Jump to content
Planeta.Ge

ბენ ჰოჯესი, ევროპარლამენტარები და სხვები – ღარიბაშვილს ნატოზე განცხადების გამო აკრიტიკებენ


გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეხმაურებიან და აკრიტიკებენ.

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი აკრიტიკებს ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი კიევის სწრაფვა იყო ნატოში გაწევრიანებისკენ. პავილიონისი აცხადებს, რომ ომის პროვოცირება არა უკრაინის სურვილმა, არამედ ნატოს არ გაფართოებამ გამოიწვია:

„შესწორება, ომის პროვოცირება ნატოს არ-გაფართოებამ გამოიწვია“ — აცხადებს ლიეტუველი პოლიტიკოსი.

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკელსონი კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ „კრემლის კარტებით თამაშობს“:

„ეს უკვე ითქვა, „ქართული ოცნება“ კრემლის კარტებით თამაშობს“ — აცხადებს მიკელსონი.

ღარიბაშვილის განცხადებებს ტვიტერზე გამოეხმაურა ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი და ევროპაში აშშ-ის ჯარის ყოფილ სარდალი ბენ ჰოჯესიც. გენერალი ჰოჯესი ღარიბაშვილის განცხადებას წარმოუდგენელს უწოდებს და სვამს კითხვას, თუ რა დაემართა საქართველოს:

„წარმოუდგენელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ნატოს გაფართოებას აბრალებს, რა დაემართა საქართველოს?“ — წერს ბენ ჰოჯესი ტვიტერზე.

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი კი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს. საქართველოს მოქმედი მთავრობა აგრესორი რუსეთის გამხმოვანებელი გახდა. დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოს მიმართ“ — აცხადებს ევროპარლამენტარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეც. მარეკ ზენიშეკის თქმით, ღარიბაშვილმა იცის რომ სინამდვილეში ვითარება პირიქითაა, თუმცა არჩია მხარი დაეჭირა რუსული პროპაგანდისთვის:

„სინამდვილეში ვითარება სრულიად საწინააღმდეგოა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს იცის, უბრალოდ არჩია რუსული პროპაგანდისთვის დაეჭირა მხარი“ — წერს ჩეხი პოლიტიკოსი ტვიტერზე.

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი კი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს აქვს ძალიან მოკლე მეხსიერება, ან ამას ირჩევს:

„პრემიერ ღარიბაშვილს აქვს ან ირცევს ჰქონდეს ძალიან მოკლე მეხსიერება“ — წერს ევროპარლამენტარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის ნატოში გაწევრიანების განზრახვა იყო.

აღნიშნული კითხვა პრემიერ ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა და ჰკითხა, მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილი პასუხობს — „ყველამ იცის მგონი მიზეზი“:

„ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოდერატორის დამატებით კითხვაზე ფიქრობდა თუ არა ის, რომ ნატოს გაფართოება იყო ომის პროვოცირება, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არ სურს ამაზე სპეკულირება და არც რუსეთის მთავრობის ციტირება უნდა, მაგრამ მისი თქმით, „ერთ-ერთი მიზეზი“ ომის დაწყების სწორედ ეს იყო:

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს,“ — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...