თავდასხმიდან ექვს თვეში სალმან რუშდი ახალ რომანს აქვეყნებს
სამშაბათს, 7 თებერვალს, გამოქვეყნდება მწერალ სალმან რუშდის ახალი რომანი "გამარჯვების ქალაქი" - დაახლოებით ექვს თვეში მას მერე, რაც ნიუ-იორკის შტატში მყოფ მწერალს თავის ლექციაზე მამაკაცმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით. ეს თავდასხმა ფართოდ იქნა დაგმობილი, როგორც იერიში გამოხატვის თავისუფლებაზე.
თავდასხმის შედეგად 75 წლის რუშდიმ მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, მძიმედ დაუზიანდა მარცხენა ხელი. თავდასხმა მოხდა სამ ათწლეულზე მეტი დროის გასვლის შემდეგ მას მერე, რაც ირანმა მუსლიმებს რუშდის მოკვლა დაავალა, რელიგიური ლიდერების აღქმით, მკრეხელობისთვის მის 1988 წლის რომანში ,,ეშმაკეული აიები”.
რუშდის ახალ რომანს, რომელიც მწერლისთვის მეთხუთმეტეა, გამოსცემს Penguin Random House-ი. ფორმით ტექსტი ესადაგება თარგმანს მისტიკური ეპოსისა, რომელიც თავდაპირველად სანსკრიტზე დაიწერა და რომელიც ეხება ვიჯაიანგარის იმპერიას - ინდოეთის სუბკონტინენტის სამხრეთის დიდი ნაწილის მმართველს მე-14-ე საუკუნეში.
თავდასხმის შემდეგ რუშდის წერა უჭირდა და, როგორც ჟურნალ New Yorker-ს მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში უთხრა, კოშმარული სიზმრები ტანჯავდა. მასზე თავდამსხმელ კაცს, ჰადი მატარს, რუშდი ინტერვიუში იდიოტს უწოდებს.
"წავიკითხე მისი იდიოტური ინტერვიუ New York Post-ში", - ამბობს რუშდი, რომელიც ბომბეიში, მუსლიმ ოჯახში დაიბადა. "ასეთ [ინტერვიუს] მხოლოდ იდიოტი თუ მისცემდა", - დასძენს ის.
25 წლის მატარმა გამოცემას თავდასხმიდან მალე უთხრა, რომ, მისი აზრით, რუშდიმ ისლამი შეურაცხყო.
მას შემდეგ, რაც ირანის მაშინდელმა უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ რუშდის მკვლელობის მოწოდებით რელიგიური ედიქტი, ფატვა გამოსცა, მწერალი წლების განმავლობაში იმალებოდა, ბრიტანეთის პოლიციის დაცვის ქვეშ ბოლო წლებში ის უფრო ღიად ცხოვრობდა და ხშირად ჩნდებოდა ნიუ-იორკში.
თავდასხმის შემდეგ რუშდიმ ექვსი კვირა დაყო საავადმყოფოში და, როგორც ინტერვიუში ამბობს, კვლავაც ესაჭიროება ექიმების რეგულარული მეთვალყურეობა. რუშდი იმედს გამოთქვამს, რომ თავდასხმა არ დაჩრდილავს მის ახალ რომანს.
"ყოველთვის ვთვლიდი, რომ ჩემი წიგნები ჩემს ცხოვრებაზე საინტერესოა, - ეუბნება მწერალი გამოცემას და დასძენს, - სამწუხაროდ, მსოფლიო ამაში მგონი, არ მეთანხმება".
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.