Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.466

პრეზიდენტი დაიკითხება ძალიან ბევრ საკითხზე


PLANETA_INFO

1.138 views

ინტერვიუ სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბართან

 

,,დღეს დამტკიცდა, რომ არავინ იქნება ხელშეუხებელი, არც მოქმედი და არც ყოფილი თანამდებობის პირი, მათ შორის არც სასულიერო პირი, დანაშაულზე მოხდება ადეკვატური რეაგირება. ხშირად გაუკეთებია პრემიერ-მინისტრს განცხადება, რომ გარკვეული ტიპის ამნისტია უნდა გამოცხადდეს შემსრულებლებზე. იმ ადამიანებს, ვინც ამ რეჟიმს ემსახურებოდნენ, უკანონობას სჩადიოდნენ, ყველას პასუხს ვერ აგებინებ, რადგან ისინი პრაქტიკულად იყვნენ რეჟიმის მსხვერპლნი და ასეთები არიან ასეულათასობით, მაგრამ ისინი, ვინც იყვნენ დამკვეთები, იდეოლოგები, ვინც დანაშაულებრივ სქემებს ადგენდნენ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ადამიანის წამებასა და კორუფციაში, ცხადია, მათზე ამნისტია ვერ გავრცელდება.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი გადაფარვის მიზნით ვანო მერაბიშვილის დაკავება 21 მაისს არ მომხდარა. მისი დაკავება და ბრალის წარდგენა მოხდა მაშინ, როცა პროკურატურა გამყარდა მტკიცებულებებით. მოარული ხმებით, ყველამ ვიცოდით, რომ მერაბიშვილს წვლილი მიუძღოდა იგივე გირგვლიანის საქმის არასწორ გამოძიებაში. მტკიცებულებების მოგროვებას სჭირდებოდა დრო, ამიტომაც გრძელდებოდა დიდხანს გამოძიება. არ შეიძლება ადამიანი დააკავო და შემდგომ მოიძიო მტკიცებულებები. ისჯება ის, ვინც კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ 17 მაისის აქცია ინსპირირებული იყო გარე ძალების მიერ და არც იმ შეთქმულების მჯერა, რომ მერაბიშვილი და ბოკერია სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ.

დასავლეთის ანალოგს შეგახსენებთ. გერმანიაში თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა იმის გამო, რომ მან შვებულებიდან თავის ქვეყანაში დაბრუნების გამო სახელმწიფო თვითმფრინავი გამოიყენა. ეს გახდა საკმარისი იმისთვის, რომ უზარმაზარი სკანდალი ატეხილიყო. ჩვენ ვნახეთ, რაში იფლანგებოდა სააკაშვილის დაცვის საიდუმლო ხარჯები. ეს ყველაფერი კორუფციის ნაირსახეობაა. კორუფცია სხვა კი არაფერია. ან იგივე თბილისის მერი ავიღოთ, შეგახსენებთ სტრიპტიზბარში გადახდილ ფულებს, ეს არის გარყვნილება, პლუს კორუფცია.

პრეზიდენტს აქვს სრული უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მაგრამ ეს არ არის კარგი ქცევის მაჩვენებელი. თუ პრეზიდენტს უნდა, ხალხის თვალში იყოს მართალი, ის უნდა მივიდეს პროკურატურაში და მისცეს ჩვენება, თუ რატომ გადაწყვიტა 3.000-ლარიანი საჩუქარი გაეკეთებინა არა თავისი ჯიბიდან, არამედ ბიუჯეტიდან ეყიდა საჩუქარი რომელიმე პარლამენტარისთვის. შეიძლება პრეზიდენტმა დაასაბუთოს, რატომ უყიდა რომელიმე რუს ჟურნალისტს, ან რომელიმე კინოვარსკლავს ძვირფასი საჩუქარი და თქვას, რომ ეს იყო ქვეყნის იმიჯისთვის აუცილებელი, მაგრამ, როცა ის თავისი გუნდის წევრებს, პარლამენტარებს უკეთებს საჩუქრებს, ამის დასაბუთება გაუჭირდება. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, პრეზიდენტი დაკითხვაზე გამოცხადდეს და გამოძიებას მისცეს ჩვენება. ეს იქნება გახსნილობის კარგი მაგალითი, რომ მას არ ეშინია კორუფციაში ბრალდების. მეტსაც გეტყვით, პრეზიდენტი დაიკითხება და უნდა დაიკითხოს. ძალიან ბევრ საკითხზე".

 

(,,ალია"N52; ავტორი: ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...