Jump to content
Planeta.Ge

კიევის განცხადებით, წუხელ რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიში მოიგერიეს


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, 29 მაისს, გამთენიისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მასშტაბური საჰაერო შეტევა მოიგერიეს და 67 სამიზნის ჩამოგდება შეძლეს.

უკრაინელი გენერლის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 40-მდე ფრთოსანი რაკეტა ისროლა, ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე კი რუსეთმა ირანული წარმოების 35 საბრძოლო დრონი გამოიყენა.

კიევის მერიის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის თავზე რუსეთის 40-ზე მეტი ჭურვის ჩამოგდება შეძლეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ეს ამ თვეში კიევზე რუსეთის მე-15 საჰაერო იერიშია.

კლიჩკოს თქმით, მიუხედავად მასშტაბური თავდასხმისა, უკრაინის მცველებმა შეძლეს სარაკეტო იერიშის მოგერიება იმგვარად, რომ შეტევას ნგრევა და სერიოზული ზიანი არ მოჰყოლია. კიევის მერის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული ერთ-ერთი საჰაერო ობიექტი კიევის პოდილსკის რაიონში ერთსართულიანი კერძო სახლის სახურავს დაეცა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კიევის გარდა რუსეთის სამიზნეს წარმოადგენდა ოდესის, მიკოლაივის და ხერსონის ოლქები. უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები საპორტო ინფრასტრუქტურას მოხვდა და მცირე ხანძარი გამოიწვია, რომლის ლიკვიდირებაც მალევე მოხდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია არც მიკოლაივის რეგიონში, ხერსონში კი, უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის სამიზნეს წარმოადგენდა საავადმყოფო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა — დაშავდა ერთი ადამიანი.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...