებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის“.
„გასულ წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არაერთხელ აღნიშნავდა, რომ გარკვეული სახელმწიფო უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვის გზით დადებული კონტრაქტები სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ქვეყნდება, რასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ტექნიკური ხარვეზით ხსნიდა.
20-მა სახელმწიფო უწყებამ სხვადასხვა დროს შეწყვიტა გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გამოქვეყნება ან არასდროს გამოუქვეყნებიათ. ამასთან, ზოგიერთ მათგანს მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტი აქვს გასაჯაროებული“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
„გამოუქვეყნებელი კონტრაქტები რომ არსებობს, მაგრამ არ ქვეყნდება, ამას ადასტურებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის SMP მოდული, სადაც სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობები ქვეყნდება. 2020-2023 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 338 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება. მთავრობის ადმინისტრაციამ 26 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 11-ზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 41-ზე და ა.შ“. – ამბობენ ორგანიზაციაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ შესყიდვების გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, თუმცა „არასაიდუმლო შესყიდვების ყველა კონტრაქტი უნდა ქვეყნდებოდეს“.
„მიმდინარე წლის აპრილში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სთხოვა, ეცნობებინა, თუ რა არის კონკრეტული უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების არ გამოქვეყნების მიზეზი და რა ღონისძიებები გაატარა სააგენტომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. შესყიდვების სააგენტომ გვაცნობა, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ნაწილობრივ აღმოფხვრილ იქნა CMR მოდულში ხელშეკრულებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არსებული ტექნიკური ხარვეზები და სააგენტო ამჟამადაც ახორციელებს ქმედებებს ტექნიკური ხარვეზების სრულად აღმოფხვრის მიზნით.
ამასთან ერთად, სააგენტო აღნიშნავს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ახალი კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რაც კანონში ასახული სიახლეების დანერგვისთვის შესყიდვების ელექტრონული სისტემის სრულ მოდიფიცირებას ისახავს მიზნად. ელექტრონული სისტემის განახლება კი არსებული ტექნიკური ხარვეზების სრულ აღმოფხვრას შეუწყობს ხელს“, – წერია განცხადებაში.
გამოუქვეყნებელი კონტრაქტების პრობლემა, TI-ს ცნობით ნაწილობრივ აღმოიფხვრა, თუმცა პრობლემა ისევ რჩება, რადგან „20 უწყების, მათ შორის მსხვილი უწყებების კონტრაქტები ისევ არ ქვეყნდება. 6 წელი საკმარისზე მეტი დროა ტექნიკური ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. კონტრაქტების გაუმჭვირვალობა კორუფციული რისკების მონიტორინგს შეუძლებელს ხდის“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შემსყიდველ ორგანიზაციებს, მეტი ყურადღება მიაქციონ გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, რის შედეგადაც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი საჯაროობის სტანდარტების დარღვევა სამართალდარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.