Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

ქიმიაზე მიყოლებული ფიზიკა, ანუ რა მავნებლობა მოაქვს "უქმად" გათენებულ ღამეს


katya

3.725 views

blog-0208818001369089396.jpgმდუმარე ქალი შენელებული მოქმედების ბომბი რომაა, ხომ გაგიგიათ? არავინ იცის, როდის აფეთქდება, რა სიძლიერით და ტროტილის ექვივალენტით...

კარგ მწერლად ის ითვლება, ვინც სწორი სიტყვების საჭირო ადგილას ჩასმა იცის. ცუდი მწერალი უმაქნის სიტყვებს უადგილო ადგილას აკვეხებს და მერე ეგეც ჩვენი თავში სახლელია.

 

– სიყვარული ქიმიაზე მიყოლებული ფიზიკააო, მაგრამ მაინც ვერ ამაღებინეს ხელში ფიზიკის წიგნი. მერე უკვე, როგორც ამბობდნენ, "საფუძველი არ მქონდა" და ჩემი ტვინის მაგ დონეზე გაფხვიერებას, ლამარა ლომაშვილი კი არა, თვით ოზბორნ რეინოლდსი, რობერტ ჰუკი, თუნდაც, ვახტანგ ხმალაძეც, ვეღარ შეძლებდნენ.

ქიმიური რეაქციები ხომ სულ მეორდება და მეორდება, ჰოდა, რომელ მარადიულ სიყვარულზეა ბაასი?..

ვისაც გჯეროდათ გაგატარეთ ბატონო და რა?

დიდმა და ჩემმა ერთ–ერთმა საყვარელმა ფიზიკოსმა (ფიზიკა არ მიყვარდა, თორემ ფიზიკოსებს არ ვერჩოდი, კარგი ტიპები იყვნენ..) თქო –ცხოვრება ველოსიპედის ტარებას გავს, იმისთვის რომ წონასწორობა შეინარჩუნო, მუდმივად უნდა იმოძრაოო... რაღა მაგას დავუჯერე ვერ გეტყვით, მაგრამ, იმის მერე, ხან ციყვი ვარ, ხან ბორბალი, ხან ჭრელი პეპელა, ხან ანარქისტი, ხან პაცეფისტი... პესიმისტი არ ვყოფილვარ არასდროს, ვერ გამომდიოდა.. ახლა "პამფლეტისტკა" ვარ, მთლად ბულგაკოვი და სვიფტი ვერა, მაგრამ... სამაგიეროდ, ჩემში სარკაზმზე მეტი სატირაა, კიდევ ლირიკა და ირონია...

არადა, ბავშვობაში გაუცნობიერებელი შიში მქონდა სატირების. კიდევ უცხო და რთული სიტყვების დამახსოვრება მიყვარდა.

მეგონა, რაც უფრო გაუგებრად ვილაპარაკებდი, უფრო ჭკვიანი გამოვჩნდებოდი.

მაგარი სისულელეა, თუ გინდათ, სცადეთ...

რამ გამახსენა ამ შუაღამისას ჩემი სკოლის დირექტორი? ხომ მშვიდობა აქვს ნეტავ? ჩვენი "სიმპატიჩნი" იუზა ჩეჩელაშვილი... ცალი ფეხით კოჭლობდა და ლოყაზე შრამიც ჰქონდა. ჟოფრეი დე პეირაკს ტყვილა ხომ არ ვეძახდი! ვაკის ერთ–ერთი სკოლიდან "ცუღლუტობის" გამო "ჩამოალაბორანტეს"... საყვარელი ფრაზა – "ზა ჩტო მნე ტაკოე ნაკაზანიეო?!"

ხოდა, ის"სიმპატიჩნი"იუზა ჩეჩელაშვილი, სულ მემუქრებოდა, – არ მოგცემ ჩულაშვილი ატესტატსო! ))) გამაგებინე ბავშვო! ამდენნაირი ათასი სისულელე რომ შეგდის მაგ თავში, მათემატიკამ რა დაგიშავაო? თვითონ გვასწავლიდა მათემატიკას მაღალ კლასებს. არ იყო ცუდი პედაგოგი, მაგრამ მე ვერაფერი მომიხერხა. საიდან არ დამაწყებინა, ვიჯექი და სულელივით ვუღიმოდი. ჟოფრეის კაბინეტში ჩემი სიგელების თვალიერებაც მიყვარდა, სახლში არ მატანდა, – მიაკარგავ სადმეო! იცოდა, სკოლიდან სახლამდე რა "რთული" მარშრუტები მქონდა. "ბოლო ზარზე" გადმომცა ისეთი სახით, თითქოს საგვარეულო ანდერძს მაბარებდა.

ალბათ, ბოლო ზარმა გამახსენა, თეთრი ყვავივით რომ ვიდექი იმდენ "დაჯღაბნილ" ბავშვში. სასტიკად გამაფრთხილეს, განათლებიდან მოდის სტუმარი და ღონისძიების წამყვანს წინწკალი არ უნდა ჰქონდეს წინსაფარზეო. ჰოდა დღის ბოლომდე მეც რუდუნებით შევინახე სამოსში გამოხატული სისპეტაკე.

ანანოს ჰქონდა 3 დღის წინ "ბოლო ზარი" და არ წავიდა, – დამშვიდობებას და ყალბ ცრემლებს ვერ ვიტანო! არადა, მე იმ დღეს მართლა ალალი კურცხალი ჩამომიგორდა თვალზე,მართალია ორიოდე, მაგრამ –ალალი!

ჰო, სად ვიყავი?, იქ, – ჟოფრეი რომ მემუქრებოდა – არ მოგცემ ატესტატსო! ატესტატიც მომცა, მათემატიკაში ფრიადოსან კლასელსაც მიმისკუპა გვერდში, –ამისგან გადაიწერე ხოლმე საკონტროლო, სიტყვა–სიტყვითო, შენ გამიხეთქავ გულს მეო! )))

მერე იმდენი ქნა, ქიმიის გამოცდაზე მენდელეევის სისტემის ცოდნას ვინ მაკადრებდა, იმ პარიკიან–ჟაბოიანი ქიმიკოსის ბიოგრაფიაც ამყოფინა კრიმფვილდა შილაკაძეს (მოფერებით ცეზარს). არ ვუყვარდი ცეზარიკოს, ჩემი თავხედობის გამო, – თავში აქვს ამ გოგოს ავარდნილი, რაღაცნაირი კონტექსტიდან ამოვარდნილი და არასტანდარტულიაო! ასე მახასიათებდა თურმე სამასწავლებლოში. არადა, რას ვაშავებდი? მაგის გაკვეთილზე ან ვხატავდი, ან ნეტარი ძილით მეძინა), ჰოდა, როცა გამოცდაზე ტომის მეტყველი მზერით გადმომხედა, მე ჯერის მრავალმნიშვნელოვნად მოწკმუტუნე მზერა ვსტყორცნე ჩემს მხსნელ ჟოფრეის. იმანაც არ დააყოვნა და, ვიდრე მე რაღაცას მივედ–მოვედებოდი ქიმიის როლსა და საფუძვლებზე ადამიანის ცხოვრებაში, სულ იმას გაიძახოდა, – რა გადმოცემის უნარი აქვს ამ აუტანელ გოგოსო!!!

ფიზიკის გამოცდაზე ნიუტონის კანონები ჩამოვარაკრაკე და ამით გავისტუმრე ჩემი უვიცობის ვალი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მეცნიერებამაც, როგორღაც, გადაიტანა უჩემობა..

მასეა სულ – ეძებ იმ რაღაც ბედნიერებას, ეძებ! გგონია, იპოვე და, გეგონოს!

–ისევ გამოცდილება შეგრჩება ხელში... არა, კი არ ვწუწუნებ, უკვე სახალისოცაა..

მაგრამ, ყველაზე მეტად ის ადამიანები მეხალისებიან, სულ რომ მაკრიტიკებენ არასწორადშერჩეული წიგნების კითხვის გამო. არადა, თვითონ, მგონი, არც გადაუფურცლავთ. ჰოდა, არ გვინდა ველოსიპედების და ბორბლების გამოგონება. გვითხრა იმ ენაგადმოგდებულმა და თმადაუვარცხნელმა კაცმა – წონასწორობის შენარჩუნებას მოძრაობა შველისო. იმოძრავეთ თქვენც, უწონობის მდგომარეობამდე..

ყავამშვიდობისა! :*

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...