Jump to content
Planeta.Ge

თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress-ი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა


საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანტალიიდან ბოინგ 737-800-ით პირველი რეგულარული რეისი გამთენიისას შეასრულა და 135 მგზავრი ჩამოიყვანა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2-წლიანი მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. Sun Express-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: დედაქალაქ ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში 5 სიხშირით იფრენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნესგანვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის განცხადებით, ახალი ავიაკომპანია ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.

,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანტალიიდან ავიაკომპანია Sun Express-მა პირველი რეგულარული რეისი განახორციელა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში ორჯერ, ხოლო დედაქალაქ ანკარადან კვირაში 1 სიხშირით იფრენს. ჩვენ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიასთან 2 წელზე მეტი ვაწარმოებდით და მათი მხრიდან დადებითი გადაწყვეტილება ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული. იმედი გვაქვს, რომ ისეთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა, როგორიც Sun Express-ია კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ავიაბაზარზე კონკურენციას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველო-თურქეთს შორის ტურიზმის განვითარებას“, -განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

ცნობისთვის, SunExpress-ი 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...