პაატა მანჯგალაძეს, 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით, პროტესტის კერების გაჩენა უნდა
უახლოეს დღეებში ნახავთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ საჭიროა მოქმედებები - მხოლოდ პარლამენტში საკითხის დაყენება საკმარისი არ არის, 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით პროტესტის კერები უნდა გავაჩინოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, მისთვის ცნობილია სხვა პარტიებში განწყობების თაობაზე, რომ გარკვეული მოქმედებებია საჭირო.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა, რომ მხოლოდ საპროცედურო ბრძოლებით ჩვენ ფონს ვერ გავალთ, აუცილებელია კოორდინაცია და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ დღეს „სტრატეგია აღმაშენებელში“. ვიცი, სხვა პარტიებშიც არის განწყობა, რომ კიდევ სხვა რაღაცებიც უნდა გავაკეთოთ ერთად, უხერხული იქნება ახლა მე რაიმე დავაანონსო, ამიტომ თქვენ ნახავთ უახლოეს დღეებში საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ მხოლოდ საპროცედურო ბრძოლა არა, საჭიროა სხვა მოქმედებებიც. როგორც რუსული კანონით ხდებოდა 12 რეკომენდაციის და ევროპული კურსის საბოტაჟი, ასევე თუ სასამართლოსთან დაკავშირებით არ იქნება რეფორმა, იგივე დღეში ვიქნებით. მარტივი არჩევანი გვაქვს, ან გამოვალთ ქუჩაში და მოვთხოვთ ხელისუფლებას სასამართლოსთან დაკავშირებულ რეფორმას, ან ზაფხულში ყველას ერთად მოგვიწევს სიცხეში ბუზებთან და კოღოებთან ბრძოლა. მე არჩევანი გაკეთებული მაქვს და „სტრატეგია აღმაშენებელი“ აპირებს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. „ქართული ოცნება“ არ მიიღებს ამ ცვლილებებს, არც საგამოძიებო კომისიას შექმნის, ამიტომ დროულად ვუთხრათ ხალხს სიმართლე, რომ „ქართული ოცნება“ ეღობება სტატუსის მიღებას, მათ შორის იმით, რომ სასამართლოსგან დაკავშირებულ ცვლილებას არ შეასრულებს და პირდაპირ საბოტაჟია რაც ახლა ხდება, ოპოზიცია უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ მხოლოდ პარლამენტში საკითხის დაყენება საკმარისი არ არის, უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით პროტესტის კერები გავაჩინოთ, ჩვენ თუ ამას შევძლებთ, ამ ზაფხულს ამაზე დიდ საქმეს ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.