Jump to content
Planeta.Ge

კარვის გაშლის მცდელობისას პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს


თბილისში, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, მარტის ანტირუსული აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, პოლიციამ კარვის გაშლის მცდელობისას დააკავა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ წაიყვანა პოლიციამ ძალით და ჩასვა ავტომობილში ლაზარეს მამა მაშინ, როცა კარვის გაშლას ცდილობდა.

განახლება: შსს-ს ცნობით, გრიგორიადისი ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ბექა გრიგორიადისი მიიჩნევს, რომ მისი შვილი პოლიციაზე თავდახმის ბრალდებით უკანონოდ დააკავეს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

შვილის გათავისუფლების მოთხოვნით ის უკვე რამდენიმე დღეა, თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტთან აქციებს მართავს და კარვის გაშლას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. პოლიცია მას ამის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევს.

ბექა გრიგორიადისმა პარლამენტთან კარვის გაშლა ჯერ კიდევ 28 მაისს სცადა. მაშინ 19-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პოლიცია მას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას უკანონოდ უზღუდავს.

პირად ფეისბუკგვერდზე ფაქტს დღესვე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები კარვის გაშლას შეკრების უფლების შემადგენელ ნაწილად პირდაპირ და ცალსახად აღიარებს.

„საქართველოში არ არსებობს კანონი თუ რეგულაცია, რაც პროტესტის მონაწილეებს კარვის გაშლას უკრძალავს. პოლიციელები ასრულებენ უკანონო ბრძანებას, რომლის მიზანიც სინამდვილეში არის შეკრების და პროტესტის გამოხატვის უფლებით სარგებლობის წართმევა.

ხომ ყველას გვინახავს კადრები, როგორ აკავებს რუსული პოლიცია პირებს, რომლებსაც უბრალოდ ცარიელი ტრანსპარანტები უჭირავთ? აი, იგივე დონის ამბავია, დააკავო პროტესტის მონაწილე იმის გამო, რომ კარვის გაშლა გადაწყვიტა. ლაზარე გრიგორიადისის მამის დაკავების ფაქტს ვგულისხმობ, თუმცა, მსგავსი უფლებაშემლახავი, უკანონო პრაქტიკა წლებია გრძელდება“, — მიიჩნევს ნინო ლომჯარია.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...