Jump to content
Planeta.Ge

რა ბედი ეწევათ თბილისის 192-ე სკოლის მოსწავლეებს


 

მოგეხსენებათ, გაზრდილი მოთხოვნის გამო, თბილისის საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში, ბავშვების დარეგისტრირება ყოველწლიურად უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. არსებული სასწავლო დაწესებულებები, მოსწავლეთა სიმრავლეს ვეღარ აუდის, ამიტომ დედაქალაქის თითქმის ყველა საჯარო სკოლა ორცვლიან სწავლებაზე, ზოგი კი -სამცვლიანზეც არის გადასული. მიუხედავად ამისა, კლასებში მოსწავლეთა მიღების  პრობლემა ყოველწლიურად იზრდება. ამას ემატება ავარიული სკოლების რემონტისა და მათი რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ხშირად, სხავადსხვა მიზეზით უსაშველოდ იწელება და ისედაც გადატვირთულ სკოლებს სხვა სკოლებიდან შეხიზნული მასწავლებელ-მოსწავლეების დამატება განუსაზღვრელი დროით უწევთ.

მოსწავლეთა ნაკადებს ვეღარ უმკლავდება დიდ დიღომში არსებული სამი საჯარო სკოლაც, რომელთაგან ერთ-ერთი, 192- ე სკოლა მომავალი ზაფხულიდან, რემონტის მიზნით, უნდა დაიხუროს, ხოლო რა ბედი ეწევა მის ათასობით მოსწავლეს, ჯერ არავინ იცის.

ბუნებრივია, სკოლის დახურვის შესახებ მიღებულმა ცნობამ მოსწავლეთა მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან იმის გათვალისწინებით, რომ დიდი დიღმის სხვა სკოლებში ადგილები არ არის, ეს ფაქტი თითოეულ მათგანს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. თანაც, მშობლებს არა აქვთ კონკრეტული პასუხები კითხვებზე: რა ბედი ელით მათ შვილებს; სად უნდა წაიყვანოს განათლების სამინისტრომ ის ათასობით მოსწავლე, რომელიც დღეს 192-ე სკოლაში ირიცხება ან ზუსტად რა ვადებში იგეგმება სკოლის რეაბილიტაცია? არადა, როგორც ჩვენ გვითხრეს, ამ საკითხის გასარკვევად, სკოლის ადმინისტრაციასაც და განათლების სამინისტროსაც ბევრმა მათგანმა მიმართა.  

- გავიგეთ, რომ სრული რეაბილიტაციის მიზნით, ამ სემესტრის ბოლოდან სკოლა იხურება.  ამბობენ, წელიწადნახევრიდან ორ წლამდე დრო დასჭირდებაო, თუმცა ყველამ ვიცით, რომ წინასწარ დაგეგმილ დროში ჯერ ვერც ერთი სკოლა ვერ გაარემონტეს და ექსპლუატაციაზე ვერ გაუშვეს.

ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ არაერთი სკოლაა ასეთ დღეში. ზოგის სრული რემონტი ან რეაბილიტაცია დაიგეგმა და ამ მიზნით, შენობაში სწავლის პროცესი შეჩერდა, თუმცა ამ დრომდე არანაირი სამუშაო არ დაწყებულა, ზოგში კი დაიწყო და ვეღარ დასრულდა.

თბილისის 209-ე სკოლის გამოცდილებას გეტყვით, სამი წელია რემონტზეა და გასულ მარტის თვეში რომ უნდა გახსნილიყო, ჯერ კიდევ დაუსრულებელია. ამ სკოლის მოსწავლეები სამი წელიწადია სხვადასხვა უბნის სკოლებში არიან შეხიზნულები, მეორე ალტერნატივად კი ონლაინ-სწავლება აქვთ. იგივე მდგომარეობაა ნაძალადევის რაიონის რამდენიმე სკოლაშიც, მიადგნენ, დაანგრიეს და ჯერ არაფერი გაკეთებულა. მათგან ერთ-ერთი სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც ჰქონდა, მაგრამ ამანაც ვერ უშველა.

ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ სკოლის დახურვის გადაწყვეტილება ისე მიიღეს, წინასწარ არ განუსაზღვრავთ, რას უპირებდნენ ამდენ მოსწავლეს, სად უნდა გადაეყვანათ. ისედაც ხომ ვიცით, რომ მოსწავლეების სიმრავლის გამო, ყველა უბანში, ყველა სკოლა ორ ან სამ ცვლიან სწავლებაზეა გადასული, კლასებში ადგილები არ ჰყოფნით და ახლა 192-ე სკოლაც რომ დაიხურება, ეს ათასობით მოსწავლე სად უნდა წაიყვანონ, ამაზე პასუხი არა აქვთ. - გვიყვება ერთ-ერთი მშობელი, ნინო ბიწაძე.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროშიც თავად დარეკა და რაიონის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელსაც მიმართა კითხვებით, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერც ერთისგან ვერ მიიღო.

- არსად არ იციან, სად უნდა წავიყვანოთ ბავშვები. ამიტომაც ამ სკოლის მოსწავლეთა მშობლები აქციის ჩატარებას ვგეგმავთ, სადაც მოვითხოვთ, გაგვცენ კონკრეტული პასუხი და გაგვაცნონ გეგმა, რას გვთავაზობენ, რათა მომავალი სასწავლო წლისთვის მზად ვიყოთ. თუ არადა, ახლა ასე უპასუხოდ გაგვიშვებენ არდადეგებზე, სასექტემბროდ კი დაგვაყენებენ ფაქტის წინაშე და მოგვიწევს არჩევანის გაკეთება: ან ონლაინ-სწავლება, ან ბავშვების სხვა სკოლებში გადაყვანა.

მოგეხსენებათ, დიდ დიღომში 192 სკოლის გარდა კიდევ ორი სკოლაა, რომელთაც ისედაც აქვთ მოსწავლეთა მიღების პრობლემა და ჩვენ ვერანაირად ვერ დაგვიმატებენ. იგივე მდგომარეობაა სხვა სკოლებშიც. თუნდაც რომ გამოინახოს ადგილი, დიდი დიღმიდან ქალაქის სხვა უბნებში ბავშვების ტარებას რამდენი მშობელი შეძლებს?

განათლების სამინისტროშიც ეგ მითხრეს, დიდი დიღმის 186-ეს და მეგასკოლას არა აქვს იმის რესურსი, რომ თქვენი ბავშვები მიიღოს. თქვენს უბანში 192-ე სკოლა ყველაზე დიდია და ყველაზე მეტი მოსწავლე ირიცხება, ამიტომ ამ ორ სკოლაში ვერ გადაგანაწილებთო.

მაშ, სად უნდა იარონ ჩვენმა შვილებმა აქედან, გლდანში, მუხიანში თუ საბურთალოზე?

ისიც მითხრეს, გავიგე სკოლის დახურვის გადაწყვეტილებამ მშობლების უკმაყოფილება რომ გამოიწვია და ვცდილობთ ალტერნატიული ფართის მოძიებას, მაგრამ ჯერ ვერ მოვიძიეთო.

რა უნდა მოიძიონ, სად არის აქ იმხელა შენობა, რომ ამდენი ბავშვი დაიტიოს?

- რაც შეეხება ონლაინ-სწავლებას, ამაზე რა აზრის ხართ?

- ვინაიდან ვიცით სხვა მაგალითები, სადაც სკოლის რემონტის მიზეზით მოსწავლეები დროებით ონალინ-სწავლებაზე გადავიდნენ და იქ ეს პროცესი უსაშველოდ გაიწელა, ამ ვარიანტს საერთოდ მიუღებლად მივიჩნევთ. ზოგიერთ სკოლაში 2 წელზე მეტია, უკვე დისტანციური სწავლება მიმდინარეობს და მშობლიან-პედაგოგიან-მოსწავლეებიანად ყველა უკიდურესად შეწუხებულია. არ გვინდა, ჩვენც იგივე დაგვემართოს.

ამიტომ ვითხოვთ კონკრეტულ პასუხს, ვიცოდეთ, რა ალტერნატივას გვთავაზობენ, რამდენად მისაღები იქნება ეს მოსწავლისთვის, მისი მშობლისთვის, იქნება თუ არა გათვალისწინებული ბავშვების ინტერესები, მისი უფლებები, ხომ არ შეგვეშლება ხელი სწავლის პროცესში?..

- თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი რა იქნება?

- საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ჯერ-ჯერობით შეეშვებიან ამ სკოლას, არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ინგრეოდეს. თან ხომ ყოველ წელს არემონტებდნენ და თუ ავარიული და საშიში იყო, აქამდეც შეეძლოთ ზომები მიეღოთ. წინასწარ განესაზღვრათ შესაძლებლობები, ჩვენი შვილების ბედზე დაფიქრებულიყვნენ, სად უნდა წაეყვანათ ამდენი მოსწავლე, ჯერ ალტერნატიული ფართი მოეძიებინათ, გაემართათ და მერე მიეღოთ სკოლის დახურვის გადაწყვეტილება.

ვუთხარი კიდეც განათლების სამინისტროს წარმომადგენელს, დროებით შეაჩერეთ ეს გადაწყვეტილება, აგერ, თეიმურაზ მეფის ქუჩაზე არის დიდი ტერიტორია, ყველა მხრიდან კარგი მისასვლელია, გზაც გაკეთებულია, შეისყიდეთ, ააშენეთ დიდი სკოლა, გადავიყვანოთ იქ ეს ბავშვები და შემდეგ მიხედეთ 192-ე სკოლასაც. არც ის იქნება ზედმეტი ჩვენი უბნისთვის, პირიქით, ერთი კი არა, რამდენიმე სკოლაა საჭირო.

რა თქმა უნდა, ძირითადად ცხელი ხაზის ოპერატორს ველაპარაკე, რომელმაც აქეთ-იქით გადამამისამართა, თუმცა ვისაც ვეკონტაქტე, მათგან ვერავინ ვერაფერს წყვეტს და კი მითხრეს, ამ თემაზე უმჯობესია, მინისტრს თუ შეხვდებით ან სკოლის დირექტორთან ისაუბრებთო. მინისტრს ჩვენ ვინ შეგვახვედრებს და სკოლის დირექტორს რომ ველაპარაკეთ, იმანაც არაფერი იცის. ის კი არადა, ვიდრე ეს ამბავი სხვადასხვა წყაროებით არ დავაზუსტე და მე არ გავახმაურე, მანამდე სკოლის დირექტორს ხმა არ ამოუღია. ახლაც ამბობს, რომ ჩვენზე მეტი არც მან იცის რამე. როგორ შეიძლება, არ იცოდეს ან იცის და მალავს.

ასევე, ზოგიერთი პედაგოგი სწორად უდგება საკითხს და ეთანხმება ჩვენს მოთხოვნებს, ზოგი კი პირიქით, ამბობს, რომ ვერ ხვდება, რას ვაპროტესტებთ და რატომ ვეწინააღმდეგებით განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას.

არადა, ელემენტარულად, იმ სხვა პრობლემებს რომ თავი დავანებოთ, რასაც დიდი დიღმიდან სხვა უბნების სკოლებში სიარული გამოიწვევს, კლასის, დამრიგებლის და მასწავლებლების შეცვლა რამდენ ზიანს მიაყენებს და დისკომფორტს შეუქმნის ბავშვებს, ესეც ხომ გასათვალისწინებელია?

ამიტომაც ვაპირებთ, ჩავატაროთ საპროტესტო აქცია, სადაც 192-ე სკოლის მოსაწავლეები და მათი მშობლები შევიკრიბებით და მოვითხოვთ, კეთილი ინებონ, პასუხი გაგვცენ კითხვებზე და დააკმაყოფილონ ჩვენი შვილების ინტერესი. ეს ბავშვები ცხვრების ფარა არ არიან, რომ საითაც უნდათ, იქით გაირეკონ. მარტო ჩვენ, მშობლები კი არ ვღელავთ ამაზე, ჩვენი შვილებიც სასოწარკვეთილები არიან. ამბობენ, რომ დადგებიან აქციაზე და მოითხოვენ პასუხს: რას უპირებს მათ სკოლა, განათლების სამინისტრო, სად უნდა მივიდნენ ისინი 15 სექტემბერს სასწავლებლად?

დირექტორის პოზიცია იქნებოდა კარგი და გამართლებული მაშინ, რომ დავებარებინეთ მშობლები და ეთქვა, ასეთი და ასეთი მდგომარეობაა, სამინისტროს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და თქვენ უნდა მოიფიქროთ, რას იზამთ, მეც თქვენს გვერდით ვიქნებიო.

ვინმე ეცდება დამაჯეროს, რომ დირექტორმა არ იცოდა ეს ამბავი და მე მასზე ადრე გავიგე?

მე რომ გავახმაურე ფაქტი სოციალურ ქსელში, მერე იკადრა და გამოაქვეყნა სკოლის ფეისბუკგვერდზე, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, სკოლის შენობის რეაბილიტაციის შესახებ. ამის მეტი არანაირი კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა ბედი ეწევათ სკოლის მოსწავლეებს, სად უნდა წავიყვანოთ ჩვენი შვილები, არაფერი წერია.

მართლაც 192-ე საჯარო სკოლის ფეისბუკგვერდზე დირექციის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ცნობა, რაც მათი შენობის რემონტს და სწავლის პროცესს ეხება 19 მაისით თარიღდება და შემდეგი შინაარსისაა: ,,გაცნობებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით იგეგმება ჩვენი სკოლის ორივე კორპუსის რეაბილიტაცია და არა დემონტაჟი. მოგეხსენებათ რამდენი პრობლემაა ორივე კორპუსში ინფრასტრუქტურის კუთხით, როგორც შენობების შიგნით, ასევე ფასადის და ეზოს ჩათვლით. ამისათვის საჭიროა მოიძებნოს ალტერნატიული ფართი დიდი დიღმის ტერიტორიაზე და არა სხვაგან. საჭიროების და თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში მოგვემსახურება ავტობუსებიც.

მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი ფართი ჯერ მოძიებული არ არის. როგორც კი ჩვენს ხელთ აღმოჩნდება მოძიებული ფართის შესახებ ინფორმაცია, მაშინვე ჩაგაყენებთ საქმის კურსში. თუ რაიმე საკითხი ახლა კიდევ დარჩება გაურკვეველი, გთხოვთ, მობრძანდეთ სკოლის N1 კორპუსში და შევეცდებით თქვენს შეკითხვებს ვუპასუხოთ.“

 image.jpeg

ამ ინფორმაციას უკმაყოფილო მშობელბის კომენტარები ახლავს თან, რომლებიც იგივეს იმეორებენ, რაც ნინო ბიწაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა. არც ერთი მათგანი არ არის მომხრე, მათი შვილები ქალაქის სხვადასხვა უბნის სკოლებში გადანაწილდეს, მით უმეტეს, არარეალურად მიაჩნიათ ავტობუსების მომსახურების შეთავაზებაც, რადგან იციან, რომ ერთი და ორი ავტობუსი ამდენ მოსაწავლეს არ ეყოფა. აქვე გასათვალისწინებელია, პიკის საათებში ქალაქში გადატვირთული მოძრაობა და შექმნილი საცობები, სადაც ბავშვებს ყოფნა მოუწევთ. მშობლები სხვა ბევრ ნიუანსსა და ხელისშემშლელ პირობებზე წერენ, რაც მათ იმ შემთხვევაში შეექმნებათ, თუ სკოლა რემონტზე წავა და მათი შვილები სხვა სკოლებში გადანაწილდებიან. ამიტომ დროულად ითხოვენ, ყველა დეტალის და შესაძლებლობის გარკვევას, რათა სექტემბერში ფაქტის წინაშე მოუმზადებლები არ დადგნენ

მშობლების პოზიციის გაგების შემდეგ აღნიშნული საკითხის გასარკვევად, ჩვენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს დავუკავშირდით და ამ თემის განმარტება ვთხოვეთ. მათგან მივიღეთ პასუხი, რომ როცა ამა თუ იმ სკოლის შენობა რემონტზე გადის, სკოლაში რეგისტრირებული მოსაწავლეები სხვადსხვა სკოლებში ნაწილდებიან და დროებით იქ აგრძელებენ სწავლას. ასევე მოხდება ამ სკოლის შემთხვევაშიც, რომლის სრული რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილია, თუმცა სად გადანაწილდებიან მოსწავლეები ან რომელ შენობაში გადავა სასწავლო პროცესი, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

მშობლები კი უქმად გაჩერებას არ აპირებენ და თუ უახლოეს დღეებში მათ მიერ წამოჭრილ კითხვებზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს არ მიიღებენ, თავიანთ შვილების მომავლის გარკვევის მიზნით, 192-ე სკოლის ტერიტორიაზე  საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

 

ირმა ბერიშვილი   

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...