Jump to content
Planeta.Ge

„ეს ფოტო არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს“ - სამთავრობო ცენტრის განმარტება


„ეს ნამუშევარი სრულიად არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს, რის საფუძველზეც ის არ იქნა შერჩეული, “- ასე განმარტავს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრი მარტის აქციების ცნობილი ფოტოს კონკურსში არდაშვებას.

ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტოგრაფის, ზურაბ ცერცვაძის მხრიდან მწვავე და უსაფუძვლო რეაქცია მოჰყვა იმას, რომ მის მიერ გადაღებული ფოტო არ შეირჩა გამარჯვებულთა შორის.

„აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ აღნიშნული ფოტოგრაფის კონკრეტულად ეს ნამუშევარი ბოლო პერიოდში სარგებლობდა მაღალი ცნობადობით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასა და წამყვან მედია გამოცემებში. მას მიღებული აქვს არა ერთი საპატიო ჯილდო და მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება. შესაბამისად, ჟიურის გადაწყვეტილებით, ეს ნამუშევარი სრულიად არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს, რის საფუძველზეც ის არ იქნა შერჩეული.

სამწუხაროდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოყვა საკითხის სრულიად უსაფუძვლო პოლიტიზირება და სხვა მონაწილეების და მათი ნამუშევრების უმწვავესი ბულინგი, რასთან დაკავშირებითაც გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას.

თითოეულ მონაწილეს, რომელმაც მიიღო კონკურსში მონაწილეობა და უმიზეზოდ აღმოჩნდა უმწვავესი თავდასხმების სამიზნე, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მონაწილეობისათვის და მივულოცოთ სრულიად დამსახურებული წარმატება, “- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ფოტოგრაფმა ზურაბ ცერცვაძემ თქვა, რომ მარტის აქციებისას გადაღებული მისი ცნობილი ფოტო არ მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსში – „მე ვხედავ ევროპას“.


ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თამარ წულეისკირია. ის უმრავლესობის დეპუტატის ლევან კობიაშვილის ცოლია და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომ ვინც მის მეუღლეს მოღალატეს ეძახდა რუსული კანონის მხარდაჭერის გამო, მეგობრობიდან ამოეშალათ ის.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...