კალაძის თქმით, მთავრობამ სკვერის მოწყობა მერიის მიერ ნებართვის გაცემამდე დაიწყო
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკვერის მოწყობა მერიის ნებართვის გარეშე დაიწყეს.
კალაძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციამ მერიისგან მშენებლობის ნებართვა ითხოვა, რაზეც მერიას ჯერ თანხმობა არ აქვს დაბრუნებული.
„მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო განცხადება ნებართვაზე პირველი კლასის მშენებლობაზე, რაც არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხიც იქნება დაბრუნებული. როგორც გითხარით, საუბარია სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული და ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკვერის მოწყობის საკითხით მანიპულირებენ, როცა მას საპროტესტო აქციებს უკავშირებენ.
„ყოველთვის ხდება მანიპულაცია ამგვარი თემით. მე მახსოვს, როდესაც დავიწყეთ პარლამენტის შენობის წინ არსებული სივრცის კეთილმოწყობა და მოწესრიგება, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა. საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს. ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება და გალამაზება. ამაში ცუდი არაფერია. კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ ეს რაიმესთან დააკავშირონ. ერთი მეუბნებოდა, რომ რიკოთის უღელტეხილი თურმე იმიტომ ჩაგვიკეტავს, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გვყავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.