Jump to content
Planeta.Ge

რუსული „კომერსანტი“: საქართველომ ვიზა გამოისყიდა - რუსოფობია დასრულდა


10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების, ხოლო ტურისტული სააგენტოებისთვის ტურების გაყიდვის აკრძალვა მოხსნა. რუსული „კომერსანტი“ წერს, რომ ეს მოსალოდნელი გადაწყვეტილება სენსაცია გახდა ქართველებისთვის და რიგ შემთხვევაში სკანდალიც კი გამოიწვია. რუსულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განმარტა, რომ ამ გზით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დათბება. რეაქცია არაერთგვაროვანი იყო: ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეაქო, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მას „რუსული პროვოკაცია“ უწოდა.

როგორც „კომერსანტი“ წერს, პუტინის ამ გადაწყვეტილებაში ქართულმა ოპოზიციამ პოტენციური საფრთხე დაინახა.

რუსოფობია დასრულდა

 

რუსეთი მიმართავდა საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას ან მის აღდგენას ყოველ ჯერზე, როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ამა თუ იმ მიზეზით უარესდებოდა ან უმჯობესდებოდა.

ბოლოს მოსკოვმა, პუტინის ბრძანებულებით, ასეთი აკრძალვა 2019 წლის 21 ივნისს შემოიღო. მაშინ თბილისი ფაქტობრივად, აფეთქდა საპროტესტო აქციებით, რაც გამოწვეული იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის მოულოდნელად გამოჩენით.

ამან გამოიწვია პროტესტი, რომელიც გადაიზარდა არეულობაში და პოლიტიკურ კრიზისში საქართველოში, რასაც მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა. გარდა ამისა, სკანდალმა გამოიწვია ყველაზე სერიოზული გაციება მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კრიზისის პიკში რუსეთს "მტერი და ოკუპანტი" უწოდა.

მაშინ პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თბილისი რუსოფობიაში დაადანაშაულა. საპასუხოდ კი, პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რუსეთიდან საქართველოში და პირიქით, ფრენის აკრძალვის შესახებ. მიზეზი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება იყო.

ამრიგად, რუსეთის მეზობელი ამიერკავკასიის ქვეყანა გახდა დსთ-ს მეორე სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში მოსანახულებლად ვიზა უნდა მიეღოთ.

რაც უკეთესია, მით უარესი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მაშინვე გამოაცხადა, რომ მზად არიან გასცენ სატრანსპორტო ნებართვა იმ რუსულ ავიაკომპანიებზე, რომლებიც სანქციების ქვეშ არ იმყოფებოდნენ.

„კომერსანტი“ წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზების გაუქმებით კმაყოფილია. „ჩვენი 1 მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. მათ ძალიან მჭიდრო კავშირები აქვთ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებთან - ნათესავებთან, ახლობლებთან და ჰუმანიტარული პრიზმით დანახულ ამ გადაწყვეტილებას მიესალმება ნებისმიერი პასუხისმგებელი ხელისუფლება. ეს ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუადვილებს“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოცემა აქცენტს პრეზიდენტის საქციელზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო და განაცხადა, რომ „რუსეთისგან საჩუქრები არ სჭირდება, რადგან ეს საჩუქრები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაში და ასევე ზოგადად ეწინააღმდეგება პრესპექტივას, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი გახდეს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე განაცხადი შეიტანა, თუმცა გასულ ზაფხულს ის მხოლოდ კიევმა და კიშინოვმა მიიღეს.

„კომერსანტი“ წერს, რომ პუტინის ამ ხმაურიანი გადაწყვეტილების შედეგად, ოპოზიციას სერიოზული ჯერ არაფერი დაუგეგმავს: 10 მაისს საღამოს, რუსეთის მიერ ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგ მცირე საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა.

 

 

 
eka-darchiashvili-1649832571.jpg
ავტორი:
ეკა დარჩიაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...