Jump to content
Planeta.Ge

„ქართუს“ ლაგუნა ვერესთან ცათამბჯენების აშენება კვლავ სურს – ახალი პროექტი


თბილისში, „ლაგუნა ვერესთან“ ახლოს, „ქართუ“ ცათამბჯენების აშენებას კვლავ გეგმავს. ამისთვის კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წარუდგინა თბილისის მერიას.

მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ პირველადი პროექტი დაახარვეზა, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ფონდის დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიამ ხელახალი პროექტი წარადგინა. ვიზუალურად ცვლილებები მცირეა, თუმცა ძველი პროექტისგან განსხვავებით, ორს შორის უფრო მაღალი ცათამბჯენი ახლა 52-სართულიანია — ნაცვლად 65 სართულისა.

შედარებისთვის, ცვლილება გამოიყურება ასე:

პროექტის შესახებ საჯარო ინფორმაცია „ღია საზოგადოების ფონდის“ სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერი, იურისტი, ანანო ცინცაბაძემ გამოითხოვა. სწორედ მისგან გავრცელდა ცვლილების შესახებ ინფორმაციაც.

როგორც წინა შემთხვევაში, პროექტის ახალ ვერსიაშიც დამკვეთად კომპანია შპს “კოსტავას 69” მითითებული – მუნიციპალიტეტმა ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება სწორედ მას უნდა შეუთანხმოს. თუ ეს ასე მოხდა, კომპანიას სხვა პროცედურების გავლაც მოუწევს და შემდეგ შესაძლებლობა მიეცემა, ქალაქის ცენტრში ორ-კოშკიანი, მულტიფუნქციური კომპლექსი ააშენოს.

კომპანია „კოსტავას 69-ს“ დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.

პროექტს თან ახლავს რამდენიმე კვლევა და განმარტებითი დოკუმენტები. დოკუმენტაციის თანახმად, საპროექტო ტერიტორია, „ლაგუნას“ საცურაო აუზის ჩათვლით, ჯამურად შეადგენს 44 255 მ²-ს.

„ლაგუნას“ ნაგებობასთან მიმართებაში ამ ეტაპზე პროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სამუშაოებს. ამიტომ, უშუალოდ საპროექტო-სამოქმედო არეალი ამ შემოთავაზებაში წარმოადგენს 33 530 მ²-ს,“ – აცხადებს კომპანია.

ამასთანავე, „კოსტავა 69“ და პროექტზე მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რაკი ტერიტორიაზე მულტიფუნქციური კომპლექსი უნდა მოეწყოს, აუცილებელია, რომ ტერიტორიას გაუუქმდეს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი და ჩანაცვლდეს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ით (სსზ-2) – „ამასთან პროექტის განხორციელებისთვის, ასევე აუცილებელია მასზე სპეციალური ზონალური ნებართვის რეჟიმის გავრცელება, საცხოვრებელი ფუნქციის ფართების შერევის ხარისხის დასარეგულირებლად,“

catambjeni2.jpg

„ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილი ცათამბჯენების ახალი პროექტი.

მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროექტი ასევე ითვალისწინებს სატრანსპორტო ქსელის ცვლილებას. თავად დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ საპროექტო ტერიტორიაზე მოსახვედრად მოეწყობა 3 სამანქანო კავშირი, აქედან 2 გმირთა მოედნის მხრიდან, ხოლო ერთი (არსებული) – კოსტავას ქუჩიდან.

დაგეგმილი მულტიფუნქციური კომპლექსი ითავსებს როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ ფუნქციებს. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ კომერციული სივრცეების ვიზიტორთა და მცხოვრებელთათვის იგეგმება ათასადგილიანი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა.

ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს ელოდება თბილისის მერიისგან. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ცათამბჯენების ლაგუნა ვერესთან – საიდან დაიწყო ყველაფერი

მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ოპოზიციონერმა ირაკლი აბესაძემ 2023 წლის იანვარში გაავრცელა. პროექტი ატვირთული იყო მუნიციპალური განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და მასზე გადაწყვეტილება კი ჯერ არ იყო მიღებული.

დაგეგმილი ცათამბჯენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე საზოგადოებისა და ასევე, ექსპერტთა ნაწილის მხრიდან მას დიდი კრიტიკა მოჰყვა. მაგალითად, „ურბანული განვითარების ინსტიტუტმა“ დაწერა, რომ პროექტი „სრულიად შეუსაბამოა ქალაქის ამ არეალის სივრცითი განვითარებისთვის“.

ცათამბჯენების პროექტს ასევე გამოეხმაურა თავად თბილისის მერი, კახა კალაძეც.

„ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია კი ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა”, – თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.

  • ნეტგაზეთი

     

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...