Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

უიღბლო ფენიქსი, მეგობრობა 20 წლიანი გარანტიით, ანუ უხერხემლო კუდის, ფრთებისა და ფეხების ამბავი


katya

1.786 views

blog-0111619001366740268.png კვირა არც ისე დიდი დროა ისტორიისთვის, მაგრამ სრულიად საკმარისია ერთი საშუალო ბლოგისთვის საჭირო ამბების მოსაგროვებლად.

კვირასაც გააჩნია და ამბებსაც. თუ ისე გაგიმართლა, რომ ერთმა ოქტავამ ორი მნიშვნელოვანი თარიღი გააერთიანა – ერთი ჭეშმარიტად ეროვნული და მეორე აბსოლუტურად ნაციონალური, სალაპარაკოს რა გამოლევს. ჰოდა, ვილაპარაკოთ...

საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის თანახმად, ჩვენ, ადამიანებს, სხვა დანარჩენ თავისუფლებებთან ერთად, გვაქვს სინდისის თავისუფლება, ანუ გინდა იქონიებ ამ რაღაც სინდისს და გინდა – არა.

ამ საკითხში შეზღუდულები რომ ვიყოთ, წესით, გასული კვირის „გმირების“ აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებით ჩვენებას თუ არა, ძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნაზე მაინც უნდა წერდეს განცხადებას, მაგრამ...

მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ გასული კვირა დიდი დაბნეულობის, იმედგაცრუების, ფუჭი მოლოდინების და ლოგიკური ფინალის კვირა იყო.

მარტო ის რად ღირდა, ტვ "იმედმა" რომ „საქართველოში ქართული ენის დაცვის დედათა დღე" მოგვილოცა... ამ დღეს ყველამ იზეიმა შესაძლებლობების ფარგლებში, ანუ, იმის მიხედვით – ვის რა მიზნით, დანიშნულებით და კონტექსტით ესმოდა და სჭირდებოდა 1978–ის 14 აპრილი.

სამწუხარი ისაა, რომ, მოგვიანებით, ისტორია ისტერიაში და მორიგ ჰომოფობიურ გამოხტომაში გადაიზარდა, რაზეც უმცირესობის ლიდერ გოკა გაბაშვილს არც ისე უსაფუძვლოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა და ეს იყო ის პირველი შემთხვევა, როცა მე პირადად, გაბაშვილ–შვილს დავეთანხმე. სხვათა შორის, ბატონი გოკას მამა –გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ძმები ახალაიები "ნაციონალური მოძრაობისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურები არასდროს ყოფილან. რას უნდა მივაწეროთ ბატონი კოტეს აღორძინება ქართულ საინფორმაციო სივცეში, არ ვიცი. გოკამ მშობელთა კრებაზე დემაგოგიაში ღვაწლმოსილი მამა მოიყვანა?

კვირა ჯანსაღად დაიწყო და არაჯანსაღად დასრულდა უგულავების ბუდეში. თუ ქალაქის მერმა კუს ტბაზე მოწყობილ ფესტივალზე „მასმედია-ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის“ აქო, ადიდა და აჯილდოვა, მისმა ძვირფასმა, გლამურულმა და სელებრითმა მეორე ნახევარმა მართვის ერთწლიანი უუფლებობა „აირტყა“ არაჯანსაღი ქმედების გამო. როგორც დავით სოკოლოვი იტყოდა, გასული საუკუნის 80–იანებში, „მოჯირითე მძღოლ“ – ლელა კილაძეს, ჯირითის კამპანიის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. და კიდევ კარგი ეს ის ნაცარი არაა, ფენიქსისგან რომ რჩება...

კიდევ იყო ის, რომ, 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარების მოთხოვნით, სამოქალაქო გაერთიანება - "დროას" წევრებმა, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს. „ჯერ სადა ხართ!“ ფორმატში ვართ, მსგავსი რამეები აღარც უნდა გვიკვირდეს.

ვაღიაროთ! ყველაზე მეტად გამბედაობა გულწრფელობისთვის გვჭირდებახოლმე... ჰოდა, კარდენახელმა 73 წლის ვალიკო ღირსიაშვილმაც ალალად აღიარა, რომ გარდაცვლილი მეგობრის მეუღლე, 70 წლის ანა მართლა მოიტაცა. თუ ისე მოსწონდა, რომ თავისთვის უნდოდა, მა რა უნდა ექნა, კაცო?!

მთელი კვირა იყო აქტიური მზადება დაანონსებული სიურპრიზების და გარდატეხების დღისთვის, რომელსაც, შიგა და შიგ, მხოლოდ პირადი ინიციატივით, ხელს უშლიდა პატრულის ზოგიერთი თანამშრომელი, რისთვისაც, ირმა ნადირაშვილის დასამშვიდებლად, მათ პასუხი მოეთხოვათ.

მერე იყო დათა ახალაიას მუქარა ყოვლისშემძლე ვანოს მისამართით სოციალურ ქსელში. მერე, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადება – დავით ახალაიასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, ამიერიდან, ჩემთან დააზუსტეთო.

როგორც მივხვდი, ახალაიების ინტერესებს, ამიერიდან, თეა თუთბერიძე აღარ დაიცავს? არადა, რამდენი იმუშავა საკუთარ თავზე და მასებზე... მაინც უმადურები ყოფილან თუნდაც დიდი და საჭირო ინფორმაციის მატარებელი ახალაიები...

რა შუაში იყო სათაურში ფენიქსიო, იკითხავს ზოგიერთი ჩასაფრებული. მაქამდეც მივედით და, იმას და იმას შუა რაც იყო, იქამდეც...

ბევრი ვეცადე, მაგრამ მაინც ვერ გავარკვიე მეორე ღონისძიების თუ დღესასწაულის ორგანიზატორებთან –„ცხრამეტაპრილობა“ , ამიერიდან, „მოძრავი დღესასწაული“ იქნება თუ პირიქით? სამაგიეროდ, ის დაზუსტებით ვიცი, რომ ფენიქსი – მითოლოგიური ფრინველია თვითწვის უნარით, რომელიც გრძნობს სიკვდილის მოახლოვებას და წინასწარ იწვავს თავს, რომ შემდეგ ისევ აღდგეს ფერფლისგან...

რაღა დაგიმალოთ და, დეჟავუს შეგრძნება ამ დღეებში მეც თქვენსავით არ მასვენებს...

ჰო, კინაღამ დამავიწყდა – ფენიქსი მრავალ მითოლოგიაში მუდმივი განახლების სიმბოლოა, რასაც ვერ დავადასტურებთ თუნდაც უახლესი ქართული რეალობით.

მოკვდე, რათა გადარჩე ყველაზე არ ჭრის...

სამაგიეროდ, ჩვენში არსებობს ტრადიცია – მიცვალებულზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი... სამწუხაროდ, ხალხური სიბრძნე იმაზე არაფერს ამბობს,როგორ ვიქცევით აღდგომის დაუძლეველი სურვილით შეპყრობილი და ცოდვებით დამძიმებული მიცვალებულის შემთხვევაში...

მრწამსი ამბობს – „მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მას საუკანოსასა“...

ზეციური პარამეტრებით ადამიანურობაში უფალი წყვეტს – ვინ რისი ღირსია, მიწიერ პოლიტიკაში – ხალხი.

პრინციპში, ორივე განზომილებაში წესი მარტივია – აღდგომაც, მეორედ მოსვლაც და დამატებითი შანსიც უნდა დაიმსახურო!!! საეჭვოა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უკაცრავად, აწ უკვე „ახალი ეროვნული მოძრაობა“ ამას ოდესმე მიხვდეს.

ჩვენში დარჩეს და, ძველი საქონლის ახლად გასაღება თუ შესაღება არაკეთილსინდისიერ ქმედებად ითვლებოდა აქამდე...

მარკესის ცნობილი ნაწარმოების ხსენება აქ უკვე ბანალურად მეჩვენება. საკმარისია სულ 2 სიტყვა და განწყობა სახეზეა – გამოცხადებული და სიკვდილი.

პოლიტიკური უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერის აზრით, ცნობა ნაციონალური მოძრაობის გარდაცვალების შესახებ მართლაც გადაჭარბებულია. მე კი ეს შეფასება კოლეგიალური სოლიდარობის გამოვლინება უფრო მგონია, ვიდრე რეალური ანალიზი...

საზოგადოების უმრავლესობის აზრით, პარლამენტის ექს–თავმჯდომარე იმ დღეს სწორედ ისე იღიმებოდა, ერთ გაცვეთილ კითხვას რომ შეეფერება – „რა გიხარია შე გაჭირვებულო, ცოცხალი რომ ხარო?“

ერთი სიტყვით,19 აპრილს, მარკ ტვენიც და მარკესიც სერიოზულ შარში იყვნენ, რომ არაფერი ვთქვათ ილია–აკაკის ტანდემზე პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ.

როცა პარტიაში ხიდჩატეხილობის პრობლემა დგას და, ამის გადაფარვის მიზნით, ილიას ციტირებ, ფაქტიურად, ხავსსაც ვეღარ ეჭიდები და ან ღორთან მიდიხარ ჯაგარზე, ანუ მუხასთან რკოსთვის... ესენიც ხომ კაცნი არიან – ადამიანები და ჭერში ბუზების თვლა თუ მათთვისაც მშობლიურია, შინაგან ხმას და ინსტინქტებს რა მოუხერხონ?..

როდესაც საუბარია პოლიტიკური ძალის პრესტიჟზე და გავლენაზე, მისი შეფასების ერთ–ერთი მთავარი კრიტერიუმი ნდობის ხარისხი და ადამიანურ რესურსია. აქცენტი ამოცანის შესაბამისად, კეთდება ან ხარისხზე, ან რაოდენობაზე, იქ უკვე დანარჩენი „მომყოლია“– თვისობრიობა, ფუნქციურობა და ა.შ.

იმ დღეს ბაქრაძისთვის მნიშვნელოვანი იყო აქციის მხარდამჭერთა ხარისხი, ვაშაძისთვის – რაოდენობა, რა თქმა უნდა, მიკროფონის და სმენადობის ხარისხის პარალელურად, რადგან ჩვენს თვალწინ დაიბადა „ნაციონალური მოძრაობის“ , უკაცრავად, „ახალი ეროვნული მოძრაობის“ ახალი სპიკერი, რაც არც ისე მოეწონებოდა გიგის, რომლისთვისაც, თავის მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი სხეულის პარამეტრები და კმაყოფილი ჯალაბია.

ჯალაბი ვახსენე და აქვე ვიტყვი, რომ დავით ბაქრაძის მეუღლისთვის მისი მეუღლე და ქვეყნის ევროპული კურსი ერთ რანგში მოიაზრება, რასაც ვერ ვიტყვით ქალაქის მერის მეუღლეზე, რომელსაც სულ აღარ სცემს პატივს პატრული და მართვის უფლების ჩამორთმევას უბედავს. პოლიტიკური დევნაა, აბა რა ჯანდაბაა? დიდი ამბავი, თუ ლელა კილაძე, თავისი ნამთვრალევი რეაქციით, ვინმე უდანაშაულოს გადაუვლის... ამ ქალაქში უარესებიც მომხდარა ჩინოსანთა მეუღლეების წყალობით, სურვილით და განკარგულებით.

ამ მასშტაბების მსხველპრშეწირვისგან დაგროვილი ქოლესტერინის და შლაკების შემდეგ, სულაც არ მიკვირს, რატომ დაუავადდა „ნაცმოს“, როგორც ცოცხალ წარმონაქმნს მთავარი საყრდენი ორგანო – ხერხემალი. მასაც კაი მსუყედ ნეგატიური მეუღლე ჰყავდა – ქალბატონი თაკო სალაყაიას სახით და სად იყო ნეტავ 19 აპრილს თაკო სალაყაია? ან ქვეყნის პირველი ლედი – სანდრა რულოვსი? ნაცმოს ყრილობა თუ სიამაყით გახსნა ნახევრადცარიელ სტადიონზე , რუსთაველზე, ასეთი გაჭირვების ჟამს, რანგით არ ეკადრებოდა მოსვლა თუ მორალურად არ შეეფერებოდა?

„ ...როდესაც კარტის თამაშს გიხსნიან, ერთ ჩამორიგებას ისე ჩამოარიგებენ, ტყუილად: წესები რომ ისწავლო და ნიუანსებში გაერკვე. წაგება და მოგება არ ითვლება. ცხოვრებაც ასე უნდა იყოს. ორ ყრად. ჯერ ვარჯიში, რომელიც „არ ითვლება“, მერე - ნამდვილი. სადაც ყველაფერი მკაცრად მოგეკითხება. '' /ჯემალ ქარჩხაძე/

არც ცხოვრებაა ორ ყრად და არც პოლიტიკა ცხოვრებაში.

აუცილებლად დგება დრო, როცა ყველაფერი მოგეკითხება და ამიტომაც იყო 19 აპრილი...

თუმცა, 19 აპრილამდე 1 ოქტომბერი იყო. თავის მოტყუება უბრალოდ ყველაზე დიდი ტყუილია და არა მაშველი რგოლი. ჰო, ტყუილს შეიძლება ლამაზი თვალები, მაგრამ, მაინც მოკლე ფეხები აქვს...

საკუთარი წარმოების რეჟიმის ეპოქაში, ეს ცოცხალი წარმონაქმნი ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. თუმცა, ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ თევზი თავიდან ლპება.

ჰოდა, იმ თავსაც მივადექით – მოღალატეები ვირთხებივით გაიქცნენო,არ დამალა რუსთაველზე ექსპრომტად შემოქროლვილმა სააკაშვილმა, – რითიც კიდევ ერთხელ თავად დაადასტურა, რომ ნაცმოძრაობა ამ ვირუსგადამტანი მღრღნელების სამჭედლოდ ჩამოყალიბდა.

მაშინღა მივხვდი, რატომ იყო ამ ღონისძიების სლოგანი „ ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!“

–"მინდა მადლობა ვუთხრა ყველა რიგით პოლიციელს ოპოზიციის მიტინგის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის. საკუთარი თვალით ვნახე, რომ მათ სანიმუშოდ დაიცვეს წესრიგი და აჩვენეს მაღალი დონის ორგანიზებულობაო, – ზუსტად ასე თქვა ნაცების პრეზიდენტმა და ეს მის მეგობარ ვანოს არ ეწყინებოდა? აბა ვანოს რომ მისი „საკუთარი პროექტი“ დემორალიზებული და დეგრადირებული ეჩვენება? მაგრამ რა ქნას ვანომ, თუ კონტრაქტს მეგობრობაზე 20 წლიანი გარანტია აქვს?

ერთი სიტყვით, 19 აპრილით მიშაც კმაყოფილია, ბიძინაც, თვით რიჩარდ ნორლანდიც და აბა ვინ დარჩა უკმაყოფილო, ვერ გავიგე?

კიდევ იცით რა ვერ გავიგე? – რატომ აბრალებენ ნოდარ ხადურს გია ხუბუას უნივერსიტეტში აღდგენის ლობირებას? მოდი და გაიგე, ხადურს ყავს მტრები თუ ხუბუას – მოყვრები?

ეგეც არაფერი, მთავარია, გამგონმა გაიგოს, როცა ზურგს უკან შენზე კარგს ლაპარაკობენ, ეს კუბოში პირქვე წოლის პირველი სიმპტომია...

თუ საკუთარ ოცნებას შეგნებულად ღალატობთ, და თქვენი ოცნებები სხვას უსრულება, თავზე ნაცრის წაყრას აზრი აღარ აქვს, არც ნაცარში გაგორებას. არასოდეს დაუხშოთ საინფორმაციო ღრუ მათ, ვინც თქვენთვის თვალის ახელას ცდილობს. ხალხს არ უყვარს, როცა როცა დაპირებულ რაღაც–რაღაცეებს რაღაცნაირად აკეთებენ..

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...