კობახიძე „პალიტრას" დაფინანსებაში ცვლილებებზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მტკიცებულებები არ აქვს
მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტში „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ გამოთქმულ მის ბრალდებებთან დაკავშირებით ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა. კობახიძე ამბობს, რომ „პალიტრა მედიას“ დავით კეზერაშვილთან აქვს კავშირი.
„მე არ მაქვს მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია, მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენ ამ ჰოლდინგის პროგრამის შინაარსსა და მის ცვლილებას გასული 3 თვის განმავლობაში, აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ცვლილებებია განხორციელებული დაფინანსების ნაწილში. თუ ადრე „პალიტრა“ ცდილობდა პოზიციონირებას, როგორც ნეიტრალური მაუწყებელი, დღეს ის „ფორმულა 2“ გახდა. განსხვავება ამ ორის მაუწყებლობას შორის არსებითად აღარ არის. ეს ამყარებს ეჭვებს, რომ აქ ურევია კეზერაშვილის სისხლიანი ფული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ უკვე არაერთხელ გააჟღერა „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ ბრალდება დავით კეზერაშვილის მხრიდან „პალიტრა ჰოლდინგის“ დაფინანსებაზე. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მმართველმა პარტიამ მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანია მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.