Jump to content
Planeta.Ge

მდინარაძის თქმით, რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენებზე უარი ტექნიკური საკითხების გამო დე ფაქტო სანქციები იქნებოდა


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ტექნიკური საკითხების გამო რუსეთთან ფრენებზე უარის თქმა – დე ფაქტო სანქციები იქნებოდა.

29 მაისს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძე გამოეხმაურა როგორც რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხს, ასევე ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პირდაპირი ფრენების აღდგენას საქართველოს მხრიდან თანხმობაც სჭირდებოდა.

„მადლობა ევროკავშირის ელჩს იმისთვის, რომ მან ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. თუმცა აქვე ობიექტურობისთვის უნდა დავძინოთ, რომ მისი განცხადების მეორე ნაწილი შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა ამის აღსრულებას. ეს არ არის რეალური ინფორმაცია. არანაირი თანხმობა არც პოლიტიკურ, არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა და თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც საქაერონავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ. უნდა გასცეს – ხაზს ვუსვამ ტექნიკურზე – ამაზე უარი იქნებოდა დე-ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ.

არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ეს დააზიანებს საქართველოს, მის თანამემამულეებს,“ – აცხადებს მდინარაძე.


29 მაისს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა.

ჰერჩინსკის თქმით, ვიცე-პრემიერთან „ძალიან ღია და გულწრფელი“ საუბარი შედგა. შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას მან დასძინა:

„მართალია, რომ ეს [ფრენების აღდგენა] იყო რუსეთის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ასევე მოითხოვდა თანხმობას საქართველოს მთავრობისგან“, — თქვა ჰერჩინსკიმ.

რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. იმისათვის, რომ ავიაკომპანიებს ფრენები შეესრულებინათ, საჭირო იყო საქართველოს მთავრობის ნებართვა.

ამ დროისთვის საქართველომ ფრენების ნებართვა უკვე გასცა სამმა კომპანიაზე – რუსულ „აზიმუტზე“, Red Wings-ზე და ქართულ „Georgian Airways-ზე“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას.

პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს. ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

წაიკითხეთ ვრცლად:

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...