Jump to content
Planeta.Ge

საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ


სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

მილოცვების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა ავრცელებს.

„დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებათა ტრიადას წარმოადგენს. პოლონეთისა და საქართველოს ისტორიულმა გამოცდილებამ ამ ფასეულობებისადმი პატივისცემისა და ერთგულების მყარი საფუძველი შექმნა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, — ნათქვამია, საგარეო უწყების ცნობით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნიევ რაუს ილია დარჩიაშვილისადმი.

ზბიგნიევ რაუს სიტყვებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, პოლონეთი თავიდანვე მხარს უჭერდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს რუმინელი კოლეგა ბოგდან აურესკუც. მისალოც წერილში ის საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილ დეკლარაციას ეხმაურება, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების დინამიკას განსაზღვრავს, მათ შორის, აუთვისებელი პოტენციალის მქონე სფეროებში.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას და მზადაა ამ მიმართულებით თავისი გამოცდილების გასაზიარებლად“, — წერს ბოგდან აურესკუ.

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე კი, ამ არჩევნის რეალიზებისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მდგრადობა და სტაბილურობა. ჩეხეთის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული და პრო-დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერას“ – ნათქვამია წერილში.

სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ვლაჩოვსკი თავის წერილში საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის ოქმს ეხმაურება და წერს, რომ ეს ოქმი „თვისებრივად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი. წერილში ნათქვამია, რომ გასულ წელს აღინიშნა შვედეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი და ამავე დროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვენოვანესი ეტაპის დაწყება, რომელიც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებას უკავშირდება.

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასის მისალოც წერილში აღნიშნულია საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები, რომლებსაც ბოლოდროინდელი შეხვედრები და ვიზიტები ადასტურებს. წერილში ნათქვამია, რომ საბერძნეთი საქართველოს ევროპული პერსპექტივის ერთგულია და მხარი უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში სერბეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი“, — წერს სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი და მადლიერებას გამოხატავს საქართველოს პრინციპული პოზიციისა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან გრლიჩ რადმანი მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

„მჯერა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს აერთიანებს, ძლიერ იმპულსს შესძენს ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანებისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას“, — ნათქვამია ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ივან კონდოვის წერილში.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავეხმარებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოკლე ვადებში მიღებაში“, — ამბობს ის და დასძენს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

„გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. ხოლო ოქტომბერში დაგეგმილი სამთავრობო სამიტი დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენს ურთიერთობებს“, — წერს პიტერ სიიარტო.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანიც.

„სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, ხოლო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს ჩვენს მტკიცე ვალდებულებას თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია წერილში.

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ალეინიკი საქართველოსთან აქტიური დიალოგის გაგრძელების მზაობას გამოთქვამს. მისი თქმით, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და მდგრადი სახელმწიფოსა და საერთაშორისო არენაზე აქტიური მოთამაშის იმიჯის ჩამოყალიბებაში“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილებს უგზავნიან ფილიპინების რესპუბლიკის, ინდონეზიის რესპუბლიკის, კამბოჯის, პარაგვაის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და საერთო ინტერესის ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვემენ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...