Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

აგრაგრული ინოვაციებით გაღატაკებული სოფელი და სასოფლო კრედიტით გამდიდრებული ქართული საბანკო სისტემა, ანუ მესამე ხმა „მესამე კომპონენტში“


katya

3.007 views

blog-0153899001368453838.jpg„სოფლის შენებას რა უნდაო?!“ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვმღერით კი არა და მთელი სერიოზულობით ვკითხულობთ ქართველები...

–„მე ვიყივლებ, შენ იცეკვებ და სოფელიც აშენდებაო!“ – უთხრა მამალმა ძაღლს...

გაუდგნენ გზას და იმ გზაზე იყო ზუსტად, ის „მესამე ხმა“ – ცბიერი მელია– რომ შემოეფეთათ.

ის მესამეა, ახლაც რომ ურევს – მესამე ხმა „მესამე კომპონენტში“...

„დიად ოქტომბერშიც“ მასე იყო – მიწა გლეხებსო! ფაბრიკა–ქარხნები მუშებსო...

მოვიდა „მესამე ხმა“ და იქაც აურია... არადა, მეც, თქვენც და სხვებსაც ძალიან გვინდა, ვცდებოდეთ. ჩვენ, ყველას წელში გამართული ქართული სოფელი გვინდა – საკუთარ თავს რომ ინახავდა, ქალაქელებსაც და კიდევ გასაყიდიც რჩებოდა.

ამოცანა

აგრარული სექტორის აღორძინება, ფაქტიურად ახლიდან შექმნა, გლეხის გაფერმერება და სოფლის მეურნეობის წამყვან დარგად ქცევა.

საქმე ბევრია! ამიტომაც არ მიკვირს, უფრო სწორედ, მიკვირს, მაგრამ გაგებით ვეკიდები, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრს პრესისთვის არ სცალია. ერთხელ ახსნა, განმარტა და დამთავრდა – სახელმწიფო პროგრამა სოფლად წარმატებით ხორციელდებაო!

ყველამ ვიცით – საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომშეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი შეიმუშავა, რომელსაც, საწყის ეტაპზე, პირველ წყაროს ცნობით, "სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" აფინანსებდა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებდა.

ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანია ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მესამე კომპონენტი, რომელიც, ერთ მილიონამდე სესხის ფარგლებში, ახალი , ინოვაციური და ექსპორტზე ორიენტირებული 60 საწარმოს შექმნას ითვალისწინებს.

სიტუაციის უფრო მარტივად აღქმისთვის გვაქვს კონკრეტული მაგალითი, გვყავს კონკრეტული პიროვნება, პროფესიონალთა გუნდით, ინტელექტუალური პოტენციალით, აქტუალური პროექტით, რომელიც, გარკვეული მიზეზების გამო, თუ სასწრაფოდ მიდგომებში რაიმე არ შეიცვალა, მხოლოდ პროექტად დარჩება, ხოლო ქართული სოფელი ახალ ცხოვრებაზე მეოცნებედ.

ცუდი ისაა, რომ შემთხვევა, რომელსაც ახლა განვიხილავთ არც ერთეულია და არც გამონაკლისი. ამ პროექტში მონაწილეობის მსურველთა უმრავლესობა იგივე პრობლემას აწყდება. პრობლემებს კი შედეგები არ მოაქვთ. არის საშიშროება, 60 ინოვაციური საწარმოს ამბავი 100 საავადმყოფოს ზღაპრად იქცეს.

მეწარმე , იდეა და აგროკრედიტი

მეწარმე – მალხაზ ჩემია – ინჟინერ–ფიზიკოსი, კომპანია „ინფრა+“–ის დამფუძნებელი დირექტორი.

პროექტი – სოფლის მეურნეობის პროდუქტის , ინფრაწითელი სხივებით გადამამუშავებელი ქარხანა.

რითია ბატონო მალხაზ, თქვენი პროექტი, ნოვაციურ–პერსპექტიული და სტრატეგიულ–აქტუალური?

– საქართველოსთვის სრულიად ახალი ტექნოლოგიაა, რომელსაც აქტიურად იყენებენ სხვა ქვეყნების სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. გამოირჩევა ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროცესით, მაღალხარისხოვანი პროდუქციის გარანტიით, ფინანსური ეფექტურობით. ასეთი წარმოება აამუშავებს რეგიონს. დაასაქმებს არა მხოლოდ იმ 10–20 თუ 30 კაცს უშუალოდ წარმოებაში, არამედ წარმოება ხდება რეგიონის შემკვეთი. და ასეთ ერთ წარმოებას შეუძლია არა მხოლოდ ერთი, რამდენიმე რეგიონის მიბმაც. სფეროს გააჩნია.

აქამდე რა ტექნოლოგიას ვიყენებთ შრობისთვის?

– 80–90 გრადუსით და „კონვექციით“, ანუ გამოქარვით შრობას, რომლებსაც აქვთ უარყოფითი მხარეები – აზიანებს საკვებ პროდუქტს , მის გემოვნებით მახასიათებლებს, 60 გრადუს ზემოთ ყველა ვიტამინი იკარგება. ინფრაწითელი სხივებით შრობა კი რბილობს არ ახურებს. სპექტრი ეჯახება ზუსტად წყლის მოლეკულას და დარტყმით აგდებს მას.

რაში შეიძლება თქვენი ტექნოლოგიის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურად?

– შეიძლება გამოიყენო ხის მასალის დამუშავებისას, ანუ მშენებლობაში, კვების პროდუქტებში, პირველ რიგში ჩირებში.

პროდუქტი ხარისხდება შემდეგი სახით: 1 – გასაყიდი, 2 – შესანახი, დასაჩირი ან საკონსერვო. დარჩენილისგან ძირითადად წვენი მზადდება. ამ შემთხვევაში საუბარია არასარეალიზაციო, ანუ შესანახ პროდუქციაზე. ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის გამოშრობა ჩირის სახით და წლების მანძილზე შენახვა ვაკუუმ – შეფუთვით. საკმარისია, ამ მეთოდით დამუშავებული და წლების წინ შენახული ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული, სულ რამდენიმე წუთით მოათავსოთ წყალში, ის აღიდგენს პირველად ფორმას, ხოლო გემო და ვიტამინები თავისთავად შენარჩუნებული აქვს. მეორეა სათესლე და სასაწყობე პროდუქციის წინასწარი დამუშავება. მარტო კარტოფილი და ხახვი რომ ავიღოთ, რომლის დიდი რაოდენობა დასაწყობებას ექვემდებარება, სტატისტიკით, 30–40 პროცენტი ლპება და, ლამის, ერთი იმდენი ხარჯი აქვს მის გატანა–დასუფთავებას. ჩვენი ტექნოლოგიის შემთხვევაში შესანახი პროდუქტი დასაწყობებამდე გაივლის ინფრაწითელ გარემოს, სადაც ხდება მისი სიღრმული შეშრობა. ტალღა 5 მილიმეტრზე შეაღწევს პროდუქტის რბილობში და ის სინედლე ამოშრება, რომელიც იწვევს პროდუქტის ლპობას. პროცედურის მერე პროდუქტი 1 წელი ერთმანეთზე დადებულიც რომ შეინახო, ლპობა აღარ გვაქვს. სხივები კლავს ბაქტერიებს, ანუ პროდუქტი სტერილური ხდება.

გინდათ თქვათ, რომ თქვენი ტექნოლოგიაა ასეთი ზარალისგან გამოსავალი?

– არაფერს ვიტყვი, ჩვენ ფიზიკოსებს, ფაქტებით და არგუმენტებით საუბარი გვიყვარს ზუსტი გათვლებით მიღებულ შედეგებზე. ისე, ზარალისგან გამოსავალზე უფრო ჩვენი ინტერესი რეალური მოგებაა. ამ პროექტით კი იგებს ქვეყანაც, დარგიც, პროექტის ავტორიც და ამ პროექტთან დაკავშირებული ადამიანებიც.

როგორც ვხვდები, ეს ტექნოლოგია საინტერესო შეიძლება იყოს თავდაცვის, ჯანდაცვის, განათლების, პენიტენციალური და სხვა სამინისტროებისთვისაც, სახელმწიფო დონეზე, რადგან, ისინი დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტების შეძენას და დასაწყობებას ახდენენ?

– რასაკვირველია. მათ ყოველთვის აქვთ ამ მიმართულებით ზარალი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება და, ზარალს რომ თავი გავანებოთ, ესაა ჯანსაღი საკვების წყარო. მაგალითად, ამ ტექნოლოგიის საცხობ ღუმელებში გამომცხვარი პურის ჭამა ცხელისაც კი უვნებელია და თავისუფლად შეუძლია მიირთვას კუჭის წყლულით დაავადებულმა ადამიანმაც კი. ამ ტექნოლოგიით საფუარის სიღრმული ცხობა ხდება ყველა გამაღიზიანებელი ბაქტერია იხოცება.

კი მაგრამ, თუ ასეთ სასწაულებს ახდენთ მაგ თქვენი ტექნოლოგიით, ამდენ ხანს რატომ არავინ დაინტერესდა?

– სწორი შეკითხვაა, თუმცა, პასუხად არსებობს ობიექტური მიზეზები. 20 წელია ამ ტექნოლოგიას მოვიხმართ ჩვენ, ოღონდ საცდელად. 2000 წელს ის ევროკომისიის მისიას შევთავაზეთ, რომელიც ცხინვალის რეგიონში კონფლიქტ–მენეჯმენტს ახორციელბდა. ეს ტექნოლოგია უნდა დანერგილიყო ქართულ –ოსურ ერთობლივ მეურნეობებში. 2004 წელსაც იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ამის მცდელობა, მაგრამ, პოლიტიკური შეხედულებების ცვალებადობის გამო, ეს იდეა მაშინაც ჩაიძირა.

პროექტის ფინანსური რაკურსი როგორია?

– ვიდრე უშუალოდ ციფრებზე გადავიდოდეთ, მარტივ მაგალითს გეტყვით: ქუთაისში მოყავთ საქართველოში საუკეთესო ცერეცო. ესაა პროდუქტი, რომელზეც უსაშველოდ დიდი მოთხოვნილებაა მსოფლიო ბაზარზე. ქუთაისში მას ამუშავებენ მშრალი ყინულით, გადააქვთ უკრაინაში, სადაც ამ ტექნოლოგიით აშრობენ. ინფრაწითელი დასხივებით გაკეთილშობილებული ქართული ცერეცო გადის რუსეთის ბაზარზე შეფუთული და სოლიდურ მოგებას უკრაინული ბიზნესი ნახულობს.

ანუ დაგვასწრეს მეგობარმა უკრაინელებმა?

ღმერთმა შეარგოთ, აკეთონ უკრაინელებმაც ფული, მაგრამ ეს ტექნოლოგია საქართველოში რომ დავნერგოთ, გლეხს უკრაინაში ჩატანა ხომ აღარ დასჭირდება? მაგას ვინ ჩივის - ხურმის ფხვნილი და შავი ქლიავის ჩირი - სტრატეგიული პროდუქტია მსოფლიოში. ხურმის ფხვნილს - როგორც ბიოდანამატს რძეში - გამოყავს რადიაქტიული ნივთიერებები, მაღალკალორიულია და ყუათიანი. ჯარისკაცებს,სპორტსმენებს, მოზარდებს, სპეცზონაში მომუშავეებს, მფრინავებს და სხვა ექსტრემალურ პირობებში მყოფთათვის - შეუცვლელია.

შარშან თურქებმა დაიწყეს მარტვილის რაიონში ხურმის ჩირის შესყიდვა და თურქეთის ბაზარზე გატანა, ჩვენი ხურმის ჩირი გადის სომხეთშიც.

ამბროლაურში ავსტრიელებმა ააგეს უფლო დაბალი დონის საშრობი ქარხანა, სადაც აშრობენ გარეულ ვაშლს – მაჟალოს – და გააქვთ ევროპაში 1 კგ - ერთ ევროდ.

ამხელა პოტენციის და ასეთი არომატის ხილის ქვეყანაში ჩირი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, შუა აზიიდან შემოდის...თან სასწაულად ძვირია...

გადავედით მარკეტინგზე...

– სხვათა შორის, რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ამ ქვეყნებიდან შემოსული პროდუქციის უვარგისობის საკითხი დასვა. მათი წარმოებული პროდუქცია, რომელიც ჩვენს სუპერმარკეტებში საკმაოდ ძვირად იყიდება და დელიკატესად ითვლება, ეკოლოგიურად არა სუფთა, მეტიც, მავნე პროდუქტია. ჩვენთან სანიტარული სამსახური ამ მიმართულებით არ მუშაობს პრაქტიკულად.

რატომ შეიძლება საფრთხე შეექმნას თქვენს იდეას აგრარული სესხების პროექტის ფარგლებში?

– ჩვენი პროექტი ზუსტად ჯდება „ მესამე კომპონენტის“ ფარგლებში.

ვეცადეთ და ინოვაციური ტექნოლოგიის, ექსპორტზე ორიენტირებული და რამოდენიმე რეგიონის მომცველი - დასავლეთში ხილ-ბოსტნეულის ინფრასაშრობი საწარმოს პროექტი წარვუდგინეთ დაანონსებულ ბანკებს. წინასწარი საკონსულტაციო შეხვედრები გვქონდა სხვადასხვა სტრუქტურებთან. ზოგიერთი ბანკი ფრიად გულისხმიერად მოგვეკიდა, აღიარეს კიდეც პროექტის პრიორიტეტულობა , მაგრამ დაფინანსებაზე უარი გვეთქვა (განსაკუთრებით საინტერესო იყო ”ქართუ ბანკის” უარის მიზეზი - თურმე დასავლეთ საქართველოში ფილიალი არ ჰქონიათ და იმ რეგიონების პროექტებს ვერ მოემსახურებოდნენ). უარი გვეთქვა შემდგომ მიზეზთა გამო : ”სტარტ აფ” -ად ჩაგვითვალეს აგრო სფეროში საქმიანობა ; გამოცდილების უქონლობა რეალიზაციაში ; ყველაზე მთავარი - უზრუნველყოფის არ ქონა .

ანუ მოხდა თქვენი პროექტის ჩვეულებრივი საბანკო სესხის რეჟიმში განხილვა.

შესაბამისად, ჩნდება შეკითხვები ამ პროექტის ანონსთან.

-
ამაშია საქმე, თუ ინოვაციური ტექნოლოგიაა პრიორიტეტი - ვიღაცამ პირველად ხომ უნდა შექმნას ეს ტექნოლოგია? შეკითხვა მეორე - ინოვაცია ხომ იმისაა , რომ სიახლეა და ამ სფეროში გამოცდილება ნაკლებად შეიძლება გქონდეს. ადგილობრივი მშრალი ხილ–ბოსტნეულის საწარმოო დონეზე დამზადებისა და რეალიზაციის გამოცდილება არ არსებობს. შეკითხვა მესამე - მილიონიანი სესხის უზრუნველსაყოფად (მილიონს ,სესხის დამტკიცების შემთხვევაში ვერ მიიღებ, საკმაოდ დიდი თანხები ეჭრება მომსახურებისას), თითქმის ორი იმდენის კაპიტალი უნდა ჩაიდოს.

ბანკებთან როცა ამ პროექტის ოპერირება მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა?

– ბანკმა დაასაჭურისა ინოვაცია, რადგან გეუბნება, რომ „სტარტ აფ“–ია და ვერ განდობო, მეორე – უზრუნველყოფა. სულ ცოტა მილიონი ჭირდება.მე რომ მილიონი მქონდეს , რა მინდა ბანკში? ბანკთან ძირითადი კაპიტალის შესაქმნელად არ მიდიან. „მესამე კომპონენტის“ არსი უნდა იყოს არა საბრუნავ საშუალებად ამ თანხის მიშველება, არამედ ძირითადი კაპიტალის შექმნის, რომელსაც გადახდა და ამოღება გაუჭირდება. მილიონი ლარი მჭირდება მე წარმოების გასამართად, რომლის, თუნდაც ძირი, ყოველთვიურად უნდა ვიხადო 7 წლის განმავლობაში. სულ ცოტა 2 წელი მჭირდება, რომ ბაზარზე დავმკვიდრდე და შევქმნა ბაზარი. მე ჭიდაობა მომიწევს იმპორტიორებთანაც, მათი შევიწროვება ამ ბაზარზე ხარისხით, ფასით. არადა, ახალ ბაზარს ვქმნით, დარგს ვაღორძინებთ, რეგიონებს ვასაქმებთ...

თქვენი აზრით, რას ემსახურება საბანკო მექანიზმით ამ ფინანსების ოპერირება ? ვისთვისაა ხელმისაწვდომი მსგავსი სესხები ?

– ალბათ იმ კომპანიებისთვის (ძირითადად უცხოური ინვესტორების) რომელნიც უკვე არსებობენ ბაზარზე და მათ შეეძლებათ იაფი სესხით საბრუნავი კაპიტალის გაზრდა, ან წარმოების გაფართოება. ხოლო სოფლის მეურნეობის შემორჩენილი კვალიფიციური მეურნეები იძულებულნი იქნებიან კვლავ მათ გაუწიონ მომსახურება მიზერულ ფასებად. ყოველ შემთხვევაში - ამ პროექტის - ვერც მესამე და ვერც მეორე კომპონენტით - ”გლეხი ფერმერად” ვერ იქცევა.

კრიტიკა კარგია , როცა ალტერნატივას სთავაზობ ... თქვენი აზრით, როგორ შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი?

– მე რომ ფონდი ვიყო? შესაბამისი მართვისა და კონტროლის მექანიზმით, გავცემდი საინტერესო პროექტებზე მილიონს თითოეულზე, გრანტის, ან ნაწილობრივ გრანტის სახით და საწყის ეტაპზე პირველად ბიძგს მივცემდი ახალ ტექნოლოგიებს. სამოციდან ნახევარმა პროექტმაც რომ გაამართლოს - დადებითი შედეგი ყველა ვარიანტში დადგება.

სად ხედავთ ამ პრობლემის გაჩენაში სახელმწიფოს, კონკრეტული სამინისტროს შეცდომას?

– სამინისტრომ უნდა განსაზღვროს შიდა და გარე ბაზრის პრიორიტეტები, მოთხოვნების შესაბამისად. სამინისტროში უნდა ფუნქციონირებდეს კომპეტენტური კადრისგან შემდგარი ტექნიკური ჯგუფი, რომელიც უნდა ადგენდეს კონკრეტული რეგიონებისათვის შესაბამის სამეურნეო პროექტს (ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ანუ ალტერნატიული ენერგიების წყაროების ჩათვლით). სამინისტრო უნდა იყოს პრიორიტეტის განმსაზღვრელიც, მრჩეველიც, რეგიონის გლეხებისთვის, ფერმერთა გაერთიანებებისა თუ მეწარმეებისთვის შესაბამისი დაფინანსების მომძიებელიც (სესხის, გრანტის თუ ნახევრად გრანტის სახით).

კი მაგრამ, ეს მიდგომა ძალიან სოციალისტური არაა ?

– სულაც არა. სახელმწიფო ხომ არ ერევა კერძო ბიზნესში, ის მხოლოდ სტიმულს აძლევს პრიორიტეტულ სფეროებს, თავისუფალმა ბიზნესმა რაც უნდა ის აკეთოს, თუნდაც შემოუერთდეს ამ პროექტს ... ფაქტია, ერთჯერადად საწყისი კაპიტალის შანსის გარეშე - ვერც საშუალო ფენა გაჩნდება და ვერც გლეხი ვერ იქცევა ფერმერად ...

 

ექსპერტთა კომენტარები პრობლემაზე

 

დემურ გიორხელიძე:

„მესამე კომპონენტი“ უნდა იძლეოდეს კაპიტალის შექმნის საშუალებას. ინოვაციური კომპონენტია ის პროექტი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. მეწარმეობის მხარდაჭერა მარტო ლოზუნგები არაა. მაგრამ ამას არ დაუშვებენ ის კლანები, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების ირგვლივაც ტრიალებენ. „ნაციონალური“ კლანები შეგნებულად ანადგურებდნენ ქართულ სოფელს. ახლებმა, შესანიშნავად მოირგეს ძარცვის ის მექანიზმი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა.

„მესამე კომპონენტი“ ესაა ვიღაცის გასამდიდრებლად მოგონილი თაღლითობა. ერთადერთი ვინც ეს ვერ გაიგო, პრემიერ–მინისტრია მგონი საქართველოში. რატომ 60 ქარხანა და 12 0 არა? შენ მექანიზმი შექმენი და იქ შეიძლება სამასი ქარხანა გაკეთდეს. 60 ქარხანა ანონსირებულია და, როგორც ჩანს, ეს ფული წავა შპს–ებში. როდესაც ფული არაკონკურენტულ საფუძველზე ნაწილდება, მისი გამოყენების ეფექტურობა ყოველთვის დაბალია. ამ შემთხვევაშიც ფულს მიიღებენ ადამიანები, რომლებიც ახლოს არიან ახალ კლანთან. ამიტომ გაჩდნენ შავბნელი შუამავლები უკვე. ანუ ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ბიზნესთან. მაგრამ ახსენებენ გვარებს, ვისი გარემოცვიდანაც არიან და ეს გვარები საკმაოდ მაღალი დონის ჩინოვნიკებს ეკუთვნით. ამ პროექტის სტრუქტურა თუ არ შეიცვალა, შედეგი არ დაიდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ერთი წელი დაიკარგა. წლის ბოლოს ანგარიში უნდა გაკეთდეს. თუმცა, ვწუხვარ, რომ სოფლის მეურნეობაში დასათვლელი ბევრი არაფერი იქნება.

 

საქართველოში გასაოცარი რესურსებია. ინტელექტუალური, სამეცნიერო და ა.შ. მაგრამ ესაა შემორჩენილი რესურსი, რომელიც აღარ ვითარდება.

ავიღოთ დღევანდელი თემა – ჭკვიანი ქართველი ადამიანების მიერ მოწოდებული უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც ყველას ჭირდება და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას.

შედეგი? ისინი ვერ ახერხებენ დაფინანსების მიღებას, არავის აინტერესებს ინოვაცია. სახელმწიფო შესყიდვებში ისეთივე სიბნელეა, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. უბრალოდ ახალი „რუხი კარდინალები“ მოვიდნენ. მცირე ბიზნესს არაფერი, საშუალოს – არაფერი, სოფელს – არაფერი სახელმწიფო შესყიდვებიდან. მწვანილს შუა აზიაში ყიდულობენ. აქედან დასკვნა – რაში ჭირდებათ ეს ტექნილოგია?! ჩვენ ასეთი სტრატეგიული და ინოვაციური პროექტების მონაცემთა ბანკიც კი არ გვაქვს. სამინისტროებში გონიერი ადამიანების ნაცვლად სხედან ორთოდოქსები ბენდუქიძის გუნდიდან.

 

ეს ტექნოლოგია ამერიკელებს რომ გაეკეთებინათ, აუცილებლად გამოჩნდებოდა ფონდი ან კონკრეტული საქმიანი ადამიანი, ვინც ამისგან დიდ ბიზნესს გააკეთებდა. ეს ნიჭიერი ხალხი დადის ახლა საქართველოში და იხვეწება ყველასთვის საჭირო საქმე გამაკეთებინეთო!

აი სადაა სიმახინჯე. 6 თვეა გასული და არ გადაიდგა არცერთი რეალური ნაბიჯი. აგრო სესხების პროგრამა, უკვე მთელმა ქვეყანამ იცის, რომ სისულელეა. ფონდი უნდა ყოფილიყო გარანტი. გამოდის რომ მივდივართ თაღლითობამდე. სოფლის მეურნეობის მინისტრი კირვალიძე და მისი მოადგილეები, არიან იმპორტიორების შენიღბული ლობისტები და არ დაუშვებენ, რომ საქართველოს აგრო სექტორი განვითარდეს. არაერთხელ მითქვამს, საქართველოში ხორციელდება შენიღბული საბოტაჟი, რომ წარმოება არ განვითარდეს.

 

პაატა შეშელიძე:

პროექტისთვის ფული გაიღო კერძო ფონდმა, ანუ მისი განხორციელება შესაძლებელი იყო სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. რახან სახელმწიფოს სახელით კეთდება, გაუგებარია რაშია ამ პროექტის ინსტიტუციური პერსპექტივა? გაისად ვინ დადებს ამ პროქტისთვის ფულს? რა ინსტიტუციურ ცვლილებას გულისხმობს ის?

ამ მოცულობის დამატებითი საკრედიტო რესურსის ბაზარზე გამოტანა, ისედაც გააიაფებდა სესხებს. დღეს, ბანკებმა მიიღეს გარანტირებული სასესხო რესურსი, ფაქტიურად სახელმწიფო სუბსიდია და შესაბამისად, არ აქვთ მოტივაცია, რომ დეპოზიტების განაკვეთები გაზარდონ და სესხები შეამცირონ. სასესხო განაკვეთების კლება, რომელიც საბაზრო კონკურენციის გარდაუვალი შედეგი უნდა ყოფილიყო, აღარ მოხდება.

 

მიმაჩნია, რომ ეს ფონდისთვის გამოყოფილი რესურსების გაფლანგვაა და არაა რაციონალური ნაბიჯი: ვთქვათ, თუ რაიმე რესურსი ბაზარზე შეიძლება გაიყიდოს 15% და ის მხოლოდ 0% გაიცემა, ეს ნიშნავს, რომ მას გამოიყენებს არა ის, ვისაც ის ყველაზე მეტად ესაჭიროება და მზადაა 15% –ის გადახდისთვის, არამედ ის, ვინც 0-დან 15%-მდე "ატკატის" გადამხდელი იქნება. როცა სახელმწიფოს ჩარევით რამე საბაზროზე დაბალ ფასად იყიდება, იქ აუცილებლად განაწილების დამატებითი ინსტრუმენტი, კორუფცია იჩენს თავს. კონკურენცია მოხდება არა ბიზნეს– გეგმებს შორის, არამედ ხელისუფლების "შინაურ ახლობლებს" შორის.

პროექტი მცდარ მოსაზრებას ეფუძნება: აგრობიზნესს ჭირდება არა ფული, არამედ ცოდნა: აგრონომიული და სამეწარმეო. ამ ბიზნესს ჭირდება ახლი ბაზრები, მიწასა და რესურსებზე კერძო საკუთრების ხელშეუვალობა, კერძო ინვესტორებისადმი კარგახსნილობა და ა.შ.

დიდი ალბათობით, სესხების უდიდესი ნაწილის დაბრუნება შეუძლებელი იქნება, რადგან მათი უმრავლესობა არამიზნობრივიად იქნება გამოყენებული, ხოლო სხვა შემთხვევებში, ფერმერებს მოუწევთ წამოწყებული პროექტების შეკვეცა, წარმოების საშუალებების გაძვირების გამო. არ გამოვრიცხავ ვალებში აღმოჩენილი "ფერმერების" დამატებით სუბსიდირების პრობლემასაც, თანაც პოლიტიკური კუთხით - თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე!–ს - პრინციპით.

იაფი სესხების პოლიტიკა, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს განხორციელებული, არ მუშაობს ერთი უბრალო საკითხის გამო: ადამიანს ჭირდება არა ფული, არამედ ის რაც მათ ამ ფულით უნდათ რომ იყიდონ! მეტი ფულის შემოტანა ბაზარზე არ ნიშნავს, რომ ის მყისიერად მეტი საქონელი და მომსახურება გაჩნდება, ამიტომ პირველი რეაქცია იქნება წარმოების საშუალებებზე ფასების ზრდა: მიწა, მუშახელი, ტრაქტორები და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, საწვავი და ა.შ. ძველ ფასებში გაგეგმილი პროექტების გადახედვა კი ყველას ვერ შეეძლება, რადგან ამას დამატებით რესურსები დასჭირდება, რაც არ იქნება იოლად ხელმისაწვდომი.

ეს იქნება ბინათმშენებლობის ბუმის მსგავსი – ბევრი წამოწყებიდან ცოტა დასრულდება და ბევრი გაკოტრდება. ბანკების და ფონდის ხელში, იპოთეკაში ჩადებული ქონების დიდი ნაწილი (მიწები, ტექნიკა, შენობა-ნაგებობები) გადავა, თუ სახელმწიფო არ დაეხმარება გაკოტრებულებს, მათ შორის ამის მოლოდინით შეგნებულად გაკოტრებულებს.

გასათვალისწინებელია, რომ პროექტს არ გაჩნია მიზანი და ამ მიზნის შეფასების კრიტერიუმი. რაც მთავარია, თუკი არსებობდა თითქმის ერთი მილიარდი ლარის ფულადი რესურსი, რომელიც წელს სასოფლო-სამეურნეო საქმეებისთვის გამოიყო კერძო ფონდის მიერ, მისი გამოყენება გაცილებით უკეთესი იყო ლარის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

P.S.

ერთი საინტერესო გაანგარიშება : - თუკი ერთი გადამამუშავებელი საწარმოსთვის პირობითად საჭიროა ერთი მილიონი ლარი და ეს თანხა ბანკმა უნდა გასცეს, ხოლო 15% წლიური გადასახადი - ფონდმა თუ პროექტმა უნდა დაუფინანსოს, წელიწადში, საპროცენტო განაკვეთის თანხა 150 ათას ლარამდე გამოდის. შვიდი წლის პერიოდში ფონდს მოუწევს არანაკლებ მილიონი ლარის გადახდა ბანკისთვის პროცენტის სახით ... ანუ ბანკი ამ პროექტით ღებულობს გარანტირებულ პროცენტს ერთი ერთზე მოგებით... ბანკი თავის „ძირსაც“ რომ ამოიღებს ფერმერისგან , თუ მეწარმისგან, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ფერმერი თუ მეწარმე, შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა რისკების გამო, არაფრისგანაა დაზღვეული და, წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება, სახლ–კარიც გასაყიდი გაუხდეს...

აგრარული სესხების ფარგლებში ბანკებისათვის მორიგი მსხვერპლთშეწირვა მზადდება ?

 

კატო ჩულაშვილი; "ქრონიკა+" # 3

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...