რა ხდება მეორე ტურის წინ თურქეთში
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოებას ოპონენტებს შორის ხისტი ურთიერთბრალდებები, ყალბი ამბების გავრცელება და ნაციონალისტური დისკურსის გაფართოება სდევს თან. მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის გადამწყვეტი კენჭისყრა 28 მაისს უნდა გაიმართოს.
პირველი ტური და გამოწვევა ოპოზიციისთვის
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელიც 14 მაისს ჩატარდა, ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში. მიზეზებს შორის დომინირებდა ერდოღანის მმართველობისას გამწვავებული ეკონომიკური კრიზისი ისევე, როგორც ოპოზიციის ერთიანობა მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
წინასაარჩევნო კვლევების უმრავლესობა ოპოზიციისთვის დამაიმედებელ რიცხვებს იძლეოდა, თუმცა საბოლოო შედეგი მისთვის ცალსახად არასახარბიელო აღმოჩნდა:
თურქეთის “ცესკოს” თანახმად, ვერც ერთმა კანდიდატმა მოაგროვა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ზე მეტი, თუმცა ქილიჩდაროღლუსა და ერდოღანის ხმებს შორის განსხვავება 5.6%-ია ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. ერთმა 44.8% (24 მილიონ 594 ათასი ხმა) მიიღო, მეორემ — 49.5% (27 მილიონ 133 ათასი ხმა).
ყვითელი ფერით აღნიშნულია პროვინციები, რომლებიც ერდოღანმა მოიგო, წითელი ფერი კი ქილიჩდაროღლუს მიერ მოგებულ პროვინციებს აღნიშნავს. წყარო: AA ავტორი: BBC
ქილიჩდაროღლუმ მოიგო არაერთი დიდი ქალაქი, მათ შორის, ანკარა და სტამბოლი ისევე, როგორც ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონები და ქურთული რეგიონების დიდი ნაწილი, ერდოღანმა კი მაღალი შედეგები აჩვენა ცენტრალურ თურქეთსა და შავი ზღვისპირეთში.
მოქმედმა პრეზიდენტმა მოიგო თებერვლის მიწისძვრით დაზარალებული პრაქტიკულად ყველა პროვინცია, სადაც მანამდეც დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. გამონაკლისია ჰათაი, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს.
ამასთან, ისლამო-ნაციონალისტურმა ალიანსმა, რომელიც ერდოღანს უჭერდა მხარს, იმავე დღეს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, “ცესკოს” შედეგით, ხმათა უმეტესობა მიიღო, რის გამოც 600-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის შეკვრას ახერხებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ფაქტორი საშუალებას აძლევს ერდოღანს, მეორე ტურში თავისი გამარჯვება ამომრჩეველს დაუხატოს, როგორც სტაბილურობის გარანტია და მოუწოდოს მათ, თავიდან აიცილონ აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების გაყოფა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის.
სწორედ “სტაბილურობის” მოტივით ახსნა მეორე ტურში ერდოღანის კანდიდატურისადმი თავისი მხარდაჭერა სინან ოღანმა — ულტრანაციონალისტმა პოლიტიკოსმა და აწ უკვე ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, რომელმაც პირველ ტურში 5%-ზე მეტი მიიღო.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სინან ოღანი
ოღანმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, მეორე ტურში ერდოღანს მისცენ ხმა და დასძინა, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო, მომავლის დამაჯერებელი პერსპექტივა წარმოედგინა საზოგადოებისთვის.
საერთაშორისო დამკვირვებელთა თქმით, მოქალაქეებს პირველ ტურში არჩევანის საშუალება ჰქონდათ, თუმცა თურქეთს არ შეუსრულებია ძირითადი პრინციპები დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ეუთო/ოდირის შეფასებით, “მოქმედი პრეზიდენტი და მმართველი პარტიები სარგებლობდნენ გაუმართლებელი უპირატესობით, მათ შორის, მიკერძოებული მედიაგაშუქებით”.
“შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის ძირითადი თავისუფლებების მუდმივმა შეზღუდვამ ხელი შეუშალა ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და პარტიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მონაწილეობას საარჩევნო პროცესში”, — ამბობენ დამკვირვებლები.
უკანასკნელ წლებში პრეზიდენტმა ერდოღანმა არამხოლოდ გაიფართოვა ძალაუფლება, არამედ, გააძლიერა განსხვავებული აზრის დევნა, რომელიც შეეხო როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ისე მედიას, აკადემიურ სივრცესა და სასამართლოს.
სხვადასხვა ბრალდებით, რომელთა შორისაა ტერორიზმთან კავშირი, ხელისუფლების დამხობის მცდელობა თუ პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ერდოღანის მრავალი კრიტიკოსი დაუკავებიათ და გაუსამართლებიათ.
ოპოზიციის დაპირებაა, რომ გამარჯვების შემთხვევაში დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებს, თურქეთს საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე დააბრუნებს, უზრუნველყოფს მოქალაქეთა თავისუფლებების დაცვას და მეტად დაუახლოვდება დასავლეთის ბლოკს.
ჩვეული ბრალდებები და მანიპულაციები
რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანწილად იყო აგებული ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობებზე. მეორე ტურის წინ აღნიშნული მცდელობები მხოლოდ გამწვავდა.
უწინდელის მსგავსად, ერდოღანი ახლაც ცდილობს, მთავარი კონკურენტი დააკავშიროს “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან”(PKK), რომელიც ათწლეულების მანძილზე აწარმოებდა შეიარაღებულ ბრძოლას თურქეთში ქურთების ავტონომიისთვის. ის თურქეთს, აშშ-სა და ევროკავშირს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.
ერდოღანის ხელისუფლების მიერ ოპონენტების ტერორიზმთან კავშირში დადანაშაულება ახალი ფენომენი არ არის. ის ამას წარსულშიც აკეთებდა, განსაკუთრებით, თურქეთის მსხვილ პრო-ქურთულ პარტიასთან, “ხალხთა დემოკრატიულ პარტიასთან”(HDP) მიმართებით, რომლის ათასობით წევრიც ხსენებული და მსგავსი ბრალდებებით დააკავეს ბოლო წლებში.
უკვე ახლა, როცა HDP ქემალ ქილიჩდაროღლუს კანდიდატურას უჭერს მხარს, ერდოღანმა გააძლიერა მტკიცება, რომ თავად ქილიჩდაროღლუც PKK-სგან იღებს მხარდაჭერას. ამ კონტექსტში მან რამდენიმე დღის წინ მანიპულაციური, დამონტაჟებული ვიდეოც უჩვენა მხარდამჭერებს.
მეორე მხრივ, სოციალურ მედიაში ვრცელდება მრავალი ყალბი პოსტერი თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის”(CHP) სახელით, რომელსაც ქილიჩდაროღლუ თავმჯდომარეობს. ერთ-ერთზე წერია: “ჩვენთვის YPG ტერორისტული ორგანიზაცია არ არის!”
YPG წარმოადგენს ქურთულ სამხედრო შენაერთს თურქეთის მეზობელ სირიაში, რომელსაც ანკარა PKK-სთან კავშირებს ედავება, ტერორისტულად აცხადებს და ებრძვის.
ფაქტების გადამმოწმებელმა თურქულმა პლატფორმამ Teyit.org გამოიკვლია როგორც ეს, ისე სხვა მანიპულაციური პოსტერები და დაასკვნა, რომ ისინი არ წარმოადგენენ ქილიჩდაროღლუს პარტიის ოფიციალური კამპანიის ნაწილს.
იმ ფონზე, რომ თურქეთის სახელმწიფო მედიის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, რთული გამოსაცნობი არაა, როგორ და რა დოზით აშუქებს ის ოპოზიციის კამპანიას.
ქემალ ქილიჩდაროღლუ. ფოტო: MAHMUT SERDAR ALAKUS/ANADOLU AGENCY/GETTY IMAGES
თურქეთის კომუნიკაციების საბჭოს ოპოზიციონერი წევრების თანახმად, ქვეყნის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე 32 საათი დაუთმო ერდოღანის სიტყვით გამოსვლების გაშუქებას, ქილიჩდაროღლუს კი — 32 წუთი.
მეორე ტურის წინ ერთ-ერთმა პროსამთავრობო ტელევიზიამ საარჩევნო ბიულეტენი აჩვენა დიდ ეკრანზე, სადაც ედოღანის სახე და სახელი ჩანს, გვერდით კი, ქილიჩდაროღლუს ნაცვლად, დახატულია გრაფიკული ფიგურა, წარწერით — “სხვა კანდიდატი”.
სახელმწიფო მედიის ამ პოლიტიკის პარალელურად, ქილიჩდაროღლუ ალტერნატიული პლატფორმებით ცდილობს საზოგადოებამდე თავისი სათქმელის მიტანას. 24 მაისს მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი Youtube-არხის პროგრამაში, სადაც ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა. 4-საათიან ვიდეოს 25 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
პირველი ტურის შემდეგ, სიმშვიდით ცნობილი ოპოზიციონერი კანდიდატი უფრო მწვავეა ერდოღანის ბრალდებებზე პასუხისას.
“შენ არ იყავი, ერთ მაგიდასთან რომ იჯექი ტერორისტულ ორგანიზაციებთან ერთად და დახურულ კარს მიღმა ფარულ გარიგებებს რომ აწარმოებდი [მათთან]?
ყველა ჩემს მოქალაქეს ვუცხადებ, რომ არასდროს დავმჯდარვარ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ერთად და არც მომავალში გავაკეთებ ამას”, — საჯაროდ მიმართა ქილიჩდაროღლუმ ერდოღანს.
ამ ფორმით მან მიანიშნა სამშვიდობო პროცესზე, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ერდოღანის მმართველობის პირველ პერიოდში, 2015 წლამდე აწარმოებდა “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან”(PKK).
მზარდი ნაციონალიზმი
მშვიდი, ნაკლებად ხისტი რიტორიკით გამორჩეული ქილიჩდაროღლუ მრავალგზის აღიქმებოდა, როგორც რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ფიგურა ქარიზმატული ერდოღანისგან. მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატის ტონი საგრძნობლად შეიცვალა, განსაკუთრებით, თურქეთში მცხოვრებ ლტოლვილებთან მიმართებაში.
ოპოზიცია პირველი ტურის წინაც აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, სამშობლოში დააბრუნებდა თურქეთში მცხოვრებ რამდენიმე მილიონ სირიელ ლტოლვილს. თუმცა, თურქული ლირის გაუფასურების, ინფლაციისა და ფასების ზრდის ფონზე, წინასაარჩევნო გზავნილებში პირველი ტურის წინ მაინც ეკონომიკური გაჯანსაღების საკითხი დომინირებდა.
შემდეგ იყო 14 მაისის არჩევნები, რომელშიც, ბევრისთვის მოულოდნელად, მესამე ადგილზე ულტრანაციონალისტი სინან ოღანი გავიდა. ამასთან, თურქეთის პარლამენტი, თავისი ახალი შემადგენლობით, უფრო ნაციონალისტურია, ვიდრე მანამდე.
ამ ფონზე, საპრეზიდენტო კანდიდატები სხვადასხვა გზით ცდილობენ ნაციონალისტების გულის მოგებას. ქილიჩდაროღლუს სამიზნეც, პირველი ტურის დღეს სახლში დარჩენილი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გარდა, მოქმედი პრეზიდენტით უკმაყოფილო ნაციონალისტი ამომრჩეველია.
ამის გამო, ლტოლვილების საკითხთან დაკავშირებით მისი განცხადებები უწინდელთან შედარებით გაცილებით მწვავეა. ოპოზიციონერის ეს ცდა უსაფუძვლო არ არის: ერთ-ერთი კვლევით, თურქების 80%-ს სურს, ლტოლვილები თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ.
ქილიჩდაროღლუ ამტკიცებს, რომ ერდოღანმა ქვეყანაში “განგებ შეიყვანა 10 მილიონი ლტოლვილი” და მოქმედი პრეზიდენტი “თურქეთის მოქალაქეობას ყიდის, რათა იმპორტული ხმები მიიღოს” არჩევნებზე.
“მე გეუბნებით: ყველა ლტოლვილს სახლში გავუშვებ, როგორც კი პრეზიდენტი გავხდები. მორჩა”, — აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ თურქეთში კიდევ 10 მილიონი ლტოლვილი შევა, თუ ერდოღანი მოიგებს.
საპასუხოდ, ერდოღანმა სიძულვილის ენაში დაადანაშაულა ქილიჩდაროღლუ და გაიმეორა, რომ ოპოზიციონერის გამარჯვება ტერორიზმის გამარჯვების ტოლფასი იქნება.
სირიელი ბებია და შვილიშვილი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში. ფოტო: Ozan Kose/AFP/Getty Images
მოქმედი პრეზიდენტის თქმით, მისი ხელისუფლების პირობებში სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პროცესი უკვე დაწყებულია და ეს გაგრძელდება. ორივე კანდიდატი ამბობს, რომ ამ მიზნით სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ალ-ასადთან ურთიერთობების დალაგებას შეეცდებიან.
თურქეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 3.7 მილიონი სირიელია დროებითი დაცვის ქვეშ, ავღანელი ლტოლვილების რიცხვი კი 300 000-ს შეადგენს. ქილიჩდაროღლუს არ უთქვამს, საიდან აქვს სტატისტიკა 10-მილიონი ლტოლვილის შესახებ.
ლტოლვილების საწინააღმდეგო დისკურსის გაფართოების პარალელურად, ქილიჩდაროღლუს მეორე ტურში მხარი დაუჭირა ანტი-საიმიგრაციო განწყობებით ცნობილმა ულტრამემარჯვენე ძალამ, “გამარჯვების პარტიამ”(ZP), რომელმაც საპარლამენტო კენჭისყრაში 2.23% მიიღო.
ხსენებული პარტია პირველ ტურში სინან ოღანს უჭერდა მხარს, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ მეორე ტურში ერდოღანისადმი მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ, ZP-მ თქვა, რომ ოღანი მის პოზიციას არ გამოხატავს და საბოლოოდ, ქილიჩდაროღლუს კანდიდატურას მიემხრო.
ქილიჩდაროღლუსა და “გამარჯვების პარტიას” შორის ახლად გაფორმებული შეთანხმების თანახმად, გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციამ სირიელი ლტოლვილები 1 წლის ვადაში უნდა გაუშვას ქვეყნიდან და არა 2 წელიწადში, როგორც ეს მანამდე იყო ნათქვამი. პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ამას “საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად” გააკეთებს.
ქურთების ხმები
საპრეზიდენტო კენჭისყრის როგორც პირველ, ისე მეორე ტურში, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მხარს უჭერს თურქეთის მმართველი პარტიის გარშემო გაერთიანებული “სახალხო ალიანსი”, რომელსაც ისლამისტური და ნაციონალისტური პარტიები აკომპლექტებენ. მათ 14 მაისის არჩევნებით საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვეს.
ქილიჩდაროღლუს ზურგს უმაგრებს უმსხვილესი ოპოზიციური ალიანსი (“ეროვნული ალიანსი”), რომელშიც შედიან როგორც მისი თავმჯდომარეობის ქვეშ მყოფი მემარცხენე-ცენტრისტული “რესპუბლიკური სახალხო პარტია”(CHP), ისე მემარჯვენე-ნაციონალისტური “კარგი პარტია”(IYI) და შედარებით მცირე ოთხი პოლიტიკური ძალა, მათ შორის, ლიბერალები და ისლამისტები.
უმსხვილეს ოპოზიციურ ალიანსში პრო-ქურთული, მემარცხენე “ხალხთა დემოკრატიული პარტია”(HDP) არ შედის, თუმცა პირველ ტურში მან და მისმა მოკავშირეებმა ქილიჩდაროღლუს გამოუცხადეს მხარდაჭერა.
შედეგად, ქილიჩდაროღლუმ მნიშვნელოვანი უპირატესობით მოიგო თურქეთის ქურთებით დასახლებული ის რეგიონები, სადაც HDP დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.
თუმცა, მეორე ტურის წინ, როცა ქილიჩდაროღლუს ულტრამემარჯვენე “გამარჯვების პარტიამ”(ZP) დაუჭირა მხარი, ქურთების ხმების საკითხი უფრო ბუნდოვანი გახდა. HDP-სთან იდეურად შეუთავსებელ პარტიასთან ოპოზიციონერი კანდიდატის თანამშრომლობამ გააჩინა კითხვები, ხომ არ მოუწოდებდა პრო-ქურთული პარტია ამომრჩეველს, მეორე ტურში სახლში დარჩენილიყვნენ და ხმა არავისთვის მიეცათ.
ეს ეჭვები გაამწვავა ქილიჩდაროღლუსა და ხსენებული ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს, უმით ოზდაღს შორის გაფორმებული შეთანხმების ზოგიერთმა პუნქტმაც.
“ხალხთა დემოკრატიული პარტიის” მხარდამჭერები ქალაქ დიარბაქირში, ნოვრუზის დღესასწაულის აღსანიშნად გამართულ შეკრებაზე სკანდირებენ. ფოტო: EPA/SEDAT SUNA
ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ძალაში უნდა დარჩეს პრაქტიკა, რომლითაც ერდოღანის ხელისუფლებამ ბოლო წლებში ქურთულ რეგიონებში HDP-ს სახელით არჩეული ათეულობით მერი მოხსნა თანამდებობიდან “ტერორიზმთან დაკავშირებული” ბრალდებების გამო. ისინი ცენტრიდან დანიშნული პირებით ჩაანაცვლეს. თავად HDP ამ ბრალდებებს უარყოფს და დევნაზე საუბრობს.
ქილიჩდაორღლუსა და ოზდაღის შეთანხმება ამბობს, რომ ეს პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს, იმ განსხვავებით, რომ თანამდებობის პირთა მოხსნისთვის არამხოლოდ გამოძიება, არამედ დადასტურებული ბრალდება იქნება საჭირო.
საბოლოოდ, პრო-ქურთული პარტიისა და მისი მოკავშირეების პოზიციას ნათელი 25 მაისს მოეფინა. ანკარაში გამართული ბრიფინგიდან გაირკვა, რომ ქილიჩდაროღლუსადმი მათი მხარდაჭერა მეორე ტურშიც შენარჩუნდება.
HDP-ს თანათავმჯდომარემ, ფერვინ ბულდანმა, კრიტიკულად ისაუბრა როგორც მერების მოხსნის პრაქტიკაზე, ისე “მიგრანტებისა და ლტოლვილების პოლიტიკური ინტერესების მასალად გადაქცევის” მიუღებლობაზე. თუმცა, ბულდანის სიტყვებით, მეორე ტურში ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, რათა შეცვალოს “ერთი კაცის რეჟიმი”.
როგორია ოპოზიციის შანსები
პირველ ტურში ქემალ ქილიჩდაროღლუმ დაახლოებით 2.5 მილიონი ხმით ნაკლები მოაგროვა თავის კონკურენტთან შედარებით. მესამე კანდიდატმა, სინან ოღანმა, რომელიც ამჟამად ერდოღანს უჭერს მხარს, 2.8 მილიონი ხმა მიიღო, ოღანის ყოფილმა მოკავშირემ, “გამარჯვების პარტიამ” კი, რომელიც ახლა ქილიჩდაროღლუს უჭერს მხარს, საპარლამენტო კენჭისყრაში 1.2 მილიონი ხმა დააგროვა.
თურქეთის “ცესკოს” მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა აქტივობამ პირველ ტურში ლამის 90%-ს მიაღწია, გამოდის, რომ 8 მილიონი ამომრჩეველი სახლში დარჩა და ხმა არ მისცა.
ბუნდოვანია, რამდენად გაამართლებს ოპოზიციონერი კანდიდატის მცდელობა, 28 მაისს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ნაციონალისტები და პირველ ტურში სახლში დარჩენილები მიიზიდოს.
14 მაისისგან განსხვავებით, მისთვის წინასაარჩევნო კვლევების შედეგებიც გაცილებით ნაკლებად დამაიმედებელია. თურქულმა საინფორმაციო სააგენტომ, Bianet-მა, გააერთიანა ბოლო 3 კვლევის შედეგი, რომელთაგან ორიც ქილიჩდაროღლუს მარცხზე მიანიშნებს მეორე ტურში, ერთი კი – გამარჯვებაზე. ავტორიტეტული კომპანია Konda, რომლის უწინდელი კვლევითაც პირველ ტურში ქილიჩდაროღლუს უნდა მოეგო, ახლა ოპოზიციონერის მარცხს პროგნოზირებს მეორე რაუნდში.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.