Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    494.272

სააკაშვილი ივანიშვილთან შეხვედრას იხვეწება და თავის გადასარჩენად ყველას სწირავს


PLANETA_INFO

2.455 views

,, ვანო მერაბიშვილის დაჭერის შემდეგ, დიდი გლოვა დაიწყო ,,ნაციონალურ მოძრაობაში". ყველა დარწმუნდა, რომ ხელშეუხებელი აღარავინაა და ვის როდის წააბრძანებენ პროკურატურაში ძველი ცოდვების მოსაკითხად, კაცმა არ იცის. უცოდველი კი ,,ნაცბელადებში" არავინ არის. მერაბიშვილის დაჭერის მერე უზომოდ შეშინებულია მიხეილ სააკაშვილი. ის დარწმუნდა, რომ ვერც ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის, ვილფრედ მარტენსის საპროტესტო წერილები უშველის და ვერც ამერიკელი ნეოკონსერვატორი სენატორ–კონგრესმენებისა. სააკაშვილი მიხვდა, რომ საქართველოში სიტუაციას ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს და მასთან ფარულ შეხვედრას ეშურება. სააკაშვილ–ივანიშვილის შესაძლო შეხვედრა, ჯერჯერობით, დავით ბაქრაძესა და დავით უსუფაშვილს შორის განიხილება. სააკაშვილი აღარანაირ წინაპირობას აღარ უყენებს ივანიშვილს. მეტიც, ის თანახმაა, მისი ყველა კანონიერი მოთხოვნა შეასრულოს, ივანიშვილის მიერ შეთავაზებულ რეჟიმში ითანამშრომლოს პრემიერ–მინისტრთან და მის ინიციატივებს დაყაბულდეს. სააკაშვილი ერთადერთს ითხოვს – მშვიდად დაასრულოს საპრეზიდენტო ვადა და არც მანამდე და არც შემდეგ, მის წინააღმდეგ არ განხორციელდეს სამართლებრივი დევნა. პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ მის მიერ ჩადენილი უკანონობის შესახებ, ძალიან ბევრი იცის ვანო მერაბიშვილმა. მერაბიშვილმა თუ მოისურვა და ეს ხელისუფლების ნებაც იქნება, სააკაშვილის გასკვანჩვა დროის საქმეა – საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის მეორე დღესვე აღუძრავს საქმეს პროკურატურა. ოქტომბრამდე კი ცოტა დრო დარჩა და ეტყობა, მიშამ იგრძნო კანონის მსახვრალი და ყველგანმწდომი ხელის ძალა ვანოს დაჭერით. ამიტომაც არის დაფეთებული. აქვე ჩნდება კითხვა, კი მაგრამ, თუ ასეა შეშინებული და იქით ეხვეწება სააკაშვილი ივანიშვილს შეხვედრას, მაშ რატომ არ ცვლიან რიტორიკას თავად ან მისი პარტიის სხვა ლიდერები? ამაზეც მოგახსენებთ. სააკაშვილ–ივანიშვილის შეხვედრა რომ შედგეს, ამ ფარული შეხვედრის შესახებ არა თუ ვინმემ უნდა გაიგოს, არამედ ფიქრადაც კი არავის არ უნდა მოუვიდეს. სწორედ ამიტომ არ სრულდება ეს ,,ნაციონალური" კაკაფონია და მიშაც ისე გამოიყურება, თითქოს განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა და ვანოს დაჭერით მხოლოდ ზომიერად იყოს შეშფოთებული.

მიშა თანაგუნდელებს ამშვიდებს, რომ ბრძოლას აგრძელებს და ამ დროს კი კაპიტულანტურ ზავზე მოლაპარაკების დაწყებას აწარმოებს. თავად ,,ნაციონალური მოძრაობის" არაერთი ლიდერი ,,ქრონიკიდან" შეიტყობს, რომ სააკაშვილი ივანიშვილთან შეხვედრას იხვეწება, თავის გადარჩენას ეშურება და მთელი პარტია ფეხებზე ჰკიდია. სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებას ითხოვს და წინასწარ თავისი არც ერთი თანაგუნდელისთვის რაიმე გარანტიები არ მოუთხოვია.

არ არის გამორიცხული, სააკაშვილს სხვა გეგმები ჰქონდეს და თავსაც იკატუნებდეს. ვირეშმაკობა მისი პოლიტიკის სტილია. შესაძლოა დროის მოგების მიზნით სჭირდება ეს მოლაპარაკებები, შესაძლოა თავისმა დასავლელმა პატრონ–მრჩევლებმა უთხრეს კიდეც, ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო. ფაქტი ისაა და ამას თავად ,,ნაციონალური" წყაროებიც ადასტურებენ, რომ მიშა გატყდა და ძველებურად ყოჩაღად ვეღარ არის. ცდილობს შეეგუოს რეალობას და დაკარგულის – უახლოეს მომავალში ქვეყნის მმართველობის დაბრუნებაზე, აღარც კი ოცნებობს.

ვანო მერაბიშვილი კი მართლა ძალიან დიდ საფრთხედ იქცა ,,ნაციონალი" ლიდერებისთვის. ვანოს ფაქტებითა და მტკიცებულებებით შეუძლია გაამყაროს ნებისმიერი ბობოლა ,,ნაციონალის" დანაშაული, არადა, პროკურატურასთან თანამშრომლობისა და თანაგუნდელთა გაწირვის საბაბი ნამდვილად გააჩნია. მას საკუთარი მეუღლე – თაკო მერაბიშვილი ჰყავს გადასარჩენი. სანდრო გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიება, ფაქტობრივად, დასრულებულია და ყველა ის პირი, ვინც ამ საქმეში იყო გარეული, ხელახლა უნდა დაიკითხოს. გირგვლიანის საქმეზე 4 ადამიანი იჯდა ციხეში, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი ხალხის გასაჩუმებლად დაიჭირეს, ციხეში სასანატორიუმე პირობებში აცხოვრებდნენ და ოთხივე, 2008 წლის სექტემბერში შეიწყალა პრეზიდენტმა. ახლა, გია ალანია, ოლეგ მელნიკოვი და სხვები რომ ადგნენ და გამოძიებას განუცხადონ, სანდრო გორგვლიანის დასჯა თაკო მერაბიშვილმა დაგვიკვეთა და ცემის დროს შემოგვაკვდაო, მერაბიშვილის ცოლს ციხე ელის....ცოლის გადასარჩენად, სავარაუდოდ, ვანო ყველაფერზე წავა და გამოძიებას წვრილად ჩაუკაკლავს ყველა ,,ნაციონალის" დანაშაულს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილისას. ამ გზით, თეორიულად შესაძლოა, მან გარიგებას მიაღწიოს გამოძიებასთან და ცოლს ციხე ააცილოს თავიდან...მარტო ის რად ღირს, ვანო მერაბიშვილმა ყველა იმ ბანკის ადგილსამყოფელი და საბანკო ანგარიშები რომ დაასახელოს, სადაც სააკაშვილის კლანს ბიუჯეტიდან მოპარული მილიარდები აქვს გადამალული? ,,ქრონიკის" ინფორმაციით, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ამ ბანკებისა თუ საბანკო ანგარიშების შესახებ, მხოლოდ ოთხმა კაცმა იცის – ვანო მერაბიშვილმა, მიშა სააკაშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და მიშას ბიძამ, თემურ ალასანიამ. რომელი გასთქვამს საიდუმლოს და გამოძიებას ვინ დააყენებს სწორ კვალზე, ეს სულ ერთია; კლანი უკანონოდ მოპოვებულ მილიარდებს დაკარგავს....ვანომ თუ მოისურვა და პოლიტმოწინააღმდეგეებს სასურველი ინფორმაციები გაუმხილა, პარტიის საბოლოო დაშლა დღეების საქმეღა იქნება. ამიტომ, ,,პატიმარი მერაბიშვილი", შესაძლოა, დიდი პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცეს..."

 

(,,კვირის ქრონიკა"N21; ავტორი:ხათუნა ელბაქიძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...